Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების გამარჯვება ეჭვს აღარ იწვევს


შეერთებულ შტატებში გუშინ გამართული არჩევნების შედეგად უკვე გაირკვა, რომ მომავალი ორი წლის მანძილზე კონგრესში წარმომადგენელთა პალატას დემოკრატიული პარტია გააკონტროლებს.

მან უმრავლესობა მოიპოვა 435-ადგილიან ორგანოში. აშშ-ის კონგრესში წარმომადგენელთა პალატის გარდა სენატიც შედის და უკვე გაირკვა, რომ სენატშიც ბოლო მოეღო რესპუბლიკელების დომინირებას. თუმცა, ნიშნავს თუ არა ეს დემოკრატების უმრავლესობას, ჯერ გაურკვეველია: 100-ადგილიან სენატში მათ 50 მანდატი აქვთ, რესპუბლიკელებს - 49, ჯერ არ არის დადგენილი ვირჯინიის შტატში კენჭისყრის შედეგი.

ასეა თუ ისე, დემოკრატმა კონგრესმენმა კალიფორნიის შტატიდან, ნენსი პელოსიმ არჩევნების შედეგი ამერიკელი ხალხის გამარჯვებად შეაფასა, როცა გაირკვა, რომ დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს.


[ნენსი პელოსის ხმა] "ამ საღამოს ამერიკელმა ხალხმა დიდი გამარჯვება მოიპოვა! დღეს ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა ცვლილებას; ხმა მისცა დემოკრატებს, რომლებიც ქვეყანას ახალი მიმართულებით წაიყვანენ."

ნენსი პელოსი მალე წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება - პირველი სპიკერი ქალი აშშ-ის ისტორიაში. [ჯორჯ ბუშის ხმა] პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მას დღეს ვაშინგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამარჯვება მიულოცა, შეაქო დემოკრატების კარგად ორგანიზებული, დისციპლინირებული საარჩევნო კამპანია. [ჯორჯ ბუშის ხმა].

თუმცა, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს არც გაწბილება დაუმალავს თავისი რესპუბლიკური პარტიის წარუმატებლობის გამო.

[ჯორჯ ბუშის ხმა] ბუშმა აღიარა, რომ მასაც - როგორც რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელს - ეკისრება პასუხისმგებლობა არჩევნებში წარუმატებლობისთვის. მანვე აღნიშნა, რომ ახლა არჩევნების უკან მოტოვების დროა და საჭიროა დემოკრატებთან და დამოუკიდებელ კონგრესმენებთან ერთად მუშაობა ქვეყნის საკეთილდღეოდ. [ჯორჯ ბუშის ხმა]

ეჭვს არ იწვევს, რომ რესპუბლიკურ პარტიაში წარუმატებლობის მიზეზებზეც მსჯელობენ და ითვალისწინებენ არა მარტო არჩევნების, არამედ საზოგადოებრივი აზრის ბოლოდროინდელი გამოკითხვის შედეგებსაც: ისინი აჩვენებს, რომ დემოკრატების წარმატება, უწინარეს ყოვლისა, გამოიწვია ამომრჩევლის უკმაყოფილებამ რესპუბლიკური პარტიისა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ბუშის მოღვაწეობით. ამომრჩევლების თითქმის 60-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკელების წინააღმდეგ ხმის მიცემით სურდათ, ბუშის ადმინისტრაციისთვის ეთქვათ, რომ მხარს არ უჭერენ მის პოლიტიკას ერაყში.

უთუოდ არ არის შემთხვევითი, რომ დღეს, კონგრესის არჩევნების მომდევნო დღესვე - გავრცელდა ცნობა თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის გადადგომის შესახებ. ესეც ალბათ, კონგრესის არჩევნების შედეგად უნდა მივიჩნიოთ.

მიუხედავად წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების მიერ მოპოვებული უპირატესობისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბუშის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა ძირითადად უცვლელი დარჩება. აი, საშინაო პოლიტიკის საკითხებში კი - როგორიცაა, მაგალითად, გადასახადები, ჯანმრთელობის დაცვა, ბიუჯეტი და სხვა - პრეზიდენტს სულ უფრო მეტად მოუწევს დემოკრატების თვალსაზრისისთვის ანგარიშის გაწევა.
XS
SM
MD
LG