Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკაში დასავლეთსა და რუსეთს შორის ”ბალანსის” მიღწევას ცდილობს


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 9 ნოემბერს მოსკოვს ეწვია. რუსეთში ვიზიტამდე ალიევი ბრიუსელში იმყოფებოდა

- იქ მან ევროკავშირთან ენერგეტიკის სფეროში შეთანხმება გააფორმა. აზერბაიჯანი საგარეო პოლიტიკაში დასავლეთსა და რუსეთს შორის გარკვეული ბალანსის დაცვას ცდილობს, თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, უკანასკნელ პერიოდში ალიევი სულ უფრო მეტად უახლოვდება მოსკოვს. პარალელურად, რუსეთის პრესაში ვრცელდება ცნობა, რომ საქართველოსთვის ენერგეტიკული ბლოკადის მოწყობის საქმეში რუსეთს აზერბაიჯანის მხარდაჭერა სურს.

ბრიუსელიდან მოსკოვში ჩასული აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ენთუზიაზმით საუბრობდა რუსეთთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე:

[ალიევის ხმა] ”ჩვენ თანამშრომლობის პოტენციალის გაზრდას ვესწრაფვით. თანამშრომლობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში.”

ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის გახსნამდე რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ალიევის ბრიუსელში ვიზიტს ოფიციალურად მისცა დადებითი შეფასება:

[პუტინის ხმა] ”მსურს მოგილოცოთ ბრიუსელში ვიზიტის წარმატებით დასრულება. ვიცი, რომ ეს ვიზიტი ძალიან საქმიანი, კონკრეტული იყო. გაფორმდა შეთანხმებები ენერგეტიკის სფეროში გაწეულ საერთოევროპულ ძალისხმევაში აზერბაიჯანის მონაწილეობასთან დაკავშირებით.”

თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, მიკროფონებისა და ოფიციალური განცხადებების მიღმა პუტინი მაინცდამაინც დადებითად არ საუბრობს აზერბაიჯანის მცდელობაზე, გააღრმავოს დასავლეთთან თანამშრომლობა.
აზერბაიჯანის წამყვანი ოპოზიციური პარტიის, ”სახალხო ფრონტის”, ლიდერი ალი კერიმლი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა სულ უფრო მეტ სირთულეს აწყდება:

[კერიმლის ხმა] ”რაც დრო გადის, ილჰამ ალიევს სულ უფრო მეტად უჭირს ერთდროულად ორ განზომილებაში ყოფნა - ავტორიტარული რუსეთის სატელიტი, მეგობარი და მომხრეც იყოს და, ამავდროულად, მონაწილეობა მიიღოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველა პროგრამაში.”

რუსეთის გაზეთი ”კომერსანტი” 9 ნოემბრის ნომერში გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ამგვარი პოლიტიკის სანაცვლოდ რუსეთმა, შესაძლოა, აზერბაიჯანს საქართველოს წინააღმდეგ ენერგეტიკულ ბლოკადაში სთხოვოს მონაწილეობის მიღება. ”კომერსანტი” მკითხველს შეახსენებდა, რომ გასულ წელს შექმნილი ენერგოკრიზისისას აზერბაიჯანი საქართველოს რამდენიმე რეგიონს აწვდიდა ენერგეტიკას. წელს კი რუსეთს ბლოკადაში აზერბაიჯანის ჩართვაც სურსო, წერდა გაზეთი და ამატებდა, რომ ამის სანაცვლოდ რუსეთი აზერბაიჯანს შესთავაზებდა ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებს და იარაღის შედარებით ადვილად შესყიდვას. ეს უკანასკნელი წინადადება კი, ეჭვგარეშეა, შეშფოთებას გამოიწვევს მეზობელ სომხეთში.

მთიანი ყარაბახის კონფლიქტი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობაში სირთულეებს იწვევს - მიაჩნია ბაქოში მცხოვრებ დამოუკიდებელ ანალიტიკოსს შაინ აბასოვს. მისი თქმით, ამ კონფლიქტის არსებობა მოსკოვისთვის ხელსაყრელია, ვინაიდან ის ამით როგორც აზერბაიჯანზე, ისე სომხეთზე გავლენას ინარჩუნებს. ამავე დროს, რუსეთი სომხეთის მიმართ გაცილებით უფრო კეთილადაა განწყობილი, ვიდრე აზერბაიჯანის მიმართ, - ამბობს ექსპერტი:

[აბასოვის ხმა] ”სამხრეთ კავკასიაში სომხეთი რუსეთის ტრადიციული მოკავშირეა. თქვენ იცით, რომ აზერბაიჯანი სუამის წევრია - ეს კი, პრინციპში, ანტირუსულ პოლიტიკურ ბლოკად ითვლება და ამას დიდად არც არავინ მალავს. რუსეთზე ერთმნიშვნელოვნად ორიენტირებული სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანი საგარეო პოლიტიკაში რუსეთსა და დასავლეთს შორის ბალანსის მიღწევას ცდილობს.”

კიდევ ერთი საკითხი, რომლის წამოჭრაც რუსეთს აზერბაიჯანთან ურთიერთობაში შეუძლია, გაზის საფასურის გაზრდაა. თუმცა, რუსული გაზის მომხმარებელი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საეჭვოა, რომ ეს საკითხი ბაქოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. აზერბაიჯანი წლის განმავლობაში 10.5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს და აქედან მხოლოდ 1.5 მილიარდი კუბური მეტრია რუსეთიდან იმპორტირებული.

რაც შეეხება რუსეთის შესაძლო წინადადებას საქართველოს წინააღმდეგ ენერგეტიკული ბლოკადის შესახებ, ისევ გაზეთ ”კომერსანტს” რომ დავუბრუნდეთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამას მაინცდამაინც ენთუზიაზმით არ უყურებს. აზერბაიჯანი როგორც რუსეთთან, ისე საქართველოსთან ავითარებს სტრატეგიულ პარტნიორობას და იმედი მაქვს, ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გამოსწორდებაო, - უთქვამს ილჰამ ალიევს მოსკოვში ჩასვლამდე, ბრიუსელში ყოფნისას.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG