Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


სამშაბათის ქართული პრესა კვლავაც განაგრძობს ცხინვალის რეგიონში კვირას ჩატარებული ალტერნატიული საპრეზიდენტო არჩევნების თემის განხილვას.

”საქართველოს რესპუბლიკა” ბეჭდავს ინტერვიუს პოლიტოლოგ შალვა ფიჩხაძესთან, რომელიც, მართალია, არჩევნების შედეგებზე საუბარს ჯერჯერობით ნაადრევად მიიჩნევს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სწორი პოლიტიკის პირობებში პროცესმა, შესაძლოა, სასიკეთო შედეგი მოიტანოს. ”ფაქტია, რომ არჩევნები ჩატარდა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ორხელისუფლებიანობა დამყარდა. რა თქმა უნდა, არჩევნები არაკანონიერი იყო საერთაშორისო ნორმებითაც და ქართული კანონმდებლობითაც, მაგრამ შედეგი ძალზე მნიშვნელოვანია კონფლიქტის მოსაგვარებლად. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან პრეზიდენტები, რამდენად მოიგებენ ხალხის გულს. ვინც უფრო მეტად იზრუნებს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სწორედ ის მოიპოვებს მეტ ნდობას და, შესაბამისად, მეტი მომხრეც ეყოლება” - ასეთ კომენტარს აკეთებს პოლიტოლოგი შალვა ფიჩხაძე ”საქართველოს რესპუბლიკის” კორესპონდენტთან საუბრისას.

”რეზონანსი” ინტერესდება, ”შესწირავენ თუ არა ნოღაიდელს სამთავრობო წრეებში არსებულ დაპირისპირებას”. გაზეთის კორესპონდენტი ეყრდნობა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ”პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამთავრობო ცვლილებების ახალ სქემაზე მუშაობენ.” თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ეს მძიმე ზამთრის ”გადაგორების” შემდეგ მოხდება. ”არ გამორიცხავენ, რომ გაზაფხულის დადგომისთანავე კიდევ ერთი ”კარუსელი” დატრიალდეს. გასათავისუფლებელთა ”შავ სიაში”, შესაძლოა, მოხვდნენ იუსტიციის მინისტრი გია ქავთარაძე და ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური.

”შეინარჩუნებს თუ არა თანამდებობას პრემიერი ნოღაიდელი? პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი ასეთ მორჩილ და დავალებების უსიტყვო შემსრულებელ პრემიერს ვერსად იშოვის. ამიტომ ისინი ვარაუდობენ, რომ ნოღაიდელის გათავისუფლება მოსალოდნელი არ არის,” - წერს ”რეზონანსის” კორესპონდენტი, თუმცა თავად შესაძლებლად მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი სახელისუფლებო წრეებში არსებულ დაძაბულობას შეეწიროს.

”ახალ თაობაში” კი ვკითხულობთ, რომ ოქრუაშვილს ნოღაიდელთან მოუწევს დატაკება. ასეთ მოსაზრებას გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში დეპუტატი მანანა ნაჭყებია გამოთქვამს. საუბარია იმის შესახებ, რომ თავდაცვის მინისტრობის დროს ირაკლი ოქრუაშვილი მთავრობის სხდომებს არ ესწრებოდა და პრემიერ-მინისტრს, პრაქტიკულად, არ ექვემდებარებოდა. ახლა კი, ეკონომიკის მინისტრის რანგში, მას მეტი მორჩილება მოუხდება. დეპუტატი ნაჭყებია ამბობს, რომ, ოქრუაშვილის ხისტი ხასიათის გამო, მისი დაპირისპირება მოსალოდნელია კახა ბენდუქიძესთანაც. თუმცა მას მიაჩნია, რომ ბენდუქიძე ამ დაპირისპირების თავიდან აცილებას შეეცდება.

ასევე ირაკლი ოქრუაშვილის შეცვლილ პოსტს შეეხება ”24 საათში” გამოქვეყნებული სტატია, სათაურით ”მეურნე ქორი”. ”ასეთი საყურადღებო და ანგარიშგასაწევი სახე საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ ბლოკში, კახა ბენდუქიძის შემდეგ, პირველად გამოჩნდა. და მეტიც: შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ის არა მხოლოდ ბენდუქიძეზე, არამედ, ერთად აღებული, მთელ ეკონომიკურ გუნდზე წონადი პერსონაა” - ასეთია კორესპონდენტის შეფასება. მას მიაჩნია, რომ ეს ”საკვანძო მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა”, რადგანაც ”საქართველოში გადამწყვეტ სიტყვას ჯერაც არა ინსტიტუტები, არამედ კონკრეტული პირები ამბობენ”. ”ფაქტია, რომ საქმიანობის ყველა ეტაპზე ოქრუაშვილი უფრო ხისტი და უკანმოუხედავი იყო, ვიდრე დიპლომატიური და კომპრომისებზე ორიენტირებული. და თუ ძალოვან ველზე ეს თვისებები იმდენად უარყოფითი შეფერილობის არ ყოფილა, ეკონომიკურ სიბრტყეში მათი გამოყენება გაცილებით საფრთხილო და ყოველმხრივ ასაწონ-დასაწონი იქნება,” - ვკითხულობთ გაზეთ ”24 საათში”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG