Accessibility links

logo-print

სტამბოლში მიმდინარე ფორუმის მონაწილეები რელიგიებსა და კულტურებს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობაზე მსჯელობენ


კულტურებს, კონფესიებსა და ცივილიზაციებს შორის დიალოგის გაღრმავებას, ურთიერთგაგების ხელშეწყობას ისახავს მიზნად ფორუმი,

რომელიც დღეს გაიხსნა სტამბოლში. ფორუმში მონაწილე მეცნიერებმა, პოლიტიკოსებმა, პოლიტოლოგებმა და სხვა დარგების ექსპერტებმა - "ცივილიზაციათა ალიანსის" ეგიდით - გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს თავიანთი ანგარიში წარუდგინეს. ვინ მონაწილეობდა ანგარიშის შედგენაში და კონკრეტულად რაზეა საუბარი ამ დოკუმენტში?

ანგარიშის შედგენაში მონიწალეობა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 20-მა ავტორიტეტიანმა ექსპერტმა. მათ შორის არიან, მაგალითად, ირანის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამად ხათამი და სამხრეთ აფრიკის არქიეპისკოპოსი დეზმონდ ტუტუ. ამ ჯგუფის წევრები მთელი ერთი წლის მანძილზე მსჯელობდნენ გზებზე, რომლებმაც შესაძლებელი უნდა გახადოს დასავლურსა და ისლამურ საზოგადოებებს შორის მზარდი "პოლარიზაციის" შემცირება.

მთავარი დასკვნა, რომელიც ექსპერტებმა გამოიტანეს, მოულოდნელი არ ყოფილა: საზოგადოებებს შორის გაუცხოების, მეტიც - დაპირისპირების ძირითადი მიზეზები უნდა ვეძებოთ არა კულტურაში ან რელიგიაში, არამედ პოლიტიკაში. და, როგორც ანგარიშის შემდგენელთა ჯგუფის კონსულტანტი ემანუელ კატანიც აღნიშნავს, ექსპერტები სწორედ ამ გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

[ემანუელ კატანის ხმა] "მათი ყურადღება მიპყრობილია არაბეთ-ისრაელის კონფლიქტისადმი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მაჰმადიანურ სამყაროში უარყოფითი ემოციებისა და უკმაყოფილების გაძლიერებას, ხელს უწყობს ექსტრემიზმის აღზევებას. არსებული პოლარიზაციის მნიშვნელოვან ფაქტორებად შეიძლება დავასახელოთ, აგრეთვე, დასავლეთის სამხედრო ოპერაციები ერაყსა და ავღანეთში."

ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, შეიქმნას დოკუმენტი, რომელშიც ღრმად და ყოველმხრივ იქნებოდა გაანაზილებული ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტი; ანუ ორივე მხარეს მიეცემოდა საშუალება, ვითარების საკუთარი ხედვა წარმოედგინა. ექსპერტთა აზრით, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარ უახლეს ისტორიას პალესტინელები და ისრაელი სრულიად განსხვავებულად აფასებენ.

ანგარიშში გაანალიზებულია ის ფაქტორებიც, რომლებიც ზოგიერთ მაჰმადიანურ ქვეყანაში ექსტრემიზმის აყვავებას უწყობს ხელს. დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია პოლიტიკური მოძრაობებისა თუ პარტიების შევიწროება ამა თუ იმ მაჰმადიანურ ქვეყანაში. ანგარიშის შემდგენლები დასავლეთის მთავრობებს მოუწოდებენ, თანმიმდევრულობა გამოიჩინონ დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერაში და ნუ ეცდებიან სხვის საქმეში ჩარევას, როცა მიღებული შედეგები მათს მოლოდინს არ შეესაბამება.

დოკუმენტის შემდგენლებს ისიც მშვენივრად ესმით, რომ ისრაელ-პალესტინისა და სხვა მსგავსი კონფლიქტების მოუგვარებლად ზედმეტია ლაპარაკი კულტურათაშორისი დიალოგის წარმატებაზე, დასავლეთსა და მაჰმადიანურ სამყაროს შორის ურთიერთგაგების მიღწევაზე.

[ემანუელ კატანის ხმა] "ცხადია, მათ ესმით, რომ ანგარიშში გამოთქმული რეკომენდაციები მხოლოდ მაშინ შეიძლება ამოქმედდეს სრუდი მასშტაბით, როცა მოგვარდება პოლიტიკური საკითხები. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილი უნდა იჯდე და ელოდო. თუ საშუალება გაქვს, თუნდაც მცირე წვლილი შეიტანო ამ საქმეში, ახლავე უნდა იმოქმედო. ამით აიხსნება ის, რომ შემუშავებულ იქნა მოქმედების გეგმა, მაგალითად, განათლების სფეროში, სადაც ყოველმხრივ ხელი უნდა შეეწყოს კულტურათაშორისი ურთიერთობისა და ადამიანის უფლებების საკითხებს."

დაბოლოს, ორიოდე საყურადღებო დეტალი: "ცივილიზაციათა ალიანსის" ინიციატივას მფარველობენ ესპანეთისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრები. საბოლოო დასკვნებს ჯგუფი დეკემბრის მიწურულს, ნიუ იორკში წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG