Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიცვლება თუ არა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა კონგრესის არჩევნების შემდეგ?


რას მოასწავებს აშშ-ში კონგრესის არჩევნების შედეგები - დემოკრატების მიერ უმრავლესობის მოპოვება ორივე პალატაში - საქართველოსთვის?

მოსალოდნელია თუ არა რაიმე ცვლილება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება - ქვეყნის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე - განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს? ამ შეკითხვით მივმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების ქართველ ექსპერტს, გიორგი ხელაშვილს.

[გიორგი ხელაშვილის ხმა] “ალბათ, დიდ ცვლილებებს ნაკლებად უნდა ველოდეთ, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლება რჩება რესპუბლიკელების ხელში. ეს ერთი. და მეორე ის, რომ თვითონ დემოკრატებს ძნელი წარმოსადგენია, ხელში ძალაუფლება მთლიანადაც რომ აეღოთ ამ არჩევნების შედეგად, რომ ჰქონდეთ ძალიან კარგად განსაზღვრული საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები. ფაქტობრივად, ხმები, რომლებიც დემოკრატებმა მიიღეს, იყო ომის საწინააღმდეგო საპროტესტო ხმები ელექტორატიდან - ძირითადად, ახალგაზრდობის. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დემოკრატებს აქვთ ჩამოყალიბებული რაიმე კონკრეტული პოლიტიკა თუნდაც ერაყის მიმართ, რაც ყველაზე მტკივნეულია ამერიკის საგარეო პოლიტიკაში დღეს. ამიტომ, თუ პოლიტიკა შეიცვლება რაიმე მიმართულებით, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება თუნდაც ერაყში და, მითუმეტეს, კავკასიაში და პოსტსაბჭოთა სივრცესთან მიმართებაში”.

ასეთ შეფასებას იძლევა საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი, გიორგი ხელაშვილი, რომელსაც ისიც ვკითხეთ, მოასწავებს თუ არა შეერთებული შტატების კონგრესში უმრავლესობის გადასვლა დემოკრატების ხელში რაიმე ცვლილებას ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში:

[გიორგი ხელაშვილის ხმა] “დემოკრატების ხედვა შეიძლება უფრო მეტად იყოს კონცენტრირებული ადამიანის უფლებათა დარღვევაზე რუსეთის შიგნით და უფრო ნაკლებად, ვთქვათ, სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებზე. კიდევ მეორე მომენტია, რომ აქამდე, ვთქვათ, ამერიკის საგარეო პოლიტიკა რუსეთის მიმართ მეტწილად, რაც არ უნდა უცნაური იყოს, აწყობილი იყო ბუშისა და პუტინის პირად ურთიერთობებზე და ამიერიდან უკვე, ამ არჩევნების შემდეგ, დემოკრატიული კონგრესი გაცილებით უფრო მეტად ანგარიშვალდებულს გახდის ბუშის პოლიტიკას. მე არა მგონია, რომ დემოკრატებს ჰქონდეთ - ისევ ვიმეორებ - ჩამოყალიბებული პოლიტიკა. მე უფრო ვფიქრობ, რომ განმსაზღვრელი დემოკრატების პოლიტიკის იქნება ის, თუ რას გააკეთებს ბუში და მათი წინააღმდეგობა ბუშის ინიციატივების მიმართ”.

ამგვარად, ცვლილება ამერიკა-რუსეთის, ისევე როგორც ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში შესაძლოა მოხდეს, თუმცა მას დრო დასჭირდება, ამბობს საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი გიორგი ხელაშვილი.

ქართველი პოლიტოლოგის შეფასებას, რომ დემოკრატების მიერ გაკონტროლებულმა კონგრესმა, შესაძლოა, უფრო მკაცრად შეაფასოს რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები, არაერთი რუსი მიმომხილველი იზიარებს. ამ მოსაზრებას გამოთქვამენ პრესაში და ერთ-ერთი გამოცემის, “იეჟედნევნი ჟურნალის” სამხედრო-პოლიტიკურ ექსპერტ ალექსანდრ გოლცს მოსკოვში დაურეკა ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა. მან გოლცს ჰკითხა, რა პროცესია მოსალოდნელი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში: დათბობის, თუ პირიქით, გაუცხოების.
[გოლცის ხმა] “ვფიქრობ, ამ ურთიერთობაში გაციება უფროა მოსალოდნელი. რადგან ძნელი წარმოსადგენია, კონგრესის გამაკონტროლებელი დემოკრატები მიემხრონ რუსეთის ორი მთავარი სურვილის შესრულებას: კერძოდ, ჯეკსონ-ვენიკის შესწორების გაუქმებას და რუსეთის მიღებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში”.

რუსი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ დემოკრატების მიერ გაკონტროლებული კონგრესი არ დაუშვებს აშშ-ის დათანხმებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიღებაზე. დაბოლოს, რამდენიმე სიტყვა “ჯეკსონ-ვენიკის შესწორებაზე”, რომლის გაუქმებასაც რუსეთი მოითხოვს. ამ შესწორებით, რომელიც რუსმა ექსპერტმა ახსენა, ჯერ კიდევ 1974 წელს დაწესდა სავაჭრო შეზღუდვები საბჭოთა კავშირზე ზეწოლის მიზნით, რათა ებრაელებს ემიგრაციის უფლება ჰქონოდათ და საბჭოთა კავშირის დატოვება შეძლებოდათ.
XS
SM
MD
LG