Accessibility links

logo-print

ნენსი პელოსი: 5 შვილის დედა და წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე


აშშ-ის კონგრესის არჩევნების შედეგები უკვე დადგენილია: დემოკრატიულმა პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა კონგრესის ორივე პალატაში - როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში.

სხვათა შორის, პირველად ბოლო 12 წლის მანძილზე. ამავე არჩევნების შედეგია ერთი ისტორიული სიახლეც: წარმომადგენელთა პალატას პირველად ეყოლება თავმჯდომარე ქალი, ნენსი პელოსი.

2007 წლის იანვარში, როცა აშშ-ის კონგრესი ახალი შემადგენლობით შეუდგება მუშაობას, ნენსი პელოსი გახდება ყველაზე მაღალ პოსტზე არჩეული ქალი აშშ-ის პოლიტიკურ ისტორიაში. ეს მიღწევა მით უფრო შთამბეჭდავია, როცა იცი, რომ პელოსი 5 შვილის დედაა, უკვე ბებიაც და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში 47 წლის ასაკში ჩაება.

პელოსი 1940 წელს დაიბადა ქალაქ ბალტიმორში, წარმოშობით იტალიელი ამერიკელების ოჯახში, მამამისი ქალაქის მერი და ფედერალური კონგრესის წევრი იყო. თვით ნენსი კი, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პოლ პელოსიზე დაქორწინდა და კალიფორნიაში გადასახლდა. მრავალი წელი იყო დიასახლისი, ბავშვებს ზრდიდა, თუმცა პოლიტიკასთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია: სპონსორებს ეძებდა, ფულს აგროვებდა დემოკრატი კანდიდატებისთვის, ორგანიზებას უწევდა მათს საარჩევნო კამპანიებს. 1987 წელს კი, როცა კონგრესის ადგილობრივი წევრი გარდაიცვალა, საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა - წარმატებით, რომელიც მას შემდეგ აღარ მოჰკლებია.

ნენსი პელოსის დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც აფასებენ, უწინარეს ყოვლისა, კანონმდებელთა შორის ერთსულოვნების მიღწევის უნარის გამო. თუმცა, მას აკრიტიკებენ კიდეც - უწუნებენ ლიბერალურობას, რომელიც გამოიხატება თუნდაც 2002 წელს ერაყში სამხედრო კამპანიის დაწყების წინააღმდეგ გამოსვლით, ჰომოსექსუალთა ქორწინების მხარდაჭერით, იარაღის ხმარების უფლების შეზღუდვის მოთხოვნით.

მაგრამ ლიბერალის - ზოგი რესპუბლიკელის თვალში, ლამის, მემარცხენე ექსტრემისტის იმიჯს - ხელი არ შეუშლია ნენსი პელოსის კარიერისთვის. ახლა კი წინ, ფაქტობრივად, არაფერი უდგას პელოსის მიერ წარმომადგენელთა პალატის გაძღოლას და ამით - ძალიან გავლენიანი როლის შესრულებას: თუნდაც, საქმის გართულებას პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისთვის. მითუმეტეს, რომ აქამდე ნენსი პელოსი ბუშის ყველაზე თავგამოდებულ კრიტიკოსებს შორის იყო.

მაგრამ პელოსიმ, როგორც კი დემოკრატიული პარტიის საარჩევნო წარმატება გამოიკვეთა, აღნიშნა, რომ სულაც არ აპირებს ბუშთან დაპირისპირებას. ოთხშაბათს მათ, თვით პელოსის თქმით, სასიამოვნო სატელეფონო საუბარი ჰქონდათ. [პელოსის ხმა] “პრეზიდენტ ბუშთან სასიამოვნო საუბარი გვოქნდა. მან მომილოცა კიდეც. მე კი ვუთხარი, რომ მასთან სიამოვნებით ვიმუშავებ ორივე პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის წარმატება ყოველთვის კარგია ქვეყნისთვის, და იმედი მაქვს, რომ ვითანამშრომლებთ ამერიკელი ხალხის სასარგებლოდ”.

წარმომადგენელთა პალატაში ნენსი პელოსის მთავარი ფუნქცია იქნება იმ კანონპროექტების გატანა, რომელსაც მისი დემოკრატიული პარტია ემხრობა: პელოსი შეძლებს გადაწყვიტოს, რომელ კანონპროექტს განიხილავენ და რომელს არა. ეს ძალიან გავლენიანი როლია, რაც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ოთხშაბათს აღიარა კიდეც: [პელოსის ხმა] “კონგრესმენ პელოსის ვუთხარი, რომ მასთან და მის კოლეგებთან სიამოვნებით ვითანამშრომლებ მომავალი ორი წლისთვის საერთო ენის გამოსანახად. დემოკრატები, როგორც უმრავლესობის მქონე პარტია წარმომადგენელთა პალატაში, აცნობიერებენ, რომ ამ ახალ როლში მათ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ”.

ასე რომ, პრეზიდენტს მოუწევს, ძალიან სერიოზულად მოეკიდოს სტაჟიან პოლიტიკურ ოპონენტ ქალს, რომელსაც პრეზიდენტი წარსულში შემდეგი ეპითეტებით ჰყავს შემკული: “არაკომპეტენტური”, “მატყუარა”, “შიშველი იმპერატორი”.
XS
SM
MD
LG