Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელები ახალ კონგრესს ირჩევენ


აშშ-ში საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის რესპუბლიკური პარტია ვერ შეინარჩუნებს უმრავლესობას კონგრესში,

რომლის არჩევნებიც დღეს იმართება. როგორც არჩევნების წინა დღეს განაცხადა ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის, “პიუს კვლევითი ცენტრის” თანამშრომელმა, სკოტ კიტერმა: [კიტერის ხმა] “ეს არის ბრძოლა, რომელშიც მხარეებს წარმატების თითქმის თანაბარი შანსები აქვთ, მაგრამ დემოკრატები ჯერ კიდევ წინ არიან და, ვვარაუდობ, რომ მაინც გაიმარჯვებენ ძალიან მჭიდრო კონკურენციის პირობებში”.

კონგრესის არჩევნებში დემოკრატების გამარჯვებას კიდევ ბევრი ექსპერტი მოელის. ისინი ერაყის გაჭიანურებულ სამხედრო კამპანიას მიიჩნევენ რესპუბლიკური პარტიისადმი ამერიკელების მხარდაჭერის შესუსტების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. ამდენად, შემთხვევითი არ იყო, რომ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში (როგორც იცით, რესპუბლიკელი) გუშინაც, ანუ უშუალოდ არჩევნების წინ შეეხო ერაყის თემას. [ჯორჯ ბუშის ხმა] “მინდა იცოდეთ - თუ თქვენთვის საყვარელ ადამიანს სამხედრო ფორმა აცვია, თუ თქვენთვის საყვარელი ადამიანი ერაყშია - რომ არ გავაგზავნიდი თქვენთვის საყვარელ ადამიანს ერაყში, რომ არ მქონოდა რწმენა, რომ მიზანი კეთილშობილური და სამართლიანია, გამარჯვების მოპოვება კი - შესაძლებელი”.

რამდენად მისაღებია ამერიკელებისთვის რესპუბლიკელი პრეზიდენტის პოლიტიკა, დღევანდელი არჩევნებითაც გამოჩნდება. კენჭისყრის საბოლოო შედეგები ოთხშაბათს საღამოს არის მოსალოდნელი.

აშშ-ის კონგრესი შედგება სენატისგან, რომელსაც 100 წევრი ჰყავს და წარმომადგენელთა პალატისაგან - მასში 435 ადგილია. სენატს აკომპლექტებს 50 შტატის წარმომადგენელი ორ-ორი კაცი. არა აქვს მნიშვნელობა, რამხელაა შტატი, სენატში ყველას ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავს. ასე არ არის წარმომადგენელთა პალატაში: თითოეული შტატის მოსახლეობის რაოდენობაზეა დამოკიდებული, რამდენკაციანი დელეგაციითაა წარმოდგენილი 435-ადგილიან ორგანოში.

აშშ-ში 10 წელიწადში ერთხელ ითვლიან მოსახლეობას იმის დასადგენად, თუ რამდენკაციანი უნდა იყოს თითოეული შტატის წარმომადგენლობა კონგრესში.

კონგრესის ორივე პალატას ჰყავს ლიდერი, რომელიც, როგორც წესი, პალატაში უმრავლესობის მქონე პარტიის წარმომადგენელია. ამასთან, სენატის პრეზიდენტია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი. ის, ჩვეულებრივ, არ მონაწილეობს სენატის ყოველდღიურ მუშაობაში, მაგრამ აქვს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში, თუ ამის საჭიროებამ თავი იჩინა.

წარმომადგენელთა პალატის წევრს 2-წლიანი მანდატი აქვს, სენატორს კი 6-წლიანი მანდატი. მაგრამ სენატში მანდატები - ვადების მიხედვით - ისეა განაწილებული, რომ სენატის მანდატთა საერთო რაოდენობის მესამედის არჩევნები 2 წელიწადში ერთხელ იმართება. ასე რომ, კონგრესის არჩევნები ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ეწყობა და 4 წელიწადში ერთხელ ემთხვევა საპრეზიდენტო არჩევნებს. როცა საკანონმდებლო არჩევნები პრეზიდენტის მმართველობის 4-წლიანი ვადის შუაში ეწყობა, როგორც ახლა, მას “შუალედურს” უწოდებენ.

აშშ-ის კონგრესი ახალი შემდგენლობით იანვარში შეუდგება მუშაობას. ევროპული დემოკრატიული ქვეყნებისაგან განსხვავებით, აშშ-ს არ გააჩნია ზემო და ქვემო პალატები: სენატი და წარმომადგენელთა პალატა თანასწორუფლებიანები არიან, მათი ამოცანებია განსხვავებული: დავუშვათ, სახელმწიფოს ხარჯებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება წარმომადგენელთა პალატიდან უნდა მომდინარეობდეს, ხოლო სენატს ევალება გადაწყვეტილებათა მიღება პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანდიდატებზე, იქნება ეს მთავრობის ახალი წევრი, ფედერალური მოსამართლე, თუ ელჩი. სენატისვე ამოცანაა საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება.

რაც შეეხება კანონის მიღების პროცესს - იმისთვის, რომ კანონპროექტი კანონად დამტკიცდეს, საჭიროა როგორც სენატის, ისე წარმომადგენელთა პალატის დასტური, შემდეგ კი კანონპროექტი უნდა გაეგზავნოს პრეზიდენტს, რომელსაც კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად 10 დღე ეძლევა. თუ პრეზიდენტმა არაფერი მოიმოქმედა - დავუშვათ, ვეტო არ გამოიყენა ამ 10-დღიან პერიოდში - კანონპროექტი ავტომატურად იქცევა კანონად.

კანონის მიღების პროცესს ბევრი საინტერესო დეტალი აქვს, მათ შორის ის, რომ კონგრესს შეუძლია გააუქმოს პრეზიდენტის ვეტო, რისთვისაც ორივე პალატაში ხმათა ორი მესამედი სჭირდება.

ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ კონგრესი აღჭურვილია ფედერალური მთავრობის წევრებისთვისა და ფედერალური მოსამართლეებისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების, ან, სენატის წევრთა, სულ ცოტა, ორი მესამედის მხარდაჭერის შემთხვევაში, მათი გადაყენების უფლებით. იმპიჩმენტი ამერიკის ისტორიაში ორად-ორ პრეზიდენტს გამოუცხადეს: ენდრიუ ჯონსონს 1868 წელს და ბილ კლინტონს - 1999-ში. მაგრამ არც ერთი მათგანი არ გადაუყენებიათ. პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი თვითონვე გადადგა 1974 წელს, როცა ნათელი გახდა, რომ მას, ე.წ. “უოტერგეიტის” სკანდალთან დაკავშირებით გამოუცხადებდნენ იმპიჩმენტს, რასაც მისი გადაყენებაც მოჰყვებოდა.
XS
SM
MD
LG