Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საქართველო ელოდება ომს” - ასეთი სათაურის სტატიას ხუთშაბათის ”რეზონანსი” ბეჭდავს.


”საქართველო ელოდება ომს” - ასეთი სათაურის სტატიას ხუთშაბათის ”რეზონანსი” ბეჭდავს. ავტორს საქართველოს საგარეო საქმეთa მინისტრის სიტყვები მოჰყავს:

”რა თქმა უნდა, თავდასხმის საფრთხე არსებობს. სწორედ ამიტომ ვიმყოფები პარიზში და ვაპირებ ვეწვიო სხვა ევროპულ დედაქალაქებს, რათა ჩვენ, ყველამ ერთად, ავუხსნათ რუსეთს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება.” ასეთი განცხადება გელა ბეჟუაშვილმა საფრანგეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. საგარეო საქმეთა მინისტრი ხელისუფლების ხედვას ახმიანებს. ”რეზონანსი” კი ცდილობს გაარკვიოს, თუ რამდენად რეალურია საქართველოსთან რუსეთის სამხედრო ძალით დაპირისპირება, რას ფიქრობს ამის შესახებ ოპოზიცია და რას ფიქრობენ დამოუკიდებელი ექსპერტები. საპარლამენტო ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ რუსეთში მართლაც მზადდებოდეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საომარი გეგმა. მაგალითად, მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე ფიქრობს, რომ საქართველოში კონფლიქტების არსებობა რუსეთის ინტერესებში შედის და ის ამის პროვოცირებასაც ახდენს. დეპუტატს იმედი აქვს, რომ ხელისუფლება გონიერებას გამოიჩენს და რუსეთის პროვოკაციებს არ აჰყვება.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი, ”რეზონანსთან” საუბრისას, რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყებას გამორიცხავს და ამის ერთ-ერთ მიზეზად რუსეთის ამჟამინდელ სუსტ ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს. სესიაშვილი ამბობს, რომ რუსეთს ომის ფინანსური საშუალება არა აქვს.

ერთ-ერთ მიზეზად, რომლის გამოც რუსეთი საქართველოსთან ომს არ დაიწყებს, ასევე ეკონომიკას ასახელებს ექსპერტი სამხედრო საკითხებში შალვა თადუმაძე. ის ამბობს, რომ რუსეთს საქართველოსთან ბრძოლის საშუალება აქვს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია ცეცხლის ახალი კერების წარმოქმნა, რასაც რუსეთის ეკონომიკა ნამდვილად ვეღარ გაუძლებს და ქვეყნისთვის ეს, შესაძლოა, დამღუპველიც აღმოჩნდეს. თადუმაძე ასევე ფიქრობს, რომ მეზობელი ქვეყანა საერთაშორისო ავტორიტეტის შელახვასაც გაუფრთხილდება.

”ქართული ეკონომიკის რუსული გემო” - ეს უკვე ”24 საათში” გამოქვეყნებული პუბლიკაციის სათაურია. ავტორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ იმ კომპანიების უმეტესობა, რომლებიც საქართველოში რუსეთს წარმოადგენენ, მეზობელი ქვეყნის სახელმწიფო საკუთრებაა და ამიტომ პოლიტიკასაც შესაბამისს ახორციელებენ. ”ამ პოლიტიკის ერთი შედეგი უკვე ცნობილია: ”საქართველო რუსეთის მოსახლეობას ნომერ პირველ მტრად მიაჩნია. საინტერესოა, საქართველოში მოღვაწე რუსული კომპანიებიც ამავე წვენში იხარშებიან თუ არსებობს რაიმე განსხვავება?” - შეკითხვას სვამს პუბლიკაციის ავტორი და პასუხის პოვნას ”რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემის”, ”გაზპრომისა” და ”ვნეშტორგბანკის” მაგალითებზე დაყრდნობით ცდილობს. ანალიზი ცხადყოფს, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსული სახელმწიფო კაპიტალით შექმნილი საწარმოები ”უფერო, უსუნო, უეროვნებო და პოლიტიკურად არაანგაჟირებული” სულაც არ არის. ”24 საათში” გამოქვეყნებული პუბლიკაციის თანახმად, ”გაზის ისტორიის” ყველასათვის კარგად ცნობილი ბოლო მონაკვეთი ”რუსული ინტერვენციის ახალი ეტაპის დასაწყისია” და,”როგორც ასეთ დროს ანონსირებენ ხოლმე, გაგრძელება იქნება და თან - აუცილებლად.”

სწორედ რუსეთი, გაზი და მაგისტრალური გაზსადენია კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან ”ახალი თაობის” საუბრის მთავარი თემა. ექსპერტი ამბობს, რომ ვიდრე ”გაზსადენი ჩვენს ხელშია, მას არავითარი სტრატეგიული მნიშვნელობა არა აქვს”, ხოლო თუ ”რუსეთის ხელში ჩავარდება, ის არ გამოიყენებს მას საბაზრო ეკონომიკის განვითარებისთვის, ის ამას საქართველოს, ახლო აღმოსავლეთის შანტაჟისთვის გამოიყენებს.” ”ახალ თაობასთან” საუბრისას კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ რუსეთის ხელში გაზსადენი წმინდა პოლიტიკურ მნიშვნელობას შეიძენს და, მისი დახმარებით, რუსეთი საქართველოს მძევლად აქცევს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG