Accessibility links

როგორი უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში?


უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის პროცესს საქართველოში თან ახლავს არაერთი კითხვა. ისინი, ძირითადად, იმ სტუდენტთა უფლებებსა და მომავალს უკავშირდება,

რომლებიც დღეს არააკრედიტებულ სასწავლებლებში სწავლობენ; საინტერესოა ისიც, თუ რამდენად გამოიწვევს აკრედიტაციის პროცესი მომავალ ეროვნულ გამოცდებზე სხვადასხვა სპეციალობაზე კონკურსის გაზრდას და, საერთოდ, რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებას ითხოვს დღეს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისგან.

უმაღლეს სასწავლებელს უნდა ჰქონდეს კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ი-სი-თი-ესის) შესაბამისი სასწავლო პროგრამები და გეგმები; 30 სტუდენტს უნდა ემსახურებოდეს არანაკლებ ერთი აკადემიური პერსონალი; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 25 სტუდენტისთვის უნდა იყოს ერთი პერსონალური კომპიუტერი მაინც; სასწავლებლის ბიბლიოთეკაში ერთ სტუდენტზე უნდა მოდიოდეს არანაკლებ 10 სახელმძღვანელო; სასწავლო-სამეცნიერო ფართი ერთ სტუდენტზე არ უნდა იყოს 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები; სასწავლებელს უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინტერნეტგვერდი – თუკი უმაღლესი სასწავლებელი ამ აუცილებელ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მას საქართველოში აკრედიტაცია მიენიჭება. აკრედიტაციის უქონლობის შემთხვევაში უმაღლესი სასწავლებელი მომდევნო სასწავლო წელს სტუდენტებს ვერ მიიღებს.

2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოში ფუნქციონირებს 117 აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი. 2007-2008 სასწავლო წლიდან 5 წლის ვადით აკრედიტებულის რეჟიმით ისარგებლებს 39 უმაღლესი სასწავლებელი. ანუ ამ დაწესებულებებს უფლება ენიჭებათ 2007-2008 სასწავლო წლიდან გამოაცხადონ სტუდენტთა მიღება. აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლები 5 წლის განმავლობაში ინარჩუნებენ სტატუსს. მომავალ ეროვნულ გამოცდებზე მისაღები ადგილების რაოდენობა იქნება 18743. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო ჩუბინიძე ჩემი შეკითხვის პასუხად განმარტავს, რომ აკრედიტაციის პროცესი კონკურსის ზრდას არ გამოიწვევს:

[ჩუბინიძის ხმა]
“ფაქტიურად ეს პრობლემა დღევანდელ აბიტურიენტებს არ უდგას, რადგანაც 2005 წელს მისაღები კონტინგენტი განისაზღვრა 16500-მდე. 2006 წელს 19200-მდე იყო მისაღები კონტინგენტი. როგორც წარმოგიდგინეთ, მისაღები კონტინგენტი განისაზღვრა 18743. ფაქტიურად ეს პრობლემა არ დგას.”(სტილი დაცულია)

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას აბიტურიენტმა არ იცის, შეინარჩუნებს თუ არა ესა თუ ის სასწავლებელი აკრედიტაციას. რა ქნან იმ სტუდენტებმა, რომლებიც დღეს არააკრედიტებულ უმაღლესებში სწავლობენ? დადგენილი წესით, ისინი ორი წლის განმავლობაში ისარგებლებენ იმავე პირობებით, როგორითაც აკრედიტებული სასწავლებლების სტუდენტები. თუკი ამ ორი წლის განმავლობაში სასწავლებელი ვერ გაივლის აკრედიტაციას, მათ შეეძლებათ, გარკვეული წესის დაცვით, გადანაწილდნენ სხვა უმაღლესებში:

[ჩუბინიძის ხმა]
“სტუდენტთა მოძრაობის წესი დადგენილია. კონკრეტული უნივერსიტეტი ადგენს ასევე სტუდენტთა გადმოყვანის პირობას. შეიძლება იქ იყოს გასაუბრება. მოძრაობა დაშვებული იქნება მიმართულების ფარგლებში. ვთქვათ, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან გადავა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და ა.შ.”.

2004-2005 წლების აკრედიტაცია შედარებით მსუბუქი კრიტერიუმებით მიმდინარეობდა. მაშინდელი აკრედიტაციის ვადა არა ხუთი, არამედ ორი წელი გახლდათ.

2006 წლის 25 აპრილამდე აკრედიტაციის სამსახურს 64-მა დაწესებულებამ მიმართა, რომელთა ნახევარმაც ვერ გაიარა აკრედიტაცია. მათ შორის გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ვერ დააკმაყოფილა რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი, როცა ერთ-ერთის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაშიც კი მას აკრედიტაცია არ მიენიჭებოდა. კერძოდ, ტექნიკურ უნივერსიტეტს პრობლემა აქვს როგორც სასწავლო-სამეცნიერო ფართთან, აგრეთვე პროგრამებსა, სახელმძღვანელოებსა და კომპიუტერებთან დაკავშირებით.

რა იყო ძირითადი ბარიერი, რომელიც უმაღლესმა სასწავლებლებმა ვერ გადალახეს? განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის თანახმად, არააკრედიტებული სასწავლებლების ძირითად პრობლემას სასწავლო პროგრამები და სტუდენტთა შეფასების სისტემა წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG