Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას


დღევანდელ დღეს საქართველოსთვის

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროპის კავშირთან დაახლოების გზაზე: იგივე ითქმის საქართველოს ორ სამხრეთკავკასიელ მეზობელზეც. სამივემ - საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა - დღეს ბრიუსელში ხელი მოაწერეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმებს. გეგმები ინდივიდუალურია, თუმცა სამივე შემთხვევაში ითვალისწინებს ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას. ევროკავშირი იმედოვნებს აგრეთვე, რომ ხელმოწერილი სამოქმედო გეგმები ხელს შეუწყობს რეგიონში ე.წ. “გაყინული კონფლიქტების” მოგვარებას.

როცა ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე ლაპარაკობენ, როგორც წესი, იმასაც აღნიშნავენ, რომ მასში მონაწილეობა, თუნდაც სამოქმედო გეგმაზე ხელმოწერა - არ ნიშნავს, რომ ამას ევროკავშირში გაწევრიანება მოჰყვება. რა გასაკვირია, ამ საკითხს დღესაც შეეხნენ ბრიუსელში - აი, რა უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ბენიტა ფერერო-ვალდნერმა:

[ბენიტა ფერერო-ვალდნერის ხმა] "სამეზობლო პოლიტიკა გაწევრიანებას არ გულისხმობს. მინდა, ამას ხაზი გავუსვა. მაგრამ, ამავე დროს, ეს დღევანდელი პოლიტიკაა. და მომავალი სულაც არ არის წინასწარ განსაზღვრული. ახლა სამხრეთი კავკასიის ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ შანსი და ყოველი ღონე იხმარონ, რათა გაიზიარონ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა, თანამშრომლობის შესაძლებლობები. ჩვენი სურვილია, დავეხმაროთ მათ, რადგან იქ ბევრი რამ უკვე გაკეთდა. ყველაზე იოლი გზაა, დაინტერესდე, რა მოიმოქმედეს სხვებმა წარმატების მისაღწევად."

ბენიტა ფერერო ვალდნერთან საუბრის გარდა, ჩვენი რადიოს კორესპონდენტს საშუალება მიეცა, ერთი-ორი შეკითხვა დაესვა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის, ხავიერ სოლანასთვის: მას სთხოვა, განემარტა, წარმოუდგენია თუ არა კოსოვოს სტატუსის მოგვარების შემდეგ, მისი გამოყენება პრეცედენტად სამხრეთ კავკასიაში- სეპარატისტული კონფლიქტების მოსაგვარებლად. ხავიერ სოლანას პასუხი.

[ხავიერ სოლანას ხმა] "ჩემი აზრით, არც ერთი კონფლიქტი არ ჰგავს მეორეს. ყოველ კონფლიქტს აქვს თავისი წარმოშობის ისტორია, განვითარების პროცესი და მოგვარების გზა. თითქმის წარმოუდგენელია, რომ ეს სამივე ელემენტი სხვადასხვა კონფლიქტებში ერთნაირი იყოს. არ შეიძლება კონფლიქტების წარმოშობის მიზეზთა განზოგადება, ისევე, როგორც ძალიან ძნელია მოგვარების გზების უნიფიცირება. აქედან გამომდინარე, შეცდომა იქნებოდა, ერთი მოდელის რამდენიმე კონფლიქტისთვის მორგება გვეცადა. ამ საქმეში კლონირება არ გამოგვადგება."
XS
SM
MD
LG