Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალთა ახალი განლაგება საქართველოს მთავრობაში


გასულ პარასკევს საქართველოს მთავრობაში მოხდა ცვლილებები,

რომლებიც ერთდროულად მოსალოდნელიც იყო და მოულოდნელიც. მოსალოდნელი იმიტომ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის კარიერის შესაძლო “დამუხრუჭებაზე”, უკვე კარგა ხანია, ეჭვები არსებობს; მოულოდნელი იმიტომ, რომ თავად ცვლილებების ზოგიერთმა სუბიექტმაც კი არაფერი იცოდა, ვიდრე ფიგურები თავის ახალ ადგილებზე საბოლოოდ არ განალაგეს. განლაგება კი ადვილი საქმე რომ ვერ იქნებოდა, არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი.

სამთავრობო ცვლილებებს ვერ შევაფასებთ იმ ერთიანი ფონის გარეშე, რომელიც, დიდი ხანია, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ჩამოყალიბდა. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ოც მარტს რადიო “თავისუფლების” ეთერით მსმენელს ვაუწყეთ, რომ საქართველოს მთავრობა ორ ბანაკად დაჯგუფდა. მათგან ერთის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილია, მეორის - ვანო მერაბიშვილი. მაშინ, გავლენის მხრივ, მერაბიშვილის გუნდი უკვე აღმატებული იყო, რადგან მოიცავდა: გენერალურ პროკურატურას, ზურაბ ადეიშვილის ხელმძღვანელობით; თბილისის მერიას, გიგი უგულავას მმართველობით; ენერგეტიკის სფეროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და ზოგიერთ მხარეს, თავის რწმუნებულიანად; აგრეთვე, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს, გიგა ბოკერიას, მაია ნადირაძის, ნინო კალანდაძის, ნიკა გვარამიას ლიდერობით. ირაკლი ოქრუაშვილის გუნდი უფრო დახურული იყო და მის ორ საყრდენს წარმოადგენდა, ერთი მხრივ, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი დავით კეზერაშვილი, მეორე მხრივ - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი არველაძე; აგრეთვე, საპარლამენტო უმრავლესობის “ნაციონალურ-დემოკრატიული ფრთა”, დავით კირკიტაძის, მიხეილ მაჭავარიანის, ნოდარ გრიგალაშვილის, ხათუნა გოგორიშვილის, ელენე თევდორაძის და მათი თანამოაზრეების შემადგენლობით. ეს ყველაფერი ითქვა ოც მარტს და მას შემდეგ გასული თითქმის რვა თვის განმავლობაში ქართული პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა სწორედ ამ ორი ბანაკის დაპირისპირების ფონზე განვითარდა.

თავდაპირველად სერიოზული გამარჯვება მოიპოვა ირაკლი ოქრუაშვილის გუნდმა, რომელმაც, ტელეკომპანია “იმედის” მეშვეობით, მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა ვანო მერაბიშვილს და მის თანამებრძოლებს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის თემის გაშლით. ასეთ დარტყმას, შეიძლებოდა, ნებისმიერი მინისტრი თუ გუნდი გადაჰყოლოდა. მაგრამ მერაბიშვილმა მძიმე გამოცდას გაუძლო და საინფორმაციო ბერკეტების მნიშვნელობაც უკეთ შეიმეცნა. ადრე შინაგან საქმეთა მინისტრი ფიქრობდა, რომ საინფორმაციო პოლიტიკა სამაგალითოდ ჰქონდა აწყობილი გურამ დონაძის მეშვეობით. მოგვიანებით, როდესაც მან უფრო რეალურად შეაფასა ვითარება, მეტად ენერგიული ნაბიჯები გადადგა. დღეს ვანო მერაბიშვილის გუნდი მთლიანად აკონტროლებს ტელეკომპანიებს “ალანია” და “მზე”; აგრეთვე, დიდწილად, საზოგადოებრივ მაუწყებელს. სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრის გააქტიურებულ საინფორმაციო პოლიტიკას შეეწირა ნიკა ტაბატაძის პოსტი “რუსთავი 2”-ში. დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს აკონტროლებს ირაკლი ოქრუაშვილი და მასვე, სულ მცირე, დიდი მეგობრობა აქვს ტელეკომპანია “იმედთან”.

ირაკლი ოქრუაშვილს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ხშირად უწოდებდნენ “ომის პარტიის” ლიდერს. მართლაც, მისი მაღალი რეიტინგი მთლიანად იდგა იმ მოლოდინზე, რომ მის ხელში გაძლიერებული ქართული ჯარი, ადრე თუ გვიან, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენდა. თუ ოქრუაშვილის გავლენა ეფუძნებოდა შესაძლებელი ომისთვის მზადების კონტექსტს, ვანო მერაბიშვილის გავლენა მაღალ ხარისხს ინარჩუნებდა სწორედ მშვიდობიანობის პერიოდში.

უცნობია, რა კონკრეტული საფუძველი ჰქონდა თავდაცვის მინისტრის გადაყვანას სრულიად უწყინარი ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელად, მაგრამ პოლიტიკური პროცესის დღევანდელ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დასუსტდეს როგორც ომის პარტია, ასევე მისი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. ეს მერაბიშვილის გუნდის ნებსითი ან უნებლიე წარმატებაა, რაც ვიზუალურადაც გამოიხატა პრეზიდენტის მიერ ცვლილებების წარდგენისას. ალბათ, ვარდების რევოლუციის შემდეგ არავის უნახავს მიხეილ სააკაშვილის მხარმარჯვნივ და მხარმარცხნივ ვანო მერაბიშვილის გუნდის ორი წევრი (ამ შემთხვევაში, ნოღაიდელი და ცისკარიშვილი), ხოლო ირაკლი ოქრუაშვილი - ბოლო, მესამე რიგში. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ორი ფაქტორი: თავდაცვის სამინისტროში გადაყვანილია ოქრუაშვილის გუნდის ერთ-ერთი საყრდენი - დავით კეზერაშვილი, ხოლო ფუნქციურად ძლიერია ოქრუაშვილის გუნდის კიდევ ერთი ბურჯი - გიორგი არველაძე. დაბოლოს, ძალთა ბალანსისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომელი გუნდის წევრი დაინიშნება იმ სამსახურის უფროსად, რომელიც გააერთიანებს საბაჟო, საგადასახადო და ფინანსური პოლიციის უწყებებს. ამ დანიშვნის შემდეგ დამატებითი არგუმენტი გაჩნდება ზოგადი სურათის შესაფასებლად.

XS
SM
MD
LG