Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის მთავრობა განაგრძობს სხვაგვარად მოაზროვნეების დევნას


ბელორუსია რუსეთთან მეგობრობს, მაგრამ ბოლო ხანს

ამ ურთიერთობას ხინჯი შეეპარა. ქვეყნის პრეზიდენტი ლუკაშენკო თითქოს ცდილობს დასავლეთში გატეხილი სახელი კვლავ აღიდგინოს, თუმცა, ამასთან, ბელორუსიაში არ წყდება სხვაგვარად მოაზროვნეთა დევნა. პირველ ნოემბერს, მაგალითად, სასამართლომ წელიწად-ნახევრით ციხე მიუსაჯა ახალგაზრდა აქტივისტს დაურეგისტრირებელ ორგანიზაციაში მუშაობისთვის. ამ ფონზე, საერთაშორისო არენაზე ლუკაშენკოს მიერ ბოლო ხანს გადადგმული ნაბიჯები წინსვლად შეფასდა. მაგრამ ექსპერტები სვამენ კითხვას: შეიძლება კი მისი ნდობა, არის კი ბელორუსიის პრეზიდენტი გულწრფელი?
ახალგაზრდული ფრონტის ლიდერი ზმიცერ დაშკევიჩი დააკავეს და გაასამართლეს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც წელს, მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, შემოიღეს. ამ მუხლის თანახმად, მკაცრად ისჯებიან ისინი, ვისი აქტიურობაც “ხალხისა და საზოგადოების უსაფრთხოების წინააღმდეგაა მიმართული”. ოპოზიციური ორგანიზაციის - “ბელორუსიის სახალხო ფრონტის” - თავმჯდომარეს ვინცუკ ვიაჩორკას მიაჩნია, რომ 25 წლის დაშკევიჩის გასამართლება ჩვეულებრივი ამბავია რეჟიმისთვის, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული მიმართულებით დაძვრას არ აპირებს:

(ვიაჩორკას ხმა)
“დაშკევიჩის საქმე სხვათა გაფრთხილებას ემსახურება. ამ განაჩენში მოულოდნელი არაფერია, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ლუკაშენკოს, სულ მცირე, საჩვენებლად მაინც შეეძლო თავი ლიბერალად წარმოეჩინა, რაკი გაისად ეკონომიკური პრობლემების გამწვავება გარდაუვალია. მაგრამ მან გადაწყვიტა, ეს არ გააკეთოს და ბელორუსი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელოს. ეს ყველა ჩვენგანისთვის გამოწვევას ნიშნავს.”

რეჟიმი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გააქტიურდა. ათასამდე უფლებადამცველი გაასამართლეს და 15 დღემდე პატიმრობა მიუსაჯეს. ეს ტენდენცია შემდეგაც გაგრძელდა. დაშკევიჩისა და მსგავსი საქმეები ადასტურებს, რომ დამსჯელი მანქანა გამკაცრდა. საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს გამარჯვების შემდეგ, საპროტესტო გამოსვლებში აქტიურობის გამო, ივლისში ხუთ-ნახევარი წელიწადი მიუსაჯეს კაზულინს, ექვსი თვიდან ორ წლამდე საპატიმროში მოათავსეს არჩევნების დამოუკიდებელი მეთვალყურეები - ასტრეიკა, დრანჩუკი, ბრანიცკაია და შალაიკა - “მოქალაქეთა ინტერესებისა და უფლებების შელახვისთვის”. ბელორუსიის სოციალ- დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კაზულინს ახლა ანატოლ ლიაუკოვიჩი ცვლის. მისი თქმით, საზოგადოებრივი უკმაყოფილების ზრდის თავიდან ასაცილებლად, მთავრობა გააგრძელებს, ყოველგვარი გაუკონტროლებელი აქტიურობის ჩახშობას. მისივე თანახმად, ლუკაშენკოს რეჟიმისთვის რეპრესიებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს:

(ლიაუკოვიჩის ხმა)
“რეჟიმმა მძლავრი სიგნალი გაუგზავნა საზოგადოებას, რომ დაურეგისტრირებელ ორგანიზაციებს არა აქვთ მოქმედების უფლება. ახალგაზრდა და უფროსი ოპოზიციონერებისთვის ეს არის გაფრთხილება, რომ მათ ყველას დაიჭერენ. ეს ლოგიკა დამახასიათებელია რეპრესიული რეჟიმისთვის, რომელიც კიდევ უფრო გამკაცრდება, ვინაიდან თუკი სისუსტეს გამოიჩენს, დაიშლება.”

