Accessibility links

logo-print

”24 საათი” ცდილობს გაარკვიოს, რა სარგებლობა მოაქვს საქართველოს ყოფნა-არყოფნას დსთ-ში.


”24 საათი” ცდილობს გაარკვიოს, რა სარგებლობა მოაქვს საქართველოს ყოფნა-არყოფნას დსთ-ში. პუბლიკაციის ავტორი იხსენებს, რომ ოპოზიცია უკვე მერამდენედ და ჯიუტად

ითხოვს საქართველოს გამოსვლას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან და რომ ხელისუფლებაც ასევე ჯიუტად აცხადებს უარს; ამასთან, ”არც აკონკრეტებს იმ არგუმენტებს, რის გამოც საქართველოს ამ მკვდარი და სრულიად უვარგისი ორგანიზაციიდან გამოსვლა არ შეუძლია.” “მჭრელი არგუმენტები არც ოპოზიციას აქვს - ვერც ის აზუსტებს, თუ რატომ არის დღეს ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დსთ-ს დატოვება, - წერს ავტორი და განაგრძობს, - შთაბეჭდილება რჩება, რომ დსთ-ს თემა პოლიტიკურ დებატებში მაშინ ამოტივტივდება, როცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დისკუსიის გასაგრძელებლად სხვა თემების მოფიქრება ჭირს.”

პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ ოპოზიცია სრულიად გულგრილად შეხვდა რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხს და სამშვიდობოების გაყვანასთან დაკავშირებულ დადგენილებას, სამაგიეროდ, დსთ-დან გამოსვლას პერიოდულად სრულიად არაადეკვატური დაჟინებით ითხოვს. რაც შეეხება ოპოზიციის ყველაზე მთავარ არგუმენტს - კონფლიქტის ზონებიდან დსთ-ს მანდატის ქვეშ მყოფი რუსი ცისფერჩაფხუტიანების გაყვანის დაჩქარების შესაძლებლობას, ავტორის ინფორმაციით, თანამეგობრობიდან გამოსვლა ამისთვის საკმარისი სულაც არ იქნება. ”ამ პროცესს ერთადერთი რამ დააჩქარებს - საერთაშორისო საზოგადოების მზადყოფნა, მოხდეს სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაცია. სანამ ეს მზაობა არ იარსებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში, დსთ-დან გასვლა-არგასვლა არაფერს შეცვლის,” - ვკითხულობთ ”24 საათში”.

”რეზონანსი” ბეჭდავს ინტერვიუს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან. ”არ ვიცი, ის ნაღმი, რომელიც კოდორშია, როდის აფეთქდება. თუმცა სიტუაციის ესკალაცია რთული არ არის, რადგანაც ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული, რომ ეს ურთიერთობა უფრო დაიძაბოს... სიტუაციის დაძაბვით დაინტერესებულნი არიან გარეშე ძალებიც,” - ამბობს შამბა და ”ავის მოსურნეებს” ხედავს როგორც თბილისში, ასევე - სოხუმში. დე ფაქტო მინისტრის თქმით, ქართული მხარე პროვოკაციებზე მიდის და ამის ერთ-ერთი დასტურია კოდორის ხეობაში ავტონომიური ხელისუფლების გადაყვანა. შეგახსენებთ, რომ ინტერვიუს სერგეი შამბასთან 7 ნოემბერს გამოსული გაზეთი ”რეზონანსი” ბეჭდავს.

”ახალი თაობა” ცხინვალის რეგიონში 12 ნოემბერს დაგეგმილ ალტერნატიულ არჩევნებზე მსჯელობს და გამოთქვამს იმედს, რომ ქართულ მხარეს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, დიმიტრი სანაკოევის, ნდობის რეალური საფუძველი აქვს. რეგიონში ”სიტუაციის შეცვლას ჩვენი ხელისუფლება დიმიტრის იმედით აპირებს, რომელიც ოდესღაც ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა. შემდეგ მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა. ლუდვიგ ჩიბიროვის დროს კი მის მთავრობაში ხან თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა, ხანაც - პრემიერი იყო. შემდეგ თანამდებობა დატოვა და ბიზნესში წავიდა. რამდენიმე წელი ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობდა. პოლიტიკურ სარბიელზე მოულოდნელად გამოჩნდა,” - იხსენებს პუბლიკაციის ავტორი, რომელიც ეჭვს სწორედ ამ ”მოულოდნელ გამოჩენასთან” დაკავშირებით გამოთქვამს. ”რამ აიძულა ერთ დროს ქართველების წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდა ქართველების საქმე გაეკეთებინა?” - ამ შეკითხვაზე ზუსტ პასუხს პუბლიკაციაში ვერ იპოვით. თუმცა ”ახალი თაობა” იმედოვნებს, რომ მათემატიკოსი დიმიტრი ამჟამად, მართლაც, პროქართული ორიენტაციისაა და რომ მისი გაპიარება ცუდად არ შემოგვიბრუნდება.
XS
SM
MD
LG