Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად ქმედითი შეიძლება იყოს აშშ ახალი კონგრესი ერაყის საკითხში


შეერთებული შტატების კონგრესის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დემოკრატებმა უმალ განაცხადეს,

რომ გააძლიერებენ კონტროლს პრეზიდენტ ბუშის მიერ ერაყის მიმართ წარმოებულ პოლიტიკაზე. არის თუ არა ეს იმის ნიშანი, რომ დემოკრატები რესპუბლიკელი პრეზიდენტის მოთვინიერებას ცდილობენ? ჩვენი რადიოს ვაშინგტონელი კორესპონდენტი ენდრიუ ტალი ამ თემაზე ესაუბრა ამერიკის პოლიტიკური ისტრიის პროფესორს ვაშინგტონის უნივერისიტეტიდან, ალან ლიხტმანს.

ტალი: დემოკრატმა სენატორმა კარლ ლივაინმა, რომელიც ახალ სენატში შეიარაღებული ძალების კომიტეტს უხელმძღვანელებს, განაცხადა, რომ ერაყიდან შეერთებული შტატების ჯარების ეტაპობრივ გაყვანის მომხრეა. არის ეს მყარი კურსი თუ მხოლოდ პირველი ნაბიჯი თეთრ სახლთან მოლაპარაკებებში ერაყის მიმართ სტრატეგიის თაობაზე?

ლიხტმანი 1474 "მე ვფიქრობ, ლივაინი მოლაპარაკებების პროცესს იწყებს. კონგრესიდან ვერ აწარმოებთ საგარეო პოლიტიკას, თუკი არ გსურთ ერთი რამის გაკეთება: ესაა ფინანსური ბერკეტების გამოყენება, ერაყის ომისთვის საჭირო ფინანსების დაკავება. კოგრესს ეს ბერკეტი მოეპოვება. მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, დემოკრატები ვერ გააკეთებენ ამას. ამის შედეგი ის იქნება, რომ პრეზიდენტს უნდა ევაჭრონ. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ისინი არ აპირებენ დაუნდობლად აიძულონ ბუში, შეცვალოს კურსი. როგორც ჩანს, ამის ნაცვლად მათ სურთ კანონის ძალის არმქონე რეზოლუციები მიიღონ."

ტალი: როგორ ფიქრობთ, რამდენად მზად არის ბუში ერაყთან დაკავშირებით ახალი სტრატეგიის შესახებ მოლაპარაკებების საწარმოებლად?

ლიხტმანი 1475 "მე ვფიქრობ, იგი ერთგვარად იძულებულია ეს გააკეთოს და ანგარიში გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს. შეუძლია გაიხსენოს პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, რომელმაც 1972 წელს სხვა ზომებთან ერთად ხელახლა არჩევა იმითაც გაინაღდა, რომ ვიეტნამიდან ჯარები გაიყვანა და ომი საჰაერო ომად აქცია. ამით დრამატულად შემცირდა ამერიკელთა შორის მსხვერპლი: არჩევნების წელს 1000 კაცამდე. მაშინ, როცა ომის პიკის წლებში წელიწადში ათიდან თერთმეტ ათასამდე ჯარისკაცი იღუპებოდა."

ტალი: 12 ნოებერს დემოკრატებმა, რომლებიც იანვრამდე ჯერ კიდევ უმცირესობაში არიან, კონგრესში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც ერაყის აღდგენის საკითხების გენერალური ინსპექტორის უფლებამოსილებების გაგრძელებას ითვალისწინებს. როგორ განვითარდება მოვლენები მას მერე, რაც დემოკრატები რეალურად გადაიბარებენ უმრავლესობას?

ლიხტმანი 1476 "არა მგონია, გაამართლოს ამ წვრილმანმა პოლიტიკამ. ჩემის აზრით, ომის დასრულება მხოლოდ ორი გზით შეიძლება. პირველი: ბუში გადაწყვეტს, რომ მის პოლიტიკურ ინტერესებს შეესაბამება ამის გაკეთება, ისევე, როგორც ნიქსონმა გააკეთა მსგავსი რამ 70-იან წლებში. ანდა მეორე გზაა (რაც ნაკლებ სავარაუდოდ მეჩვენება): დემოკრატები ერაყის ომის დაფინანსებას შეწყვეტენ. დემოკრატების ლიდერებს რომც ეყოთ საამისო სიმამაცე, არ მოეპოვებათ ამის მისაღწევად საჭირო ხმები. კონგრესიდან ქვეყნის მართვა შეუძლებელი, ეს ძალიან, ძალიან ძნელია, განსაკუთრებით სუსტი უმრავლესობით. არასოდეს არ შეიძლება პრეზიდენტის ძალაუფლების დავიწყება."

ტალი: რამდენად დიდია რისკი, რომ ერაყთან დაკავშირებით ახალი პოლიტიკა ისევე წარუმატებელი იქნება ბუშისთვის, როგორც ამჟამინდელი გეგმა?

ლიხტმანი 1478 "ყოველთვის არსებობს რისკი, რომ მთელი შეცვლილი პოლიტიკა თავდაყირა დადგება, ანდა საზოგადოება იფიქრებს, რომ პოლიტიკური მიზნებით შეცვალეთ კურსი. მაგრამ, მეორე მხრივ, არაპოპულარული პოლიტიკის გაგრძელება და შუბლით გატანა არ არის ალტერნატივა. პრეზიდენტს კარგი არჩევანი არა აქვს. მან ცუდსა და უარესს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი. მან მიგვიყვანა ერაყში ამ ვითარებამდე და აქიდან გამოსავალი იოლი არ არის, ისევე, როგორც იოლი არ იყო ვიეტნამი. ვიეტნამი ტრაგედია იყო თავიდან ბოლომდე და, ჩემი აზრით, ერაყიც ტრაგედიაა თავიდან ბოლომდე."
XS
SM
MD
LG