Accessibility links

logo-print

დიმიტრი სანაკოევი: ”სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სტატუსი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში უნდა განისაზღვროს”


თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღე რჩება. დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის სერიოზულ კონკურენტად ითვლება სამხრეთ

ოსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი სანაკოევი, რომელიც ცხინვალის ხელისუფლებამ მტრად გამოაცხადა და ცხინვალში შესვლა და წინასაარჩევნო აგიტაცია აუკრძალა. ამის გამო სრულიად ლოგიკურად იბადება კითხვა, თუ ვინ არის დიმიტრი სანაკოევის ელექტორატი და როგორ აფასებს იგი საკუთარ შანსებს ამ არჩევნებზე. ამ შეკითხვით დავიწყე ინტერვიუ დიმიტრი სანაკოევთან, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატთან, რომელსაც 8 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო ”მარიოტში”, შევხვდი.

[დიმიტრი სანაკოევი] ”პირველ ყოვლისა, მე ვფიქრობ, რომ არჩევნები, რომელიც ედუარდ კოკოითის კონტროლირებად სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ტარდება, ეს არ არის ნამდვილი არჩევნები. იმიტომ რომ, სამხრეთი ოსეთი, თავის მხრივ, შედგება ადმინისტრაციული ერთეულებისაგან, - მათ შორის, ცხინვალისგან, - იმ ადმინისტრაციული ერთეულებისაგან, რომლებიც დღეს არ ემორჩილებიან ედუარდ ჯაბაევიჩს, იმიტომ რომ იქ ცხოვრობს ქართული მოსახლეობა. და მათ, პრაქტიკულად, როგორც ოსეთის, ისე საქართველოს მხრიდან,
იგნორირებას უკეთებდნენ იმ 16 წლის განმავლობაში, რაც რესპუბლიკის ჩამოყალიბება დაიწყო - უფრო სწორად, ყველა საარჩევნო პროცესის დროს, რაც კი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ტარდებოდა, მასში ქართული მოსახლეობა მონაწილეობას არ ღებულობდა. და მე დღეს ასეთი წინადადება მაქვს: იმისათვის, რომ ხალხის მიერ გამოცხადებულმა რესპუბლიკამ იარსებოს და მას ყველგან, მთელს მსოფლიოში, აღიარებდნენ, საჭიროა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მთელმა მოსახლეობამ მიიღოს. ამიტომ დღეს მე კენჭს ვიყრი ქართული მოსახლეობის მხრიდან და ვთვლი, რომ ეს სწორია. რადგან ისინიც ადამიანები არიან, ისინიც ხალხია, მათაც უნდათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, უნდათ თავიანთი სიტყვით გამოხატონ იმედი, რომ, ადრე თუ გვიან, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა გამთლიანდება და სამხრეთი ოსეთი, თავისთავად, ღირსეულ ადგილს დაიკავებს ჩრდლოეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის და ამიერკავკასიაშიც.”(სტილი დაცულია)

[კობა ლიკლიკაძე] ”ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გაზეთში მე თქვენი ინტერვიუ წავიკითხე, სადაც აცხადებთ, რომ დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მომავალს ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში ხედავთ. ნამდვილად ასეა? ინტერპრეტაცია ხომ არ არის?”

[დიმიტრი სანაკოევი] ” ეს არ არის ინტერპრეტაცია! მე სინამდვილეში ასე ვხედავ, რადგან მთელი მსოფლიო საზოგადოება ყველა ჩვენგანს გვეუბნება და, მათ შორის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ეუბნება, რომ სამხრეთ ოსეთის წარმოდგენა საქართველოს ტერიტორიული სივრცის მიღმა წარმოუდგენელია და არც შეიძლება, იმიტომ რომ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევა დღეს არც არავის უნდა და არც არის საჭირო სხვებისთვის ასეთი მაგალითის მიცემა. მე ვფიქრობ, რომ ერთიან საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ ღირსეული ადგილი უნდა დაიკავოს საკუთარი კონსტიტუციით, საკუთარი უფლებებით, საკუთარი სახელისუფლებო სტრუქტურებით. და, საერთოდაც, მე მინდა, რომ საქართველომ ნორმალურად და კარგად დაიწყოს ცხოვრება და არ ჰქონდეთ მათ არავითარი პრობლემა ნაციონალურ საკითხებში.”(სტილი დაცულია)

[კობა ლიკლიკაძე] ”ბატონო სანაკოევო, თქვენი უახლოესი თანამებრძოლი ვლადიმერ სანაკოევი არჩევნების დღეს სამხრეთ ოსეთში საბრძოლო შეტაკებებს წინასწარმეტყველებს. ეს პრევენციული ზომაა, თუ თქვენ მართლა ფლობთ რაიმე მგრძნობიარე ინფორმაციას ამის თაობაზე?”

[დიმიტრი სანაკოევი] ”იცით, ვარაუდი ყველაფრისა შეიძლება. შეიძლება ივარაუდო, მაგალითად, რომ ხვალ მიწისძვრა მოხდება, რომ რაღაც აპოკალიფსი იქნება. მაგრამ ეს ვარაუდია. მე არ მჯერა, რომ რაიმე მოხდება. თუ იმ ტერიტორიაზე, რომელიც კოკოითის კონტროლის ქვეშაა, რაღაც მოხდა, ეს იქნება უშუალოდ იმ ადამიანების ბრალი, რომლებმაც არ უზრუნველყვეს სათანადოდ არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება. ასევეა ქართული ანკლავების შემთხვევაშიც. წესრიგი მთლიანობაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ასეთი ღონისძიებები არჩევნებს ვერ ჩაშლის! არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარდება და არჩევნების გადატანა არაფერს კარგს არ მოიტანს. მე არავის არ ვემუქრები. მაგრამ არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში იქნება და ნებისმიერ შემთხვევაში ხალხი თავად უნდა გამოერკვეს.”(სტილი დაცულია)


[კობა ლიკლიკაძე] ”ამასთან ერთად, თქვენ მხარს უჭერთ იდეას, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებმა არ დატოვონ კონფლიქტის ზონა, რაც პოპულარობით არ სარგებლობს საქართველოში.”

