Accessibility links

logo-print

კრემლი ელის თბილისის განცხადებებს, რომ იგი უარს ამბობს კონფლიქტების ძალით მოგვარებაზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი განსხვავებით დასავლეთის სახელმწიფოებისგან, რომლებიც 12 ნოემბერს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და

დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის შედეგების ცნობას არ აპირებენ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თბილისს და დასავლეთს, არ მოახდინონ არჩევნების შედეგების იგნორირება. ”მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ჩვენ საქმე გვაქვს სამხრეთ ოსეთის ხალხის ნების დემოკრატიულ გამოვლინებასთან” - ასეთ კომენტარს აქვეყნებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტი. როგორ აფასებს რუსეთის მედია თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში გამართულ არჩევნებს?

ინტერნეტგამოცემა ”News.Ru” აქვეყნებს იმ რუსი დეპუტატების მოსაზრებებს, რომლებიც თავად დაესწრნენ 12 ნოემბერს თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში გამართულ არჩევნებს. მაგალითად, რუსეთის დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის ანდრეი კოკოშინის განცხადებით, რეფერენდუმის და არჩევნების შედეგები მეტად სერიოზულია არა მხოლოდ რუსეთისა და საქართველოსთვის, არამედ მსოფლიო თანამეგობრობისთვისაც. ამავე კომიტეტის წევრი კონსტანტინ ზატულინი კი არ მალავს, რომ გეგმავს დეკემბერში მასშტაბური მოსმენების ინიცირება მოახდინოს რუსეთის დუმაში თვითაღიარებული რესპუბლიკების - სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის - სტატუსის თაობაზე. მანვე კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებში გამართულ ალტერნატიულ არჩევნებს ფარსი უწოდა. ზატულინის დაკვირვებით, თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის განწყობილება ადასტურებს, რომ ცხინვალი არასდროს დათანხმდება შევიდეს საქართველოს შემადგენლობაში. ”ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო გადაიდება ამ რესპუბლიკის აღიარება, მით უფრო გართულდება ვითარება ცხინვალსა და თბილისს შორის.” - ასეთი გახლავთ რუსეთის დუმის დეპუტატის კონსტანტინ ზატულინის მოსაზრება, რომელსაც ინტერნეტგამოცემა ”News.Ru” აქვეყნებს.

არაერთი რუსული გამოცემა საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირებს. მაგალითად, გამოცემა ”პოლიტკომის” აზრით, ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობიდან ჩამოცილებით ოფიციალურ თბილისს სურს, საკუთარი სამშვიდობო პოლიტიკის დემონსტრირება მოახდინოს. ”სწორედ ოქრუაშვილი ითვლება საქართველოში ე.წ. ომის პარტიის ლიდერად; სწორედ მან განაცხადა საჯაროდ, რომ 2007 წლის 1 იანვარს ცხინვალში შეხვდებოდა, რაც თბილისის აგრესიულ განზრახვად იყო აღქმული. დღეს თბილისმა გადაიფიქრა ბლიცკრიგის მოწყობა, რადგან ეს, ერთი მხრივ, რუსეთის მძაფრ რეაქციას გამოიწვევს, მეორე მხრივ კი, ვაშინგტონის უკმაყოფილებას, ” - წერს გამოცემა და დაასკვნის: ასეთ შემთხვევაში ცხინვალში ალტერნატიული ხელისუფლების შექმნა თბილისს იმ თეზისის დასამტკიცებლად სჭირდება, რომ კოკოითის ხელისუფლებას მთელი ოსი ხალხის სახელით საუბრის უფლება არა აქვს.
და კვლავ ოქრუაშვილის თემა: უნდა ითქვას, რომ სამთავრობო ცვლილებებს რუსი ჟურნალისტები არანაკლები ინტერესით აანალიზებენ, ვიდრე თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებს. 13 ნოემბრის გაზეთი ”იზვესტია” ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობიდან გათავისუფლების სამ ვერსიაზე საუბრობს: პირველი - სააკაშვილმა ვერ გაბედა ახალი საომარი მოქმედებების დაწყება ცხინვალსა და აფხაზეთში; შესაბამისად, ომის პარტია დამარცხდა. მეორე - სააკაშვილმა ოქრუაშვილი ვაშინგტონის რეკომენდაციით გაათავისუფლა, რადგან ვაშინგტონს მობეზრდა ოქრუაშვილის საომარი რიტორიკის გამო მოსკოვთან წაკიდება. ყველაზე აგრესიული მინისტრის ჩრდილში მოქცევა - ეს სიგნალია კრემლისთვის, თავისებური მინიშნება შერიგების მზაობაზე. და მესამე ვერსია - ოქრუაშვილის წასვლით თბილისის პოლიტიკაში არაფერი შეიცვლება. სააკაშვილმა მხოლოდ ეშმაკური ტაქტიკური სვლა გააკეთა კრემლის დასარწმუნებლად, რომ დათმობებისთვის მზადაა. თუმცა ოქრუაშვილი, ასე ვთქვათ, ”სტრატეგიულ რეზერვში” რჩება და გამორიცხული არ არის ადრე თუ გვიან დიდ პოლიტიკას დაუბრუნდეს - მაგალითად, პრემიერ-მინისტრის რანგში.

აქვე გეტყვით, რომ, რუსული მედიის ცნობით, სამთავრობო ცვლილებებმა საქართველოში კრემლზე სასურველი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა - როგორც გაზეთ ”კომერსანტს” განუცხადა კრემლის მაღალჩინოსანმა მოხელემ, თავდაცვის მინისტრობიდან ოქრუაშვილის გათავისუფლებას იქ თბილისის მხრიდან მოსკოვისკენ გადადგმულ ნაბიჯად არ აღიქვამენ. კრემლი ელის თბილისის კონკრეტულ განცხადებებს, რითაც დადასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ძალის გამოყენებით მოგვარებაზე.
XS
SM
MD
LG