Accessibility links

logo-print

პოლიტიკური კრიზისი ყირგიზეთში


ყირგიზეთში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. 2 ნოემბრიდან ოპოზიციის ათასობით მომხრე მართავს საპროტესტო აქციას “თეთრ სახლთან” - ასე უწოდებენ ბიშკეკის შენობას,

რომელშიც ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მთავრობა არიან განთავსებული. ბოლო დღეებში უკვე ვიუწყებოდით, რომ დემონსტრანტები პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევს ადანაშაულებენ დაპირებული რეფორმების დაყოვნებაში და მოითხოვენ რეფორმების განხორციელებას, ან კიდევ ბაკიევის გადადგომას.

დღეს ყირგიზეთის რამდენიმე მომცრო ქალაქში ბაკიევის მხარდამჭერთა მომცრო გამოსვლებიც გაიმართა, დედაქალაქში კი - პრეზიდენტის მომხრეებისა და მოწინააღმდეგების შეტაკება მოხდა. ორმა ჯგუფმა (მათი დემონსტრაციები, თავდაპირველად, 500-მდე მეტრის დაშორებით იმართებოდა) ერთმანეთისაკენ წაიწია და ბოთლებისა და ქვების სროლა დაიწყო. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტთა გასაშველებლად.

პოლიტიკურ წრეებში საქმე შეხლა-შემოხლამდე არ მისულა, თუმცა დაძაბულობა სულ უფრო მწვავდება. ბიშკეკში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა ბაკიევმა ოპონენტებს შეახსენა, რომ აქვს პარლამენტის დათხოვის უფლება: [ბაკიევის ხმა] “მე მიზნად არ ვისახავ პარლამენტის დაშლას: ასეთი მიზანი არა მაქვს. ეს ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ კონსტიტუცია მანიჭებს ასეთ უფლებას. თუ ასეთი ვითარება გაგრძელდა და წინააღმდეგობა პარლამენტსა და აღმასრულეებელ ხელისუფლებას შორის არ მოგვარდა, მაშინც რა გამოსავალი რჩება პრეზიდენტს? უსასრულოდ ხომ ვერ ვუყურებ ასეთ ბაკხანალიას? მაშინ გადაწყვეტილება უნდა მივიღო”.

იქვე ბაკიევმა გამოთქვა რწმენა, რომ ყირგიზი ხალხი პრეზიდენტს ემხრობა. [ბაკიევის ხმა] “დღეს ხალხი არ აძლევს ცუდ შეფასებას ჩვენს მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი არასოდეს წავა პრეზიდენტ ბაკიევისა და პრემიერ-მინისტრ ყულოვის დამხობაზე”.

პრეზიდენტს ამ პრეს-კონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში შეიკრიბა დეპუტატების ნაწილი და შექმნა ე.წ. “დამფუძნებელი კრება” კონსტიტუციის ახალი პროექტის დასამტკიცებლად. კონსტიტუციის პროექტი დღეს გამოაქვეყნა საინფორმაციო სააგენტო “აკიმ” და მისივე ინფორმაციით, პროექტს ხელს აწერს 39 პარლამენტარი, ანუ ნახევარზე მეტი: სულ მათი რიცხვია 71. ამ, ოპოზიციური პროექტის მიხედვით, ახალი კონსტიტუცია გააფართოებდა პარლამენტის უფლებამოსილებებს და, სამაგიეროდ, შეზღუდავდა პრეზიდენტისას.

ამ უკანასკნელის რეაქციამ არ დააყოვნა: თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ბაკიევი ზემოხსენებული დამფუძნებელი კრების შექმნას უწოდებს “ძალაუფლების უზურპაციის” მცდელობას. იქვე ბაკიევი ოპონენტებს იწვევს მოლაპარაკების მაგიდასთან კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხების განსახილვევლად.

ორშაბათს თვით პრეზიდენტმაც წარადგინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც, პრეზიდენტის წარმომადგენელთა განმარტებით, ითვალისწინებს მმართველობის შერეულ, საპრეზიდენტო-საპარლამენტო ფორმას. მაგრამ ბაკიევის ოპონენტები ამ პროექტს უარყოფენ და საპარლამენტო რესპუბლიკის იდეას ემხრობიან. ამასობაში, ოპოზიციის მიერ დამფუძნებელი საბჭოს შექმნა გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრმა ყულოვმაც - ამას “სახიფათო პრეცედენტი” უწოდა. ეს კი არის კრიტიკა, რომელსაც მიუღებლად მიიჩნევს დამფუძნებელი კრების წარმომადგენელი - ამ გაერთიანების თავმჯდომარე, ოპოზიციონერი პარლამენტარი კუბატბეკ ბაიბოლოვი. მან ჩვენი რადიოს ყირგიზულ სამსახურთან ინტერვიუში აღნიშნა:

[ბაიბოლოვის ხმა] “ჩვენ არც გამოგვიცხადებია დამფუძნებელი კრება - კანონიერად. ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი. თუ კანონიერებაზე ვლაპარაკობთ, მაშინ უნდა დავუბრუნდეთ 2005 წლის 24 მარტს, როცა მთავრობის შენობა ძალის გამოყენებით იქნა აღებული”.
XS
SM
MD
LG