როგორც ვთქვით, ლუკაშენკო ამასთან ერთად ავლენს გარკვეულ სურვილს ლიბერალად წარმოჩნდეს. წელს მან დამოუკიდებელი პროფკავშირების რეგისტრაციაში გატარების გაიოლების შესახებ დეკრეტი გამოსცა, ოქტომბერში კი ჟენევაში მაღალი რანგის დელეგაცია მიავლინა ბელორუსიაში პროფკავშირთა უფლებების მეთვალყურეობის თაობაზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მოსალაპარაკებლად. ეს მოულოდნელად პროგრესული ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ ევროკავშირს არ განეხორციელებინა თავისი გეგმა და ბელორუსიისთვის არ გაეუქმებინა ევროკავშირის მიერ განვითარებადი ქვეყნებისთვის შემოღებული სავაჭრო შეღავათები. მინსკმა სხვა მხრივაც იაქტიურა ევროპასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ულაძიმირ კანაპლიოუ - პარლამენტის ქვედა, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე - მოსკოვში შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს რენე ვან დერ ლინდენს. ბელორუსია ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ამ ორგანიზაციაში არ შედის. და ლუკაშენკომ მინსკში სამხრეთ აფრიკის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრისას თქვა, რომ მისი ქვეყანა “არსებითად ახალ საგარეო პოლიტიკას აგებს.”
ზოგიერთი ბელორუსი მიმომხილველი ამტკიცებს, რომ ლუკაშენკოს ეს სიტყვები უფრო მეტია, ვიდრე მისი სხვა ცარიელი განცხადებები. ისინი ფიქრობენ, რომ შეიძლება ლუკაშენკო დასავლეთში თავისი ცუდი რეპუტაციის აღდგენას ცდილობდეს, რუსეთის გაზის მომავალი გაძვირებისა და მოსკოვთან ურთირთობის გაცივების ფონზე.
შეიძლება კი ლუკაშენკოს სიტყვების დაჯერება? ნიშნავს კი ბელორუსიაში პოლიტიკურ დათბობას მისი განცხადება, რომ ის “ახალ საგარეო პოლიტიკას” აგებს?
არა, - ამბობს ოპოზიციის ლიდერი მილინკევიჩი, რომელიც ლუკაშენკოსთან საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა. დაშკევიჩის ციხეში ჩასმა ადასტურებს, რომ ევროპა არ უნდა მიეცეს ილუზიას, თითქოს ლუკაშენკო დემოკრატიის გზას დასდგომოდეს:

(მილინკევიჩის ხმა)
“ეს განაჩენი არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ ის ყველა ბელორუსი ახალგაზრდის განაჩენია. ის კიდევ ერთი სიგნალია ევროპისთვის, რომელიც ფიქრობს: რა მოხდება, თუკი ლუკაშენკო შეიცვალა? შეიძლება მასთან თანამშრომლობა? იქნებ საჭიროა მას კარი ოდნავ გავუღოთ? ამ რეჟიმს არ ადარდებს თავისი დაპირებები და მათ შესრულებას სანახევროდაც არ აპირებს. არავითარი აზრი არა აქვს შეხვედრებს და თანამშრომლობას ამ რეჟიმთან, სანამ ის მცირე ხნით მაინც არ შეწყვეტს პოლიტიკურ დევნას.”

დაშკევიჩის პროცესის დროს 200-მდე ახალგაზრდა მივიდა სასამართლოს შენობასთან სოლიდარობის გამოსახატავად. უფლებადამცავი ლიუდმილა ჰრაზნოვა ამბობს, რომ ოპოზიციის მომხრეები ერთობ სუსტნი არიან საიმისოდ, რომ მმართველ რეჟიმზე გავლენა მოახდინონ:

(ჰრაზნოვას ხმა)
“თქმა არ უნდა, ეს მხარდაჭერა არასაკმარისი და ლოკალური ხასიათისაა. მის შესახებ მხოლოდ ჩვენ ვიცით, ბელორუსიის საზოგადოებისთვის ის უცნობია. ხალხმა არ იცის, რა ხდება მათ ქვეყანაში; ხალხმა არ იცის, რამდენი პოლიტიკური პატიმარია ციხეებში.”

და კიდევ ერთი კითხვა უნდა დაისვას: ემუქრება ბელორუსიის ოპოზიციას გაქრობა, როგორც ამას ლუკაშენკო წინასწარმეტყველებდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, თუ ის მზარდ იზოლაციაში მყოფი უკმაყოფილო და უიმედო მოქალაქეების ჯგუფად იქცევა?
1997-98 წლებში 18 თვე გაატარა ციხეში პრეზიდენტის საწინააღმდეგო გრაფიტის დაწერის გამო ალიაქსეი შიდლოვსკიმ. ის ფიქრობს, რომ ოპოზიციის აქტივისტებმა თავიანთი საქმე უნდა გააგრძელონ მაშინაც კი, თუ მათ ციხეში გაგზავნიან.

(შიდლოვსკის ხმა)
“9 წლის წინ მეც დაშკევიჩის მდგომარეობაში ვიყავი. კაცმა ფეხქვეშ სიმყარე უნდა შეინარჩუნოს და მაგრად იდგეს, რადგან ციხე ციხეა და კაცი მის კანონებს უნდა შეეგუოს, გამოსვლის შემდეგ კი თავი ისე იგრძნოს, თიქოს არაფერი მომხდარიყოს.”

დღესდღეობით ბელორუსიის ოპოზიციას სხვა არა დარჩენია რა, თუ არა ის, რომ მისდიოს სტოიცისტური სიმამაცისაკენ შიდლოვსკის მოწოდებას.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG