Accessibility links

logo-print

იმოქმედა თუ არა რუსეთის ხელისუფლების ანტიქართულმა პოლიტიკამ რუსეთის საზოგადოების დამოკიდებულებაზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი იმოქმედა თუ არა რუსეთის ხელისუფლების ანტიქართულმა პოლიტიკამ რუსეთის საზოგადოების დამოკიდებულებაზე საქართველოსა და ქართველების მიმართ?

რა გზით ჩამოდიან რუსეთის მოქალაქეები საქართველოში? რამ განაპირობა რუსეთის გადაწყვეტილება გაზარდოს გაზის საფასური? - გასული კვირის რუსეთის პრესა ამ კითხვებზე ეძებდა პასუხს. ამჯერად მინდა რუსეთის გაზეთებში გამოქვეყნებული რამდენიმე პუბლიკაცია გაგაცნოთ.

სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის ვალერი ფიოდოროვის ცნობით, მართალია, საქართველოს მიმართ რუსეთის მხრიდან გამოცხადებულ სანქციებს ქსენოფობიის აფეთქება არ მოჰყოლია, მაგრამ რუსეთის მოქალაქეების დამოკიდებულება საქართველოსადმი მაინც შეიცვალა. როგორც ფიოდოროვმა უთხრა ჟურნალ ”იტოგის”, ბოლო გამოკვლევის თანახმად, საქართველოს მიმართ კრემლის პოლიტიკას სავსებით უჭერს მხარს გამოკითხულთა მესამედი და მხოლოდ სამი პროცენტისთვისაა დაუშვებელი დისკრიმინაციული დამოკიდებულება ქართველების მიმართ, სატრანსპორტო მიმოსვლის შეწყვეტა საქართველოსთან და რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის ფაქტები. ამავე დროს, გამოკითხულთა 40 პროცენტი ხელისუფლების სანქციებს საკმარისად მიიჩნევს, ყოველი მეოთხე - არასაკმარისად, ხოლო ყოველი მერვე - გაუმართლებლად. ”კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი: საქართველოს მიმართ მკაცრი პოლიტიკის მომხრეები მოსკოველები და პეტერბურგელები არიან, რუსეთის მცირე ქალაქების მცხოვრებნი კი საქართველოსადმი უფრო ლოიალურად არიან განწყობილნი,” - წერს ჟურნალი ”იტოგი”.
რუსეთ-საქართველოს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის შეწყვეტის შემდეგ თბილისში მოგზაურობის პერიპეტიებს აღწერს რამდენიმე რუსული გაზეთი, რომელთა კორესპონდენტებმაც თბილისში, ვინ ბაქოსა და ვინ ტრაპიზონის გავლით, ჩამოაღწიეს. მაგალითად, ჟურნალ ”ოგონიოკის” სპეციალურმა კორესპონდენტმა თბილისში ჩამოსასვლელად თვითმფრინავი, ბორანი და ავტომობილი გამოიყენა: ჯერ სოჭში ჩაფრინდა, იქიდან - ტრაპიზონში გაემგზავრა, შემდეგ კი - ავტომობილით ჩამოვიდა თბილისში. როგორც იური ბესსონოვი წერს, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე თურქი მესაზღვრეები რუსული პასპორტის დანახვისას გაკვირვებას აღარ გამოხატავენ, საზღვრის საქართველოს მხარეს კი რუსეთის მოქალაქეს - განსაკუთრებით, ჟურნალისტს - მინიბრიფინგის გამართვა გარანტირებული აქვს: მესაზღვრეებს თუ მებაჟეებს აინტერესებთ, რა საფრთხე შეიძლება ელოდეს ქართველს მოსკოვში, - წერს ჟურნალისტი და გულწრფელად ამატებს, ამ კითხვაზე არც ვიცოდი, რა მეპასუხაო.
კიდევ ერთი კითხვა, რომელზეც პასუხი ჯერ არ არსებობს, რუსეთის გაზის ახალ შესაძლო ფასს ეხება. 7 ნოემბრის ინტერნეტგამოცემა ”პოლიტკომის” შენიშვნით, “გაზპრომის” ახალი ფასი საქართველოსთვის მოსკოვში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ვიზიტის უშედეგობის დემონსტრირებად უნდა ჩაითვალოს. ”ბეჟუაშვილმა ვერ მოახერხა პუტინ-სააკაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა. თუ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საიუბილეო სამიტი მინსკში მაინც შედგება, როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი, ასე ვთქვათ, ”არ შენიშნავს” თავის ქართველ კოლეგას,” - ასეთ პროგნოზს აკეთებს ”პოლიტკომი” და მკითხველს შეახსენებს შარშანდელ მოვლენებს, როცა მოსკოვმა უკრაინისთვის გაზის ფასად ასევე 230 დოლარი დაასახელა, მაგრამ როცა უკრაინაში გაზის იმპორტისთვის გაუგებარი ორგანიზაცია ”როსუკრ-ენერგო” ჩამოყალიბდა, ფასი კვლავ 95 დოლარი გახდა. გამოცემა არ გამორიცხავს, რომ საქართველოსთვის გაზის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება განპირობებული იყოს კრემლის სურვილით, საქართველოშიც მსგავსი სტრუქტურა - მაგალითად, ”როსგრუზ-ენერგო” - ჩამოყალიბდეს, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი კი, შესაძლოა, მხოლოდ ამ სქემის ამუშავებას ემსახურებოდეს.
XS
SM
MD
LG