Accessibility links

logo-print

როგორ მოემზადა საქართველოს ენერგეტიკული სისტემა დამდეგი ზამთრის შესახვედრად?


რუსეთის მიერ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის 110 აშშ დოლარიდან 230 დოლარამდე გაზრდის განზრახვამ საქართველოს მოქალაქეები

და, შესაბამისად, მათი რჩეულები იმაზე დააფიქრა, შეძლებს თუ არა ენერგოსისტემა დამდეგი ზამთრის გადატანას. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად საქართველოს პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური დაიბარეს. 10 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სესიაზე გამართული მოსმენისას ნიკა გილაურმა ოპტიმისტური პროგნოზები გააკეთა, ოპოზიცია კი მისი პროგნოზების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ნიკა გილაურს საქართველოს პარლამენტი 2 საათზე მეტხანს უსმენდა. ნიკა გილაურმა ძირითადი აქცენტი ელექტროენერგიის სფეროში არსებულ ვითარებაზე გააკეთა და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ, ისტორიაში პირველად, ზამთარში საქართველო, ელექტროენერგიის იმპორტის ნაცვლად, დენის ექსპორტს განახორციელებს:

[ნიკა გილაურის ხმა] ”ჩვენ ვემზადებით ელექტროენერგიის ექსპორტისათვის. თურქეთთან ხელშეკრულება გაფორმებულია და ჩვენ უკვე რამდენიმე დღეში დავიწყებთ ელექტროენერგიის ექსპორტს. ეს ხდება ისტორიაში პირველად, როდესაც ქვეყანას აქვს ნოემბრის თვეში იმდენი ელექტროენერგია, რომ არა მარტო თავისი მოთხოვნები დააკმაყოფილოს, არამედ ექსპორტიც განახორციელოს.” (სტილი დაცულია)

გილაურის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის რეპლიკა მოჰყვა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ძალიან კარგად გვესმის, კიდევ რამდენი რამ არის გაკეთებული, მაგრამ არ შემეძლო ახლა არ ჩავრთულიყავი ამაში და ბატონი ნიკასთვისაც, მთავრობისთვისაც, თითოეული ადამიანისთვის, ვინც ყველაფერი გააკეთა, რომ ამ დონეზე ყოფილიყო საქართველოს ელექტროენერგეტიკა, ნამდვილად არ შემიძლია მათ მადლობა არ ვუთხრა...” (სტილი დაცულია)

მდგომარეობა, რის გამოც ნიკა გილაურმა ტაში დაიმსახურა, ასეთია: სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ენგურჰესზე, რომელიც 950 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს. ენგურჰესზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შესაძლებელი გახდა თითქმის ნახევარი მილიარდი კილოვატსაათის ელექტროენერგიის ტოლფასი წყლის რესურსების შენარჩუნება. ადრე ეს მარაგი, უბრალოდ, იღვრებოდა. ცნობისათვის: საქართველოს სულ წლის განმავლობაში 8 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია ესაჭიროება.

ენგურჰესის გარდა, რეაბილიტირებულია რამდენიმე მცირე თუ საშუალო ჰიდროელექტროსადგური და თბოგენერაციის ობიექტები. ამ სფეროში ჩატარებული სამუშაოების გამო გილაურმა ოპოზიიის შექებაც კი დაიმსახურა:

[მანანა ნაჭყებიას ხმა] ”თქვენი პასუხები, ელექტროენერგიის გენერაციის თვალსაზრისით, დამაიმედებელია, მაგრამ გაზთან დაკავშირებით ცოტა ბუნდოვანი სიტუაციაა.”

“ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლის მანანა ნაჭყებიას გარდა, გაზის თემით სხვა ოპოზიციონერებიც დაინტერესდნენ, მათ შორის, ყველაზე მწვავედ “დემოკრატიული ფრონტის” ლიდერი ზვიად ძიძიგური:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”მე ენერგეტიკის მინისტრისაგან გავიგე, თუ რამდენი საქმე გაკეთებულა. კარგია, თუ გაკეთებულა, მაგრამ გაზი გვექნება ზამთარში?”

ზვიად ძიძიგურისა და სხვა დეპუტატების მსგავს კითხვებზე ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა უპასუხა:

[გილაურის ხმა] ”გაზი იქნება, პირველ იანვრამდე ხელშეკრულებები გაფორმებულია და მიმდინარე მოწოდებაზე არანაირი პრობლემა არ არის. რაც შეეხება პირველი იანვრის შემდეგ, გაზზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.” (სტილი დაცულია)

ნიკა გილაურის ამ დაპირებაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ რა ფასად იქნება გაზი, ჯერჯერობით პასუხგაუცემელი რჩება. მმართველი პოლიტიკური ძალა კი ირწმუნება, რომ რუსეთიდან მოწოდებული ენერგომატარებლების გაძვირება საქართველოს ეკონომიკას უფრო გააძლიერებს და კონკურენტუნარიანს გახდის.
XS
SM
MD
LG