Accessibility links

აშშ და ბრიტანეთი ერაყისთვის ახალ სტრატეგიაზე მუშაობენ


მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესის არჩევნებში მარცხი იწვნია პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის რესპუბლიკურმა პარტიამ, ამ მარცხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად

ბევრჯერ დასახელდა ამერიკელი ამომრჩევლების უკმაყოფილება ერაყში სამხედრო ოპერაციით. და, შეიძლება ითქვას, რომ 7 ნოემბრის კონგრესის არჩევნების შემდეგ სწორედ ერაყია წამყვანი პოლიტიკური თემა აშშ-ში: ბევრი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბება ერაყთან მიმართებაში. როგორ წარმოუდგენია ასეთი სტრატეგია ამერიკელ კონგრესმენთა საგანგებო ჯგუფს, რომელშიც დამოკრატიული პარტიის წარმომადგენლებიც შედიან და რესპუბლიკურისაც, ორშაბათს გააცნეს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს.

“ერაყის შემსწავლელი ჯგუფი” - ასე ეწოდება კონგრესში შექმნილ 10-წევრიან კომიტეტს, რომელსაც ევალება ერაყის საკითხში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ამჟამინდელი კურსისა და ოპოზიციონერი დემოკრატების კონცეფციის შეჯერება. კომიტეტს ჰყავს ორი ხელმძღვანელი: მათგან ერთ-ერთია ჩვენი მსმენელისთვის კარგად ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, ბუშის ოჯახის ახლობელი ჯეიმს ბეიკერი - რესპუბლიკელი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყო, მეორე კი - ყოფილი დემოკრატი კონგრესმენი ლი ჰემილტონი.

მათ, ან კომიტეტის სხვა წევრებს მასმედიისთვის ჯერ არ შეუტყობინებიათ ერაყის ახალ სტრატეგიაზე თავიანთი რეკომენდაციების შინაარსი - ეს მომავალ თვეშია მოსალოდნელი. თუმცა, მედიაში მაინც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომიტეტში მიზანშეწონილად მიიჩნევენ ამერიკის ჯარების ეტაპობრივ გაყვანას ერაყიდან და მოლაპარაკების დაწყებას სირიასთან და ირანთან. აშშ-ის პრეზიდენტი ორივე საკითხს შეეხო კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ. ამერიკელი სამხედროების ეტაპობრივი გაყვანის კონტექსტში მან აღნიშნა, რომ ამ საკითხში რაიმე გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია ადგილზე, ერაყში, უშიშროების მხრივ შექმნილი ვითარების გათვალისწინება [ჯორჯ ბუშის ხმა], ხოლო რაც შეეხება დიალოგს - ბუშმა გამოთქვა ირანთან მოლაპარაკების სურვილი, იქნება ეს ერაყზე თუ ნებისმიერ სხვა საკითხზე, თუ ირანი ჯერ შეწყვეტს ურანის გამდიდრების პროგრამას. [ჯორჯ ბუშის ხმა]

ჩვენი ექსპერტების შეფასებით, შეუძლებელია იწინასწარმეტყველო, რა სახეს მიიღებს ერაყის საკითხზე საბოლოო კომპრომისი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციასა და დემოკრატებს შორის. გარდა ამისა, ახალი სტრატეგიის განსაზღვრაზე გავლენა - სხვებსაც სურთ. მათ შორის არის ტონი ბლერი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტ ბუშის უახლოესი მოკავშირე ერაყის საკითხში. ბლერმა ორშაბათს ჩამოაყალიბა პრიორიტეტები ერაყთან მიმართებაში და გამოვიდა ირანთან და სირიასთან მოლაპარაკების მოწოდებით. აი, რატომ: [ტონი ბლერის ხმა] “ერაყის საკითხის მოსაგვარებლად გამოსავლის ძიებაა საჭირო არა იმდენად თვით ერაყში, რამდენადაც მის საზღვრებს გარეთ, მთელს რეგიონში, სადაც იგივე ძალები მოქმედებს, სადაც გლობალური ტერორიზმის ფესვები უნდა ვეძიოთ, სადაც ექსტრემიზმი ჰყვავის, სადაც პროპაგანდა - მიუხედავად იმისა, რომ ტყუილებზეა აგებული - მაინც იზიდავს ბევრ რიგით არაბს. აი, ამას ვუწოდებ ახლო აღმოსავლეთის ერთიან სტრატეგიას”.

იქვე ტონი ბლერმა ირანს მოუწოდა, რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობისაკენ: [ტონი ბლერის ხმა] “ირანს ვთავაზობთ მკაფიო სტრატეგიულ არჩევანს: ხელი კი არ შეუშალოს, არამედ მხარი დაუჭიროს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს. შეწყვიტოს ტერორიზმის ხელშეწყობა ლიბანსა და ერაყში. საამისოდ იკისროს საერთაშორისო ვალდებულებები. ამ შემთხვევაში - ახალი პარტნიორობა შესაძლებელია, თუ არა და - ირანელები საკუთარი მოქმედების შედეგად იზოლაციაში აღმოჩნდებიან”.
ტონი ბლერის ამ განცხადების კონტექსტში აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კონგრესის ზემოხსენებული კომიტეტი - “ერაყის შემსწავლელი ჯგუფი” - ბლერსაც გააცნობს თავის კონცეფციას ერაყში ახალ სტრატეგიაზე.
XS
SM
MD
LG