Accessibility links

logo-print

რა მოხდა საქართველოს მთავრობაში, რა დასკვნებამდე მიიყვანა პოლიტიკოსები და ექსპერტები პრეზიდენტის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ


საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოლიტიკოსებისთვის - მათ შორის, მმართველი ძალის წარმომადგენლებისთვისაც - რომ მოულოდნელი იყო, ამას მათივე კომენტარები.


რა დასკვნებამდე მიიყვანა პოლიტიკოსები და ექსპერტები მორიგმა საკადრო ცვლილებებმა მთავრობაში?

ირაკლი ოქრუაშვილმა სამართავად ჩაიბარა ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. ახალი მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა წარუდგინა. ”ამიერიდან ქვეყნის ფრონტის ხაზი ეკონომიკაზე გადის” - პრეზიდენტის სიტყვები გაიმეორა ნოღაიდელმაც. ახალ თანამდებობაზე წარდგენისას თავად ოქრუაშვილს არ დაუმალავს, რომ თავდაცვის სამინისტროდან წასვლამ გული დასწყვიტა. ”სულით და გულით თავდაცვაში და ქართულ ჯარში ვრჩები,” - თქვა მან, თუმცა იქვე დასძინა, რომ ენერგიულად ჩაერთვება იმ ახალ საქმიანობაში, რომელიც პრეზიდენტმა სწორედაც რომ თავდაცვის სფეროდ წარმოადგინა მთავრობაში საკადრო ცვლილებების მოტივებზე საუბრისას:

[მიშა სააკაშვილის ხმა] ”დღეს თავდაცვა არის თავდაცვა ეკონომიკაში, საუკეთესო ეკონომიკური თავდაცვა არის ეკონომიკური თავდასხმა.”

ირაკლი ოქრუაშვილი - ეკონომიკის მინისტრი, დავით კეზერაშვილი - თავდაცვის მინისტრი, კახეთში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული პეტრე ცისკარიშვილი -სოფლის მეურნეობის მინისტრი, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ჩოგოვაძე კი - ” გაზისა და ნავთობის კორპორაციის” თავმჯდომარე - ასეთია გადაადგილებები საქართველოს მთავრობაში.
ცვლილებებს შორის განსაკუთრებით საინტერესო ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის სამინისტროდან ჩამოცილებაა და ჩვენც ყურადღებას ამ ფაქტზე გავამახვილებთ. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები და ექსპერტები სხვადასხვაგვარად ხსნიან. ზოგიერთი პოლიტიკოსი, - მაგალითად, კობა დავითაშვილი, - ირაკლი ოქრუაშვილის ეკონომიკის მინისტრად გადაყვანის მოტივებზე საუბრის ნაცვლად, ერთ თავისთვის სამწუხარო გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას :

[კობა დავითაშვილის ხმა] ”ჩემთვის ყველაზე სამწუხარო აქ ის არის, რომ მორიგი ტყუილი აღმოჩნდა ხელისუფლების დაპირება 1 იანვარს ცხინვალში შესვლის თაობაზე. სამწუხაროდ, პირველი იანვრის იმედი გაცრუვდა. ”(სტილი დაცულია)

ახალი წლის ცხინვალში შეხვედრის დაპირება ხელისუფლებიდან სწორედ ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნოდა. ” მე ის ადამიანი არა ვარ, ვინც დაპირებებს არ ასრულებსო,”- ცოტა ხნის წინაც განმარტა მან. ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან, მძიმეწონიან და უკონტროლო ფიგურადაც კი განიხილებოდა. პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი ფიქრობს, რომ თავდაცვის სფეროდან მისი ჩამოცილებით მოცემულ მომენტში პრეზიდენტმა გონივრული ნაბიჯი გადადგა:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ”ამით პრეზიდენტმა უჩვენა მსოფლიოს, რომ ომს არ აპირებს კონფლიქტურ ზონებში. ასევე, რუსებს გამოაცალა ხელიდან ის ვარიანტი, რომელიც მზადდებოდა - ჩვენი ჩათრევა კონფლიქტში... და იტყოდნენ, ემოციურმა და თავშეუკავებელმა მინისტრმა, როგორიც ოქრუაშვილია, დაიწყო და ჩვენ ვუპასუხეთო. საკმაოდ მოულოდნელი სვლა იყო და გონებამახვილური.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის პოსტზე ოქრუაშვილის ფინანსური პოლიციის ყოფილი შეფით, დავით კეზერაშვილით, ჩანაცვლებას, ალექსანდრე რონდელისთვის ეს გადაწყვეტილება გასაგებია. ”კეზერაშვილი პრეზიდენტის ერთგული კადრია,”- ამბობს ის და დასძენს : ” როგორც ჩანს, ბიზნესის სფეროში მზადდება ლიბერალური რეფორმები, როდესაც ფინანსური პოლიციის საქმიანობა შეიზღუდება.”
XS
SM
MD
LG