Accessibility links

logo-print

კლაუს მანი – 100


18 ნოემბერს გერმანიაში (და არამარტო გერმანიაში) კლაუს მანს გაიხსენებენ;


ლიტერატურის მოყვარულები დიდი მწერლის დაბადების მეასე წლისთავს აღნიშნავენ. კლაუს მანმა უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა საქართველოშიც – განსაკუთრებით 80-იან წლებში, როცა ჩვენს კინოთეატრებში მისი ყველაზე პოპულარული რომანის, “მეფისტოს”, იმავე “მეფისტოფელის”, ეკრანიზაცია - იშტვან საბოს ამავე სახელწოდების ფილმი - გამოვიდა.


კლაუს მანი დიდხანს ყოყმანობდა გაჰყოლოდა თუ არა თავისი სახელოვანი მამის, თომას მანის, გზას. ჯერ ჟურნალისტად მუშაობდა. 1925 წელს კი დაუმეგობრდა მსახიობ გუსტავ გრიუნდგენსს, რომელმაც კლაუს მანის და, ერიკა, შეირთო ცოლად. მას შემდეგ იგი თეატრმა გაიტაცა.
1933 წელს, ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კლაუსმა გერმანია დატოვა. გრიუნდგენსი, რომელსაც გერინგი პირადად მფარველობდა, გერმანიაში დარჩა და მესამე რაიხის ყველაზე პოპულარული არტისტი შეიქნა.

კლაუს მანი შეყვარებული იყო მსახიობში – თავისი გრძნობები მან 1936 წელს გამოხატა რომანში “მეფისტო. ერთი კარიერის ისტორია” – ეს იყო სიყვარულის ახსნაც და შურისძიებაც, რომანი, რომლის დაბეჭდვაზე 1949 წელს, გრიუნდგენსის რეაბილიტაციის შემდეგ, კლაუს მანს გერმანიაში უარი უთხრეს. ამ ფაქტმა მწერალზე ისე იმოქმედა, რომ იმავე 1949 წელს მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

“მეფისტოს” გმირს, გერმანული თეატრის ლეგენდას, გრიუნდგენსს მაყურებელზე ზემოქმედების, პუბლიკის მონუსხვის განსაკუთრებული უნარი ჰქონდა. ამბობენ, რომ იგი 16 საათი, გულის წასვლამდე გადიოდა რეპეტიციებს. “მეფისტოში” მწერალი გრიუნდგენსისთვის დამახასიათებელ ავადმყოფურ ამპარტავნობაზე მსჯელობს. “ის, ვინც თუნდაც ერთი ადამიანის სიყვარულს გრძნობს, არ მოინდომებს განუწყვეტლივ მოაწონოს თავი სხვებს,” – წერდა კლაუს მანი. თუმცა, “მეფისტოს” ავტორისგან განსხვავებით, გრიუნდგენსს ყველა როდი მიიჩნევს ოპორტუნისტად და მოღალატედ. გერმანული თეატრის ისტორიკოსები შეგვახსენებენ, რომ იმ 9 წლის განმავლობაში, როცა მსახიობი ბერლინის თეატრს ხელმძღვანელობდა, შტატსთეატრში არ დადგმულა არც ერთი ნაცისტური პიესა. უფრო მეტიც, 1937 წელს დადგმული “რიჩარდ მესამე” ბევრმა ჰიტლერის საწინააღმდეგო სპექტაკლად აღიქვა. შესაძლებელია, ამიტომაც აიკრძალა 1969 წელს კლაუს მანის წიგნი, რომელიც, ჰამბურგის სასამართლოს დასკვნის თანახმად, “შეურაცხყოფს ადამიანის ღირსებას. აკრძალვა “მოიხსნა” მხოლოდ და მხოლოდ 1981 წელს, როცა მსოფლიო ეკრანებზე უნგრელი რეჟისორის იშტვან საბოს ფილმი “მეფისტო” გამოვიდა.

რამდენიმე წელიწადში “მეფისტო” რუსულად გაახმოვანეს და საბჭოთა ეკრანებზე გამოუშვეს. იმ ადამიანებზე, ვისაც კლაუს მანის რომანი არ ჰქონდა წაკითხული, ფილმმა შოკივით იმოქმედა. ჰენდრიკ ჰეფგენის (ასე ჰქვია რომანში მთავარ გმირს) არშიყი ხელისუფლებასთან მეტისმეტად მკაფიო ასოციაციებს ქმნიდა. თუმცა, თეატრმცოდნე ანა ჭავჭავაძის აზრით, რომანში არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ხელისუფლების არშიყი არტისტებთან:


[ანა ჭავჭავაძის ხმა] “ეს არშიყი არ არის ცალმხრივი – ხელისუფლებასაც ახასიათებს მოაზროვნე ადამიანებთან არშიყის ვნება... მხოლოდ ჰენდრიკის მაგალითზე არ შეიძლება ამ პრობლემაზე საუბარი – აქაა მთელი სპექტრი მსახიობების, მხატვრების მთელი გალერეა...”

