Accessibility links

logo-print

რას უნდა ველოდეთ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არჩევნების შედეგებისგან


ცხინვალსა და ერედვში განთავსებული საარჩევნო კომისიები

გასულ უქმეებზე ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ 12 ნოემბერს მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ტერიტორიაზე, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, ამომრჩევლებმა ედუარდ კოკოითისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი, ხოლო ალტერნატიულ არჩევნებში ელექტორატის ნდობა დაიმსახურა დიმიტრი სანაკოევმა, რომელიც ყოფილი ავტონომიური ოლქის ადგილს საქართველოს შემადგენლობაში ხედავს. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ პოლიტიკოსები და პოლიტიკის ექსპერტები სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს.

თბილისსა და ცხინვალს შორის არსებული კონფლიქტი სათავეს გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან იღებს. მოჩვენებითი მშვიდობის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან დევნილები, ცენტრსა და რეგიონს შორის არ გამიჯნულა უფლებამოსილება და, შესაბამისად, არ დამცხრალა მხარეებს შორის არსებული დაპირისპირება. კონფლიქტის პირობებში კი, როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამბობს, არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება:

[დავით ბაქრაძის ხმა] „თუმცა თვითონ ის ფაქტი, რომ გუშინ შედგა ალტერნატიული არჩევნები და მოსახლეობის ძალიან მნიშვნელოვანმა ნაწილმა მხარი დაუჭირა კოკოითისგან განსხვავებულ სხვა კანდიდატს, მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ცხინვალში აღარ სურს კოკოითის კრიმინალური რეჟიმის დაქვემდებარებაში ყოფნა, რუსი პოლიტიკოსების მანიპულირების ქვეშ ყოფნა და ადამიანებს ელემენტარულად სურთ მშვიდობა, სურთ მოლაპარაკება და კონფლიქტის მოგვარება.“(სტილი დაცულია)

დავით ბაქრაძემ რეგიონის მოსახლეობის ეს სურვილი ეგრეთ წოდებულ ალტერნატიულ არჩევნებზე დაკვირვებისას შეამჩნია, თუმცა 12 ნოემბერს ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე სხვა არჩევნებიც ჩატარდა. ვინ დგას ამ ორი უკანონო ღონისძიების უკან და რა მიზნები ამოძრავებთ არჩევნების სულისჩამდგმელებს? ამ კითხვებით მე პოლიტოლოგ გია ნოდიას მივმართე.

[გია ნოდიას ხმა] „ორი მხარეა: რუსეთი და კოკოითი მაინც დაახლოებულია ერთმანეთთან, ისევე როგორც თბილისი და სანაკოევი. ორი მხარე ცდილობს რაღაც ლეგიტიმურობის მოპოვებას. რუსეთს აინტერესებს, რომ საქართველოზე ზეწოლის იარაღი ჰქონდეს, რომ დაემუქროს ცხინვალის აღიარებით და საამისოდ არგუმენტი ჰქონდეს. მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლების ინტერესია აჩვენოს, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა არ არის ჰომოგენური და ოსების შიგნითაც არის აზრთა სხვადასხვაობა და, შესაბამისად, ლაპარაკი თითგამორკვევაზე არ არის ერთმნიშვნელოვნად საფუძვლიანი.“ (სტილი დაცულია)

ცხადია, არჩევნების შედეგებს არ ცნობს ოფიციალური თბილისი, ისევე როგორც არ ცნობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, თუმცა ცხინვალში იმედოვნებენ, რომ სეპარატისტების მიერ მოწყობილი არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგები ხელ-ფეხს გაუხსნის რუსეთს და საქართველოს ტერიტორიის ნაწილს მიიერთებს. უნდა ჰქონდეთ თუ არა სეპარატისტებს მოვლენების ამგვარი განვითარების იმედი? იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორისა და ყოფილი გენერალური პროკურორის გია მეფარიშვილის კომენტარი:

[გია მეფარიშვილის ხმა] „ასეთი მოთხოვნა პირველი არ არის. ასეთი რამ მზადდებოდა, მაგრამ რამდენადაც მე ვიცნობ რუსეთის კონსტიტუციურ კანონმდებლობას და სპეციალურ საკანონმდებლო აქტებს, ამის შესაძლებლობა არ არის.“

თუმცა ის ფაქტი, რომ რუსეთი ღიად უჭერს მხარს სეპარატისტებს და უკანონო რეფერენდუმისადმიც მომეტებულ ინტერესს იჩენს, პოლიტიკის ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ კრემლი საქართველოს წინააღმდეგ მორიგი არგუმენტით იარაღდება. გია ნოდია ვარაუდობს, რომ რუსეთი ამ ეგრეთ წოდებულ არგუმენტს ჯერ არ გამოიყენებს:

[გია ნოდიას ხმა] „ისინი ელოდებიან იმ მომენტს, როცა კოსოვო იქნება აღიარებული დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ასეთ შემთხვევაში რუსეთი სერიოზულად განიხილავს, ხომ არ აღიაროს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.“

უცნაურია, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების გეგმები არ აშინებს ოფიციალურ თბილისს. მეტიც, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე გაბაშვილი დარწმუნებულია, რომ 12 ნოემბრის არჩევნებმა სწორედ რომ რუსეთის პოზიციები დაასუსტა:

[კოტე გაბაშვილის ხმა] „მე მგონი, რუსეთს დამატებითი არგუმენტი აკლდება საიმისოდ, რომ სამხრეთი ოსეთი აღიაროს. ყველას, ვინც ნორმალურად უყურებს ამ ამბავს, ექმნება შთაბეჭდილება და დამატებითი არგუმენტი, რომ დარწმუნდეს, რუსეთის მიერ დადგმული სპექტაკლი, თითქოს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას სასწრაფოდ უნდა კრასნოდარის მხარეში გაქცევა, არის ფარსი. ყველამ მიიღო პასუხი, რომ ეს ასე არ არის.“(სტილი დაცულია)



XS
SM
MD
LG