[დიმიტრი სანაკოევი] ”დიახ. მე ვფიქრობ, რომ ქართულ მოსახლეობასაც და ოსურ მოსახლეობასაც, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს, სურს, რომ რუსეთის ჯარებმა, რომლებიც იქ იმყოფებიან, - და იქ მხოლოდ რუსი მშვიდობისდამცველები არ არიან, იქ მშვიდობისდამცველები საქართველოდანაც არიან, - ბოლომდე მიიყვანონ ის საქმე, რომელიც 1992 წელს დაიწყეს, იმიტომ რომ იმ ნაბიჯებმა, რაც სამხრეთ ოსეთში სამმხრივი სამშვიდობო ძალების შეყვანით გადაიდგა, ამ ნაბიჯებმა გაამართლეს. ყოველ შემთხვევაში, რაც მე ვიცი, 2004 წლამდე ამ ნაბიჯებმა მართლა გაამართლეს. რადგან მშვიდობისდამცველებს ყველა სახლში მშვიდობა შეჰქონდათ, შეჰქონდათ მშვიდობა და წესრიგი. მათი მეშვეობით დაიწყო სამშვიდობო საკითხების შეთანხმება. ბევრი რამ კარგი შეიძლება მათ დაუკავშირდეს, მაგრამ დღეს მათი იგნორირება ხდება, როგორც ოსური მხრიდან, ისე, სამწუხაროდ, საქართველოს მხრიდან.”(სტილი დაცულია)

[კობა ლიკლიკაძე] ”თუ თქვენ პრეზიდენტი გახდებით, განა თავისთავად არ დადგება საკითხი - საჭიროა თუ არა სამშვიდობო ძალები?”

[დიმიტრი სანაკოევი] ”ისინი ნებისმიერ შემთხვევაში საჭირო იქნებიან. რადგან მაშინაც კი, თუ მე პრეზიდენტი გავხდები, სამშვიდობო პროცესის დანგრევა არ არის საჭირო. რადგან მხოლოდ პრეზიდენტის არჩევით ჯერჯერობით ერთბაშად ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან რაც იქ აღსადგენია, აუცილებლად უნდა აღდგეს, აუცილებელია კონფლიქტის ზონის განიარაღება და დემილიტარიზება. ეს არ არის ერთი დღის პროცესი. ეს არის ხანგრძლივი და დაძაბული მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც ჩვენ უნდა ჩავატაროთ. მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარია, რომ ჩემი დანიშვნით საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ნდობა ძლიერ წაიწევს წინ. მე დიდი ნდობა მაქვს საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ მათ მართლაც სურთ მშვიდობა და თუ ამას ყველა იგრძნობს, მაშინ ყველაფერი ნორმალურად იქნება.”(სტილი დაცულია)

[კობა ლიკლიკაძე] ”როგორი დამოკიდებულება გაქვთ საქართველოს მმართველ ელიტასთან? არ იფიქროთ, რომ ეს რიტორიკული შეკითხვა იყოს. ახლოს თუ იცნობთ პრეზიდენტ სააკაშვილს?”

[დიმიტრი სანაკოევი] ” ახლოს კი არა, პრეზიდენტ სააკაშვილს საერთოდ არ შევხვედრივარ და არ ვიცნობ. არც საქართველოს მმართველ სტრუქტურებთან მაქვს, მთლიანობაში, ნაცნობობა. მაგრამ საქართველოში არიან ძალები, რომლებსაც სურთ მშვიდობა, სურთ, რომ ყველა ეს საკითხი მშვიდობიანი გზით გადაწყდეს.”(სტილი დაცულია)


[კობა ლიკლიკაძე] ” საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 4-5 თვის წინ იმედი გამოთქვა, რომ 2007 წლის 1 იანვარს ცხინვალში შეხვდება. თავდაცვის მინისტრი იქით იყოს, მაგრამ თქვენ თუ გაქვთ იმედი, რომ ახალ წელს ცხინვალში, თქვენს ოჯახში, იდღესასწაულებთ?”

[დიმიტრი სანაკოევი] ”ახალ წელს სამხრეთ ოსეთში რომ აღვნიშნავ, ეს მე ნამდვილად ვიცი. მაგრამ საკუთარი სახლის კედლებში თუ სადმე სხვაგან, ეს ისეთი საკითხია, რომლის მისაღწევადაც ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო.”(სტილი დაცულია)

[კობა ლიკლიკაძე] ”რამდენი წლის ხართ, ბატონო სანაკოევო?”

[დიმიტრი საანკოევი] ”37 წლის.”

[კობა ლიკლიკაძე] ”ესე იგი საქართველოში კიდევ ერთი 37 წლის პრეზიდენტი იქნება?”

[დიმიტრი სანაკოევი] ”ძალიანაც კარგია. რა არის ამაში ცუდი?”

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG