Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება


პენტაგონს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება: აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მიიღო თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდის გადადგომა და მის თანამდებობაზე რობერტ გეიტსის კანდიდატურა წარადგინა.

გეიტსი - ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი - შთამბეჭდავი სტაჟით და გამოცდილებით გამოირჩევა, 5 პრეზიდენტის მმართველობას მოესწრო. მასზე გავრცელებულ ინფორმაციაში ისიც არის აღნიშნული, რომ რობერტ გეიტსი რამსფელდისაგან განსხვავებული მოღვაწეა. რით განსხვავდება ის თავისი წინამორბედისაგან და მოსალოდნელია თუ არა სამხედრო პოლიტიკური კურსის შეცვლა პენტაგონში ხელმძღვანელის შეცვლის კვლადაკვალ?

რამსფელდს, რომლის გადადგომის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, როგორც წესი, ნეოკონსერვატიზმის ერთგულ მიმდევრად მოიხსენიებენ, მოღვაწედ, რომელიც არც თუ იშვიათად ლაპარაკობს თავის პოლიტიკურ იდეალებზე და ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს. რობერტ გეიტსი კი პრაგმატიკოსად ითვლება - მოღვაწედ, რომელსაც ჩრდილში ყოფნა, საქმის ჩუმად კეთება ურჩევნია. როგორც იუწყებიან, გეიტს ბევრჯერ გაუკრიტიკებია ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკური კურსი ერაყში - მაგრამ ვიწრო წრეში და არა საჯაროდ.

გეიტსი 13 წელი იყო ჩამოცილებული პოლიტიკას, ბიზნესში მოღვაწეობდა, იყო ტეხასის უნივერსიტეტის პრეზიდენტი. რატომ სურს ვაშინგტონში დაბრუნება, ოთხშაბათს განუმარტა ჟურნალისტებს: [რობერტ გეიტსის ხმა] “იმის გამო, რომ ჩვენი ეროვნული და საშინაო უსაფრთხოება რისკის ქვეშაა, და იმის გამო, რომ ამერიკის ასე ბევრ შვილს ემუქრება საფრთხე, მე უყოყმანოდ მივიღე პრეზიდენტის წინადადება სამსახურში დაბრუნების თაობაზე”.


დონალდ რამსფელდის - ერაყში ომის კურსის მთავარი განმსაზღვრელის - გადადგომა - მიჩნეულია რესპუბლიკელების პირველ რეაქციად კონგრესის არჩევნებში დემოკრატების წარმატების შემდეგ, მათთან კონტაქტის გაუმჯობესების მიზნით. რესპუბლიკელთა მიმართ ამერიკელი ამომრჩევლის მხარდაჭერის შესუსტების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ხომ ერაყში ომი ითვლება.

როგორც ოთხშაბათს პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აღნიშნა: [ჯორჯ ბუშის ხმა] “ბობ გეიტსი თავდაცვის სამნისტროში ახლებურ პერსპექტივასა და ახალ იდეებს მოიტანს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ამერიკამ წარმატებას ერაყში. ბობმა იცის, როგორ უხელმძღვანელოს დიდ, კომპლექსურ ინსტიტუტებს, და როგორ მოამზადოს ისინი ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ცენტრალური სადაზერვო სამმართველოს ხელმძღვანელის რანგში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ის აშშ-ის ყველა საგარეო სააგენტოს ხელმძღვანელობდა”. ასე წარადგინა ჯორჯ ბუშმა გუშინდელ პერს-კონფერენციაზე რობერტ გეიტსი, რომელიც რამსფელდს შეცვლის თავდაცვის მინისტრის პოსტზე. თუმცა, საამისოდ მისი კანდიდატურა აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

რობერტ გეიტსი - ადრე საბჭოთა კავშირის საკითხების ექსპერტი - გასული საუკუნის 80-იან წლებში, უწინარეს ყოვლისა, ავღანეთის საკითხებზე მუშაობდა, კოორდინაციას უწევდა ამერიკის ძალსიმხევას, მიმართულს საბჭოთა კავშირის ჯარების განდევნისაკენ. რობერტ გეიტსი იყო ამჟამინდელი პრეზიდენტის მამის - პრეზიდენტ ბუშის მრჩეველი უშიშროების საკითხებში. 1991 წელს ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი გახდა. 2 წლის წინ მან უარი უთხრა ამავე პოსტის დაკავებაზე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს. ახლა კი, როგორც ცნობილია, უარი არ უთქვამს თავდაცვის მინისტრის პოსტზე.
XS
SM
MD
LG