Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დათმობს თუ არა საქართველო ენერგეტიკულ აქტივებს გაზის დღევანდელი საფასურის შენარჩუნების სანაცვლოდ?


რუსეთის სახელმწიფო კომპანიამ ”გაზპრომმა” საქართველოსთვის გაზის ახალი საფასურის - 230 აშშ დოლარის - გამოცხადების შემდეგ ის პირობებიც გამოაქვეყნა,

რა შემთხვევაშიც შესაძლებელია შენარჩუნებულ იქნეს ბუნებრივი აირის დღევანდელი ფასი - 110 აშშ დოლარი.

ამის შესახებ 7 ნოემბერს ”გაზპრომის” გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრ მედვედევმა ისაუბრა. 8 ნოემბერს კი მედვედევის მოსაზრებებს საქართველოს პოლიტიკური წრეები და მთავრობის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. რას მოითხოვს ”გაზპრომი” და რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას?

როგორც ცნობილია, “გაზპრომის” მიერ საქართველოსთვის გაზის საფასურის 110 აშშ დოლარიდან 230-მდე შესაძლო გაზრდა თბილისში პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნიეს. საქართველოს ხელისუფლების ასეთი პოზიციით გაკვირვება ვერ დამალა რუსეთის სახელმწიფო კომპანია ”გაზპრომის” გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრ მედვედევმა 7 ნოემბრის საღამოს გამართულ ბრიფინგზე:

[ალექსანდრ მედვედევის ხმა] ”ჩვენ ვამბობდით, რომ 2007 წლისთვის ფასებს გადავხედავდით, ფასების მიმართ ჩვენი მიდგომის შესაბამისად, რადგან ჩვენ გადავდივართ კომერციულ ფასებზე ყველა კონტრაგენტ ქვეყნებთან. ამიტომ მე არ ვიცი, ვის დასჭირდა ქართული მხრიდან ეთქვა, რომ “გაზპრომმა” მაინცდამაინც ახლა მოითხოვა ფასის გაზრდა. კიდევ ერთხელ ყურადღება მიაქციეთ: პოლიტიკა იყო მაშინ, როდესაც იყო შეღავათიანი ფასები, ახლა წმინდა კომერციაა.”

ალექსანდრ მედვედევმა იქვე დასძინა: თუ საქართველო იმ აქტივებს დათმობს, რომლებზეც “გაზპრომმა” ადრე მიანიშნა, მაშინ გაზის ფასი ისეთი იქნება, როგორიც საქართველოს ეკონომიკას სჭირდებაო. “გაზპრომის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა, რომელ აქტივს გულისხმობდა, თუმცა მიანიშნა, რომ ეს ის აქტივია, რომელიც ადრე რუსულ-ქართულ მოლაპარაკებებზე განიხილებოდა. ასეთი კი ერთი აქტივია - საქართველოზე გამავალი მაგისტრალური გაზსადენი, რომელიც რუსეთს სომხეთთან აკავშირებს.

აღნიშნული მილსადენი სტრატეგიული მნიშვნელობისაა როგორც საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის, ასევე რუსეთისთვისაც, რომელსაც განზრახული აქვს კასპიის ზღვის რეგიონიდან და ირანიდან ევროპაში გაზის ერთადერთ ექსპორტიორ სუბიექტად ჩამოყალიბდეს.

[დავით გამყრელიძის ხმა] ”ნებისმიერი საუბარი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო გაცვლაზე, გადაცემაზე, გასხვისებაზე არის კაპიტულაციის ტოლფასი და მთელი ეს ბრძოლა თავისუფლებისთვის იქნება წყალში გადაყრილი.”

8 ნოემბერს “ახალი მემარჯვენეების” ლიდერის დავით გამყრელიძის ამ განცხადებით დაიწყო საქართველოს პარლამენტის სესია და ანალოგიური შინაარსის განცხადება თითქმის ყველა საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელმა გააკეთა. შეშფოთებული დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დააიმედა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არანაირი გადაწყვეტილება გაზსადენის გასხვისებაზე, მისი ნაწილის ან მთლიანად გადაცემაზე რუსეთისათვის არც გაზის საფასურად და არც არაფერ სხვის საფასურად არ იქნება. ეს ერთმნიშვნელოვანია.”

რუსეთთან მსგავს ვაჭრობაში რომ არ ჩაერთვებიან, ეს საქართველოს მთავრობის სხდომაზეც ითქვა. პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ”გაზპრომის” წინადადებები ”პოლიტიკური შანტაჟია”. იგივე გაიმეორა რეფორმების სფეროში სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემაც, რომელიც მანამდე მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების აქტიური მომხრე იყო:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”არავითარი გარიგება, რომელიც დაკავშირებულია აქტივებთან და, ამავე დროს, გაზის ფასთან, არ შედგება, არ შედგება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ შედგება რამდენიმე მიზეზის გამო. ყველაზე მთავარი მიზეზი არის ის, რომ შანტაჟის პირობებში გარიგებების დადება არის ძალიან ცუდი. საქართველოს მთავრობას ეს ესმის...”

საქართველოს ხელისუფლებაში იმასაც აცხადებენ, რომ საქართველოს კომპანიები “გაზპრომისგან” ბუნებრივ აირს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენენ, თუ გაზის ფასი ერთნაირი იქნება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის.

ასეთ შეთანხმებას ქართულმა და რუსულმა მხარეებმა ჯერ კიდევ 1 წლის წინ მიაღწიეს. ახლა ოფიციალური თბილისი მოსკოვს ამ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და ბუნებრივი აირის სხვა ალტერნატიულ მომწოდებლებს დაეძებს.
XS
SM
MD
LG