Accessibility links

"საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს" - მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ევროპარლამენტში


სტრასბურგში გაიმართა ევროპარლამენტის სესია, რომელზეც დეპუტატებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.

სიტყვის დასრულებისთანავე საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებმა არაერთი მწვავე შეკითხვა დაუსვეს. რა საკითხებს შეეხო პრეზიდენტი თავის გამოსვლაში და რა თემებზე იყო პრესკონფერენცია? ვიდრე ამ კითხვებს პასუხს გავცემდეთ, მოვისმინოთ პრეზიდენტის გამოსვლის ის მონაკვეთი, რომელიც მან ქართულ ენაზე წარმოთქვა:

[სააკაშვილის ხმა] ”ჩემი ქვეყნის სახელით, მსურს გამოვხატო ჩემი მადლიერება თითოეული თქვენგანის, ევროკავშირის, განსაკუთრებით ევროპელი პარლამენტარების მიმართ, რომლებიც მუდმივად გვერდით გვიდგახართ. ევროპა ყოველთვის იყო მრავალი პატარა და დიდი ერის სახე. ქართველები არიან ევროპელები იმ დროიდან, როცა პრომეთე საქართველოს მთებს მიაჯაჭვეს და როცა არგონავტები ჩვენს ქვეყანაში ოქროს საწმისის საძებნელად მოვიდნენ. ქართველები არა მხოლოდ ევროპელები ვართ, არამედ გულმხურვალე ევროპელები ვართ.”

დღეს პირველად ხდება, რომ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს და უნდა იცოდეთ, რომ, საქართველოს სახით, ევროპას ძლიერი და საიმედო პარტნიორი გყავთო, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლის ქართულენოვანი ნაწილის ბოლოს.

ამის შემდეგ სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ პროცესებზე: შეეხო პოლიციის რეფორმას, გზების განახლებას, სკოლების ინტერნეტიზაციას, კორუფციასთან ბრძოლას; ისაუბრა საავადმყოფოთა რეაბილიტაციასა თუ კულტურის აღმავლობაზე.

ყოველივე ეს, სააკაშვილის განცხადებით, იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველო თავს აღწევს უწინდელი - რუსული - გავლენის სფეროს. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს ევროპარლამენტის მიერ ორი კვირის წინ მიღებულ საეტაპო დეკლარაციაშიც აისახა, თუმცა ამის აღიარება უჭირს რუსეთს:

[სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ 2006 წელში ვცხოვრობთ და არა 1938 ან 1939 წელში. ახლა 2006 წელია და არა 1956 ან 1968. რა ეტაპზე ვეუბნებით პატარა ქვეყნებს, უარი განაცხადონ თავისუფლებისთვის ბრძოლაზე? რამდენჯერ უნდა მოვთხოვოთ მცირე მოთამაშეებს ხმა გაიკმინდონ და პროვოკაციაზე რეაგირება არ მოახდინონ? იმედი ვიქონიოთ, რომ ამიერიდან აღარასოდეს მოგვთხოვენ, დავნებდეთ და ვთქვათ, რომ სამართალი ზომის, რიცხვების და ძალის მხარესაა, რომ სწორია ის, ვინც ძლიერია და არა პირიქით.”

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ ჩვენ ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან მაქსიმალურად დაახლოების გზა ავირჩიეთო, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, - თუმცა მათ, ვინც ზეწოლას ახორციელებს, არ ესმით, რომ ამას საწინააღმდეგო შედეგი მოაქვს და ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო მჭიდროდ კონსოლიდირებული ხდებაო.

მიხეილ სააკაშვილი რუსეთში ქართველების წინააღმდეგ განხორციელებულ დევნასაც შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა არ არის და არც არასოდეს იქნება ანტირუსულად განწყობილი. მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთის ლიდერებმა ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავება თავიდან უნდა აიცილონ.

მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ გამოსვლაში იმ სტერეოტიპის დანგრევაც სცადა, რომელიც, მისი თქმით, დღევანდელი საქართველოს შესახებ გარკვეულ წრეებში არსებობს:

[სააკაშვილის ხმა] ”ბევრ წრეში საქართველოს ისეთი პროვოკაციული სახელმწიფოს იარლიყს აკერებენ, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალის გამოყენებით აპირებს. კატეგორიულად შემიძლია განგიცხადოთ, რომ ასე არ არის. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები გვაქვს, ვინაიდან ვიცით, თუ რა არის ომი. ვიცით, როგორ არიან ომის მსხვერპლი ადამიანები - ისინი ახლაც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. და ვიცით, რომ ომი გამოსავალი არ არის.”

მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტარებს უთხრა, რომ მისი სპეციალიზაციის ერთ-ერთი სფერო უმცირესობების უფლებათა დაცვაა და, შესაბამისად, მას კარგად ესმის საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მცირე ხალხთა პრობლემები. დღეს ეს ხალხი დიდი პოლიტიკური თამაშის მსხვერპლიაო, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი:

[სააკაშვილის ხმა] ”აფხაზეთში 40 ათასზე ნაკლები ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს, სამხრეთ ოსეთში კი - 20 ათასზე ნაკლები ეთნიკური ოსი. ეს რიცხვები იმიტომ მომყავს, რომ ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ასეულ მილიონობით ადამიანზე ვსაუბრობდეთ. ეს ძალიან მცირე ხალხებია და, ამდენად, ჩვენ განსაკუთრებით კარგად გვესმის მათი შეშფოთება. გარკვეული თვალსაზრისით, ეს მცირე ჯგუფები დიდი თამაშის, დიდი პოლიტიკის და გამოღვიძებული იმპერიული ვნებების ტყვეობაში არიან.”

თავისი გამოსვლის დასასრულს მიხეილ სააკაშვილმა რობერტ შუმანის სიტყვები გაიხსენა: ევროპა ვერ შეიქმნება ერთ დღეში ან რომელიმე ერთი გეგმის მიხედვით - ის აშენდება სრულიად კონკრეტული მიღწევებისა და სოლიდარობის გზით.

მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარებმა ოვაციით გააცილეს.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ სააკაშვილმა, ევროპარლამენტის თავმჯდომარე ხოსე ბორელთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთი პირველივე შეკითხვა, რომელიც მას ჟურნალისტებმა დაუსვეს, რუსეთის მხრიდან გაზის საფასურის გაზრდას ეხებოდა. სააკაშვილის პასუხი ასეთი იყო:

[სააკაშვილის ხმა] ”პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ 230 დოლარის გადახდას, რადგან ეს კომერციული ფასი არ არის. ამ მომენტში ჩვენი ზოგიერთი მეზობელი რეალურად 65 დოლარს იხდის, სხვები - 110, 130 დოლარს. ზოგიერთ ამ ქვეყანასთან შედარებით, საქართველო რუსეთთან ბევრად უფრო ახლოს მდებარეობს, მაგრამ ჩვენ 230 დოლარი დაგვიწესეს. ამ ფასში კომერციული არაფერია. მორჩა და გათავდა.”

კიდევ ერთი საყურადღებო შეკითხვა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე დაუსვეს, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის, BBC-ს, კორესპონდენტს ეკუთვნოდა: რუსეთი ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ხომ არ ფიქრობს პრეზიდენტი, რომ, როგორი ოვაციაც არ უნდა გაუმართონ, საქმე საქმეზე თუ მიდგება, ევროპა რუსეთთან ურთიერთობას ჩრდილს არც ადამიანის უფლებებისა და არც საქართველოს საკითხის გამო მიაყენებს? მიხეილ სააკაშვილმა ამ შეკითხვას ასე უპასუხა:

[სააკაშვილის ხმა] ”ჩემთვის ცნობილია ეს ტენდენციები, თუმცა ისიც ვიცი, რომ ცოტა ხნის წინ უფრო ძლიერი ტენდენცია გაჩნდა და საქართველოს საკითხი დღის წესრიგში დადგა. ევროკავშირის სამიტზე პირველად განიხილეს საქართველო და რამდენიმე საკითხზე ძალიან მწვავე მსჯელობა შედგა - ამაში პრეზიდენტ ბორელის შთამბეჭდავი განცხადებებიც იგულისხმება. რასაკვირველია, იმისათვის, რომ ხალხმა სრულად აღიქვას, რაც ხდება, დროა საჭირო. მაგრამ, რეალურად, ჩვენ სწორედ რომ პრაგმატულ საკითხებზე ვსაუბრობთ. თუ საქართველოს გაუზარდეს გაზის საფასური, ხვალ შეიძლება რაიმე მიზეზით იგივე დაემართოს რომელიმე სხვა ქვეყანას. თუ ევროპა ერთიან პოზიციაზე არ დადგა, პრობლემის შექმნის საფრთხე ყოველთვის იარსებებს.”

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG