Accessibility links

logo-print

ქართული პრესა


დავით პაიჭაძე, თბილისი პრესის მიმოხილვას ზოგჯერ ასეთი პრინციპით ვაგებთ: როგორ იშლებოდა გასული კვირის მთავარი თემა ქართულ გაზეთებში.

ამ კვირაში ისე მოხდა, რომ მთავარი თემა მხოლოდ ერთი დღის - შაბათის - პრესაში იშლება: ვგულისხმობთ მნიშვნელოვან ცვლილებებს საქართველოს მთავრობაში.

მაგრამ მანამდე უნდა აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთი წარმატებული ცრუმოძრაობა ჩაუტარა მედიასაც და საზოგადოებასაც, როცა უზრუნველყო სამთავრობო ცვლილებათა შინაარსის ღრმად კონსპირირება და პრესაში ე.წ. “იხვი” გამოუშვა: მინისტრებისა და გუბერნატორების გადაადგილება პარასკევს, საღამოს 6 საათზე, გამოცხადდა. იმავე პარასკევს დილით დასტამბული გაზეთები სერიოზულად მსჯელობდნენ სულ სხვა ცვლილებებზე, რომლებიც არ განხორციელდა. ასე მაგალითად, “რეზონანსი” წერდა, რომ კეზერაშვილისგან სამკუთხედს შექმნიან: საკუთარი პოლიციითა და ბიზნესის კონტროლით დავით კეზერაშვილი მერაბიშვილსა და ოქრუაშვილს გაუტოლდება. გაზეთი ფინანსური პოლიციის აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელსა და საქართველოს თავდაცვის ახალ მინისტრს ამ პოსტზე დანიშვნამდე რამდენიმე საათით ადრე შემოსავლების მომავალი სამსახურის ხელმძღვანელობას უწინასწარმეტყველებდა.

მეორე დღეს, ანუ შაბათს, “რეზონანსი” უკვე კითხულობდა: რატომ დაინიშნა კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრად? პასუხს ამ შეკითხვაზე გაზეთს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აძლევს: დავით კეზერაშვილი ისეთი ჩინოვნიკის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც კოორდინაციას არ გაურბის. პირიქით, ვფიქრობ, ის სისტემაში ზის და ცდილობს, კოორდინირებული იყოს. ვფიქრობ, კეზერაშვილის სწორედ ეს თვისება გახდა გადამწყვეტი მისი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის მომენტში.

11 ნოემბრის პრესაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ პოლიტიკის ანალიტიკოსთა უმეტესობა თავს არიდებს კომენტარებს სამთავრობო ცვლილებებზე. გაზეთი ”ალია” რამაზ კლიმიაშვილს სთხოვს პროცესების განმარტებას და ასეთ პასუხს იღებს: დასავლეთი, უკვე ერთი წელია, კატეგორიულად მოითხოვს ირაკლი ოქრუაშვილის ხელისუფლებისგან ჩამოშორებას. დღეს სწორედ მათი სურვილი ასრულდა. ოქრუაშვილის კარიერას აგრესიულმა განცხადებებმა შეუშალა ხელი. ადრე, ღვინის კრიზისის დროს, მას სამრეწველო პალატის თავმჯდომარეობა შესთავაზეს, მაგრამ არ დათანხმდა. ახლა, ფაქტობრივად, ის საერთოდ ჩამოაშორეს ხელისუფლებას. რაც შეეხება მის ოპოზიციაში გადასვლას, არ ვიცი, ვისი პოლიტიკური პარტნიორი შეიძლება გახდეს.

გაზეთი ”ახალი თაობა” თავის ვარაუდს ასევე შეკითხვის სახით სთავაზობს მკითხველს: ირაკლი ოქრუაშვილს პრემიერ-მინისტრობისთვის ამზადებენ? აქ, ჯობს, ციტატა მოვიყვანოთ: ”პოლიტიკაში და, განსაკუთრებით, ქართულში ყველაფერი მოსალოდნელია. ამიტომაც ოქრუაშვილი გაუშვეს ეკონომიკის მინისტრად. თანაც, არ დაგავიწყდეთ, მალე ეკონომიკის სამინისტროს საერთოდ უპირებენ გაუქმებას. ოქრუაშვილი, ალბათ, ამ პოსტზე დიდხანს არ უნდა დარჩეს. ერთ-ერთი ვერსიით, მას პრემიერ-მინისტრობისთვისაც ამზადებენ. რაკი თოფ-იარაღი ჩამოაშორეს, დიდი შანსია, ნოღაიდელის პოსტი დაიკავოს. როგორც ამბობენ, სააკაშვილს უკვე ყელში ამოუვიდა ნოღაიდელის პრემიერობა. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნოღაიდელი ჟვანიას გუნდის წევრია. ჟვანიას გუნდის წევრებს კი საქართველოს მთავრობაში აღარ სწყალობენ. ”

ცვლილებებს მთავრობაში გაზეთი “24 საათიც” არაერთ პუბლიკაციას უძღვნის 11 ნოემბრის ნომერში. აი, რას წერს ერთ მათგანში: ”შეფასებები, რომ ოქრუაშვილის გადაყენებით საქართველო რუსეთს უხრის ქედს, სრულიად არაადეკვატურია შექმნილ ვითარებაში. პირველი იანვრის მოახლოებამდე თავდაცვის მინისტრის გადაყენება ზუსტი სიგნალი იყო საერთაშორისო საზოგადოებისათვის, რომ საქართველო არ აპირებს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იმ ფონზე, როცა რუსეთი ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან ცდილობს დაარწმუნოს დასავლეთი, რომ საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ომს აპირებს და როცა საერთაშორისო ორგანიზაციები სამხედრო რიტორიკასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ხშირ გაფრთხილებას აძლევენ. სამხედრო რიტორიკის მთავარი ავტორი კი სწორედ ოქრუაშვილი იყო. პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრისათვის სახე შეენარჩუნებინა და ეკონომიკის სამინისტროში მისი გადაყვანა საზოგადოების თვალში გაემართლებინა.”
XS
SM
MD
LG