Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეაქციები რამსფელდის გადადგომაზე


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან დონალდ რამსფელდის გადადგომას განსახვავებული რეაქციები მოჰყვა მთელ მსოფლიოში.

რამსფელდის გადადგომა უშუალოდ მოჰყვა კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელთა დამარცხებას, რაც სავსებით ლოგიკურია: არჩევნები ხომ, ფაქტობრივად, ერაყში ომის თაობაზე რეფერენდუმს წარმოადგენდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ოთხშაბათს ვაშინგტონში გამოაცხადა რამსფელდის გადადგომის შესახებ:

[ბუშის ხმა] "დონ რამსფელდი შესანიშნავი ლიდერი იყო ცვლილებების პერიოდში. ამასთან, იგი აფასებს ამ ომის კრიტიკულ პერიოდში ახალი თვალთახედვის შემოტანას. დონ რამსფელდი პატრიოტია, რომელიც ღირსეულად და წარმატებულად ემსახურა ჩვენს ქვეყანას. ის არის სანდო მრჩეველი და მეგობარი და მე მისი დიდად მადლიერი ვარ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის."

ამ განცხადების წინ კი რესპუბლიკელებმა მწვავე მარცხი განიცადეს 7 ნოემბრის არჩევნებში, რომელმაც დემოკრატებს უმრავლესობა მოუპოვა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც.

რამსფელდის გადადგომას სხვადასხვა სახის რეაქცია მოჰყვა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ჯონ ჰოვარდმა სიმპათია გამოუხატა მას და აღნიშნა, რომ მისი სახელი გაიგივებულია ერთობ სადაო გადაწყვეტილებასთან, ბაღდადის დაცემიდან ცოტა ხნის შემდეგ ერაყის არმიის დაშლის თაობაზე.

მაღალი შეფასება მისცა რამსფელდს ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმაც. მან ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა:

[კარზაის ხმა] "ბატონ რამსფელდის გადადგმომა მათი გადაწყვეტილებაა და ჩვენ პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებებს. მაგრამ ბატონი რამსფელდი არის ავღანეთის მეგობარი, კარგი მოკავშირე და მხარდამჭერი ტერორიზმის წინააღმდეგ ომში. მე დიდ პატივს ვცემ მას. იგი ძალიან მცოდნე, გონიერი და მტკიცე ადამიანია. ვამაყობ, რომ ჩემი მეგობარია."

მაგრამ თავი არც რამსფლდის კრიტიკოსებს შეუკავებიათ კომენტარებისგან.

შეერთებული შტატების სენატორის, ჯონ მაკკეინის თქმით, რომელსაც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევენებში რესპუბლიკელთა ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად განიხილავენ, რამსფელდის გადადგომის აუცილებლობა დიდი ხანია მომწიფდა.

[მაკკეინის ხმა] "ჩვენ შორის ბევრნი დიდი ხნის მანძილზე გამოხატავდნენ რამსფელდის მიმართ უნდობლობას. მეც, მათ შორის. მაგრამ ამავე დროს პატივს ვცემდი პრეზიდენატის უფლებას, აირჩიოს თავისი გუნდი."

მართლაც, კონგრესის არჩევნებზე, რომლის მთავარი საკითხი ერაყში ბუშის სტრატეგიის ავკარგიანობა გახლდათ, რამსფელდის სახელი საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული.

ოპოზიციური დემოკრატიული პარტია ისევ და ისევ ითხოვდა მის მოხსნას. წარმომადგენელთა პალატის მომავალმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვების უმალ გაიმეორა ეს მოთხოვნა.

[პელოსის ხმა] "პრეზიდენტისგან უნდა წამოვიდეს სიგნალი მიმართულების შეცვლის თაობაზე. მას კარგად შეეძლო დაეწყო იმით, რაშიც არა მხოლოდ დემოკრატები და ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი, არამედ სამხედროებიც ერთსულოვანნი არიან: უნდა შეიცვალოს პენტაგონის სამოქალაქო ხელმძღვანელობა. ეს ერაყის საკითხში ახალი იდეებისთვის გახსნილობის ნიშანი იქნებოდა."

რამსფელდის გარშემო დიდია ხანია დავა იყო როგორც მისი პოლიტიკის, ისე ხელმძღვანელობის სტილის გამო.

მომხრეების აზრით, იგი მტკიცე ხასიათის ლიდერი და სტრატეგი არის. მან დიდი როლი ითამაშა 11 სექტემბრის შემდეგ შეერთებული შტატების არმიის კონცეფციის განახლებაში.

მოწინააღმდეგეები კი მას სწორედ ხელმძღვანელობის უნარს უწუნებენ. მათი აზრით, იგი წესიერად არ უსმენს სამხედრო მეთაურებს და არ დაინტერესებულა, რამდენად საჭირო იყო ერაყში ინტერვენცია. ისინი ასევე მიუთითებენ იმაზე, რომ ერაყსა და ავღანეთში სადამ ჰუსეინისა და თალიბანის წინააღმდეგ იოლი გამარჯვებების შემდეგ ძალადობა კვლავაც გრძელდება.
XS
SM
MD
LG