კლაუს მანმა, მიუხედავად იმისა, რომ რომანი კონკრეტულ ადამიანს მიუძღვნა, ოსტატურად შეძლო თემის განზოგადება. ჰენდრიკი არტისტია, მაგრამ შეიძლება იყოს პოლიტიკოსიც, ხელისუფალიც... ასეთ ადამიანებს ჩვენ დღესაც ყოველდღე ვხედავთ, – გვარწმუნებს ანა ჭავჭავაძე:

[ანა ჭავჭავაძის ხმა] “მისთვის მთავარი პრობლემა – ვიღაცას უკრავენ ტაშს – ის მიისწრაფვის დიდებისკენ... რასაკვირველია, ეს ბუნებრივია, ამაშია ტრაგედია – ესაა ბუნებრივი მსახიობისთვის, მწერლისთვის, სურვილი, რომ მას კითხულობდნენ, რომ ხალხს სჭირდებოდეს, რომ მედიუმი იყოს ადამიანებისთვის, ამაშია ტრაგედია. სწორედ აქ ხდება ეშმაკთან გარიგება, როდესაც შენთვის პატივმოყვარეობა ხდება ძირითადი წარმმართველი ძალა – პატივმოყვარეობა ეშმაკის ყველაზე სასურველი ცოდვაა.”(სტილი დაცულია)

ძალაუფლებას აქვს მომხიბვლელობა. ადამიანმა, როცა მას შეუძლია თქვას “არა” – უნდა თქვას “არა”, მაშინაც კი, როცა გარემო ყველანაირად გიბიძგებს, რომ არ თქვა “არა”... ესაა კლაუს მანის მორალი. და იშტვან საბოს ფილმის მორალიც. ჰენდრიკის ფინალური სიტყვები სტადიონზე - “რა უნდათ ჩემგან, მე ხომ მსახიობი ვარ მხოლოდ” - ტრაგიკულად და სასაცილოდ ჟღერს, ერთდროულად...
1932 წლის 2 დეკემბერს, როცა ჰენდრიკი მეფისტოფელის როლის თამაშს იწყებს, მისი ეს გადაწყვეტილება ისტორიის ადეკვატური იყო - ქვეყანა ამ დროს ახალი სპექტაკლის დასადგმელად ემზადებოდა. აქ ანა ჭავჭავაძე, გარკვეული თვალსაზრისით, ეკამათება კიდეც კლაუს მანს – ჰენდრიკმა გერმანია არ დატოვა და ეს არ იყო მისი დანაშაული.... იგი უკვე მზად იყო დანაშაულისთვის ჯერ კიდევ 20-იან წლებში, როცა ეშმაკთან დადო ზავი:


[ანა ჭავჭავაძის ხმა] “სანამ ეშმაკთან ზავი დაიდება... გარიგება უფრო ადრე ხდება. აქ შეიძლება ითქვას, რომ კლაუს მანის გმირი ეხმაურება “დოქტორ ფაუსტუსის” პერსონაჟს...და გოეთეს “ფაუსტს”, სადაც უსიტყვო გარიგება უკვე არის... ანუ ხდება ის, რასაც შენ იწვევ... შენ მე მომიწვიე და ამიტომ მოვედი აქ. სად ჩნდება ეს ეშმაკი? – ჩნდება იქ, სადაც ითხოვენ... ლეგენდა ფაუსტზე ამაზეა აგებული – მას ითხოვს ცივი გონება... იქ, სადაც არის შიმშილი სიყვარულის.”

სიყვარულის შიმშილი ან იგივე ჰუმანიზმის დეფიციტი... ესაა კლაუს მანის ტკივილი, რომელიც სამყაროსაც აწუხებდა 30-იან წლებში, როცა “მეფისტო” დაიწერა, 80-იან წლებში, როცა იშტვან საბომ თავისი ფილმი გადაიღო და დღესაც, როცა მსოფლიო გერმანელი მწერლის იუბილეს აღნიშნავს. იმხანად, როცა საბჭოთა კავშირში ეს რომანი ითარგმნა, როცა ფილმი ვნახეთ, ჩვენში მხატვრისა და ხელისუფლების, ინტელიგენციისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე დაიწყო მსჯელობა. 80-იანი და 90-იანი წლების ქართული საზოგადოებისთვის სწორედ ეს თემა იყი მნიშვნელოვანი “მეფისტოში”... მაგრამ დღეს კლაუს მანის რომანი სულ სხვანაირად იკითხება – ანა ჭავჭავაძე ტოტალიტარიზმისა და ძალადობის საფრთხეს სულ სხვა მოვლენაში, უფრო სწორად, ამ მოვლენისადმი თანამედროვე ხელოვანთა დამოკიდებულებაში ხედავს:

[ანა ჭავჭავაძის ხმა] “ინტელიგენცია არ არის ერთფეროვანი – აქ არიან კონიუნქტურულებიც, არაკონიუნქტურულებიც, მაგრამ, რასაკვირველია, არიან ძალიან კარგი ადამიანებიც, მაგრამ... მაგრამ საზოგადოებამ ნაკლებად იცის იმ ღირსებების შესახებ, რაც არსებობს ამ ხალხში – პრესაც ინტელიგენციას მიეკუთვნება და მასაც ეკისრება როლი... გემოვნებას ხელი შეუწყოს.... ხომ არ შევქმნით ჩვენ იმ სამყაროში, სადაც არ იქნება ძალადობის პრობლემა – და მე დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში დაიკლებს ეს, შეიძლება კეთილდღეობამაც იმატოს... მაგრამ ხომ არ შევქმნით ჩვენ იმ სამყაროს, სადაც დომინანტად ტოტალიტარიზმის როლს შეასრულებს უკულტურობა, უვიცობა, ცუდი გემოვნება, გაფეტიშება ისეთი კატეგორიების, რომელიც დამღუპველია ცივილიზაციისა და ადამიანისთვის?”(სტილი დაცულია)



XS
SM
MD
LG