Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სერიოზული ნაბიჯი გადადგა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე


რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა მიაღწიეს ორმხრივ შეთანხმებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა თქმით, მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება და მხარეები იმედოვნებენ, რომ შეთანხმება მომავალ კვირაში იქნება ხელმოწერილი ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე. ეს შეთანხმება მოსკოვს უკანასკნელ წინაღობას მოუხსნიდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე.


დასასრულს უახლოვდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე 13 წლის მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებები.

რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა ბოლოს და ბოლოს 10 ნოემბერს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით, ამერიკა ძირითადად თანახმაა, რომ რუსეთი 150-წევრიანი ორგანიზაციის წევრი გახდეს.

პრეზიდენტები ჯორჯ ბუში და ვლადიმირ პუტინი შეთანხმებას ოფიციალურად მოაწერენ ხელს ჰანოიში, სადაც 18-19 ნოემბერს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი იმართება.

ამგვარად, იხსნება ყველაზე დიდი ბარიერი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების გზაზე, რაც პუტინმა თავისი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად გამოაცხადა.

[გრისუოლდის ხმა] "გაწევრიანების თაობაზე შეერთებულ შტატებთან შეთანხმება ყველაზე დიდი დაბრკოლება იყო და ეს უკვე ჩავლილი ამბავია, აწი საქმე იოლად წავა. უბრალოდ, დოკუმენტზე ხელის მოწერაღა დარჩა და, ვფიქრობ, რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე დგას," უთხრა ჩვენს რადიოს ვაშინგტონის კატოს ინსიტუტის სავაჭრო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა დენიელ გრისუოლდმა.

შეერთებული შტატების საქმიანი წრეები მიესალმნენ შეთანხმებას რუსეთთან, ერთადერთ დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი.

გრისუოლდის თქმით, ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შედეგი ის იქნება, რომ მასთან ვაჭრობა უფრო უსაფრთხო გახდება და ნაკლებ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ გარემოებებზე. მაგალითად, შეერთებული შტატები თვითნებურად ვერ დაუწესებს კვოტებს რუსეთიდან ფოლადის იმპორტს. თავის მხრივ, რუსეთის მთავრობა ვეღარ შეძლებს ამერიკიდან ხორცის იმპორტის აკრძალვას. რუსეთის ბაზარი კიდევ უფრო გაიხსნება უცხო ქვეყნებისთვის.

მთლიანობაში რუსეთთან დაკავშირებით იმავე ეფექტს მოელიან, რაც მოხდა ჩინეთის შემთხვევაში, რომელიც 2001 წელს გაწევრიანდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. მას მერე ჩინეთის ეკონომიკაში ახალი ბუმი დაიწყო.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობა რუსეთს დასავლეთის ბაზრებზე გასვლაში შეუწყობს ხელს და ბიძგს მისცემს მომსახურების სფეროების, მაგალითად, საბანკო და სატელეკომუნიკაციო სფეროების განვითარებას.

მაგრამ ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე რუსეთს ჯერ კიდევ რჩება გადასალახავი ზოგი დაბრკოლება.

მას მერე, რაც კონგრესის არჩევნებში დემოკრატებმა გაიმარჯვეს, მოსალოდნელია, რომ ახალი სენატი ძველზე უფრო მკაცრად მოეკიდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის მიღებას. როგორც სენატორმა მაქს ბოკუსმა თქვა, რომ სენატი თანხმობას მხოლოდ მას მერე განაცხადებს, რაც რუსეთი აღკვეთს ამერიკული საქონლის მეკობრეობას და გააუქმებს ამერიკიდან ხორცის ექსპორტის აკრძალვას.

მართალია, ამერიკის სახით რუსეთი უმნიშვნელოვანეს დაბრკოლებას ჩამოიცილებს, მაგრამ არსებობს სხვა დაბრკოლებებიც. კოსტა რიკა, საქართველო და მოლდავეთი ეწინააღმდეგებიან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას. თბილისი და კიშინოვი მოსკოვს ბრალს სდებენ, რომ ქართული და მოლდავური ღვინის იმპორტის აკრძალვით რუსეთი ცდილობს მეზობლებზე პოლიტიკური ზეწოლა განახორციელოს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა თქვა ჩვენი რადიოს კორესპონდენტის, აჰტო ლობიაკასისთვის მოცემულ ინტერვიუში, საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის მიღებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი აღკვეთს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან არალეგალურ ვაჭრობას და საამისოდ საკონტროლო პუნქტებს დააწესებს.

[ნოღაიდელის ხმა] "ეს ნიშნავს, რომ საკონტროლო პუნქტებზე ვაჭრობა ან საერთოდ არ განხორციელდება, ან მოხდება მისი ლეგალიზება და მასში ჩართული იქნებიან ჩვენი საბაჟო და სასაზვღრო სამსახურების თანამშრომლები. გარკვეული დროის მანძილზე შეიძლება უცხოელ მოსამსახურეთა მონაწილეობაც, მაგრამ საბოლოოდ ეს ქართველების ხელში უნდა გადავიდეს."

რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი კონსტანტინ ზატულინი დარწმუნებულია, რომ საქართველო არ დააბრკოლებს ორგანიზაციაში რუსეთის მიღებას.

[ზატულინის ხმა] "რაც შეეხება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მიმართ წინააღმდეგობას, რაც ახლახან გამოხატა საქართველომ, მე ფიქრობ, ეს ჩვეულებრივი მცდელობაა, გამოყენებულ იქნეს ბერკეტები რუსეთის გასანაწყენებლად. მთლიანობაში საქართველოს მოქმედება არ არის დამოუკიდებელი. გააკეთებს იგი ამას თუ არა, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმათზე, ვინც აკონტროლებს საქართველოს დღევანდელ ხელმძღვანელობას, ანუ ამერიკელებზე."

ექსპერტების აზრით, მოლაპარაკებების პროცესის წარმატებით ჩამთავრების შემთხვევაშიც კი რუსეთს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ უმალ გაწევრიანდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. მაგალითად, ჩინეთს თანხმობის მიღების შემდეგ კიდევ ორი წელი დასჭირდა საბოლოო წევრობამდე.
XS
SM
MD
LG