Accessibility links

logo-print

პოლიტიკური ვნებათაღელვა საქართველოს სახალხო დამცველის ირგვლივ


საქართველოს პარლამენტში სულ მალე, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვისას, მოსალოდნელია სერიოზული დაპირისპირება, რაც,

პარლამენტარ ელენე თევდორაძის ვარაუდით, შესაძლოა, ომბუდსმენის მიმართ უნდობლობაშიც გადაიზარდოს. ასეთი ვარაუდის წინაპირობას იძლევა სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელობის საჯარო დაპირისპირება სახალხო დამცველთან, უკმაყოფილება საპარლამენტო უმრავლესობისა, რომელიც სახალხო დამცველს სუბიექტურობაში ადანაშაულებს და, კონტროლის პალატის დასკვნაზე დაყრდნობით, სახალხო დამცველის ოფისის მიერ საბიუჯეტო თანხების არაკანონიერად ხარჯვის თაობაზე პრესით გავრცელებული სკანდალური ინფორმაცია.

საქართველოს სახალხო დამცველის 600 გვერდიანი ანგარიში, რომელიც 2006 წლის პირველ ნახევარში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას ასახავს, პარლამენტში ოქტომბრის ბოლოს შევიდა. როგორც სახალხო დამცველმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ანგარიშში ასახულია ყველა ის გახმაურებული შემთხვევა, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. შესაბამისად, სოზარ სუბარი დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში:

[სოზარ სუბარის ხმა] ”ყოველთვის, თუ რაიმე არასწორს გავაკეთებ, მზად ვარ, რომ ბოდიში მოვიხადო. ოღონდ, უბრალოდ, უნდა განმიმარტონ, რომ, მაგალითად, რობაქიძე მკვდარია? ვიცით, რომ მოკლულია. რობაქიძის მეგობრები რომ დაიჭირეს და მერე გაათავისუფლეს, ვიცით. იქ რომ ფალსიფიკაცია მოხდა მტკიცებულობების, ვიცით. იქ რომ იარაღები ჩაუდეს, ვიცით! რატომ არ ისჯებიან ის პოლიციელები, რომლებიც ამ უკანონობას სჩადიოდნენ? და ესეთი საქმეები არის ძალიან ბევრი.”(სტილი დაცულია)


სახალხო დამცველის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობის უკმაყოფილება გააღრმავა სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულმა სატელეფონო ჩანაწერმა, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი ერთ-ერთი კოლონიის თანამშრომლებს, თითქოსდა პროვოკაციის მიზნით, ქრთამს სთავაზობდა. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ნიკა გვარამიამ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ სახალხო დამცველის მუშაობა დავიდა სასჯელაღსრულებითი სისტემის ხელმძღვანელთან დაპირისპირებამდე. გვარამიას თქმით, სოზარ სუბარის საქმიანობაში არის უფრო აუხსნელი მომენტებიც, რაც კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის დის, ეჭვმიტანილი ნორა კვიციანის, თავდებობას ეხება:

[ნიკა გვარამიას ხმა] ”მე არა მგონია, რომ ეს თავდებობა ეხებოდა ისეთ ადამიანს, სადაც ყველაფერი შეიძლებოდა წინასწარ სცოდნოდა ბატონ სოზარს. ყველას გავახსენებ, რომ ეს ემზარ კვიციანის დაა, რომელიც ეხლა რა განცხადებებს აკეთებს, გასაგებია ყველასთვის, და ეს უბრალო დაძმობა არ არის და ისინი თანამოაზრეები იყვნენ იმ საქმეში, რომელსაც ემზარ კვიციანი ეწეოდა.”(სტილი დაცულია)

სახალხო დამცველის მიმართ უმრავლესობის კრიტიკას დაემთხვა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით გავრცელებული ცნობა კონტროლის პალატის მიერ სახალხო დამცველის აპარატში აღმოჩენილი ფინანსური დარღვევების შესახებ. ფრაქცია ”ახალი მემარჯვენეების” წევრი მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სახალხო დამცველის გადაყენებისათვის ნიადაგს ამზადებს:

[მანანა ნაჭყებიას ხმა] ”ის, რომ კონტროლის პალატამ შეამოწმა სახალხო დამცველის აპარატი, მაშინ როცა ჩვენი თხოვნით კონტროლის პალატა არ ამოწმებს თავდაცვის სამინისტროს, არ ამოწმებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებისათვის სოზარ სუბარი არ არის მისაღები, ის საკმაო დისკომფორტს უქმნის. და იმ ადამიანს და იმ უწყებას, ვინც ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის, თავიდან იცილებენ.” [სტილი დაცულია]

მაგრამ, როგორც 6 ნოემბრის პარლამენტის ბიუროზე აღმოჩნდა, სოზარ სუბარს მხარდამჭერები არა მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობაში ჰყავს, არამედ - უმრავლესობაშიც. მათ შორის არის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე, რომელიც არ გამორიცხავს, რომ სახალხო დამცველი აიძულონ თანამდებობა დატოვოს:

[ელენე თევდორაძის ხმა] ”შეიძლება სოზარი მართლა მიიყვანონ იმ დონემდე, რომ თვითონ გადადგეს. მაგრამ თუ ეს არ გააკეთა და ფაქტზე, დანაშაულის ფაქტზე არ დააკავეს, და თუ, მაპატიეთ, და არ გარდაიცვალა, ვერანაირად ვერ შეძლებს იგივე უმრავლესობა, დააყენოს მისი გადადგომის საკითხი.”[სტილი დაცულია]

მაგრამ იმ პარლამენტარებს, რომლებიც სახალხო დამცველის საპარლამენტო მოსმენაზე პოლიტიკურ სკანდალს გეგმავენ, ელენე თევდორაძე ერთ-ერთი უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგს შეახსენებს:

[ელენე თევდორაძის ხმა] ”შეკითხვაზე, უფლებებთან დაკავშირებით ვის ენდობით, სახალხო დამცველის ნდობის მიმართ არის 20 % და პარლამენტის მიმართ, აი, ამ საკითხში, არის 3 %.”[სტილი დაცულია]

სახალხო დამცველის სადავოდ ქცეული ანგარიშის განხილვა პარლამენტში, სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ იგეგმება, როდესაც სოზარ სუბარი ევროპული ტურნედან დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG