Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ჟურნალისტები ცხინვალს მძიმე შთაბეჭდილებით და ”დანაკარგებით” ტოვებენ


თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ჩატარებულ არაღიარებულ რეფერენდუმსა და პრეზიდენტის არჩევნებს რუსეთიდან სარეკორდო რაოდენობის ჟურნალისტები დაესწრნენ.

ზოგიერთი მათგანი ცხინვალში ძარცვისა და ძალადობის ობიექტი გახდა. თანაც, რუსი ჟურნალისტების უდიდესი უმრავლესობა არაღიარებულ რესპუბლიკაში საქართველოს საზღვრის გვერდის ავლით, ვლადიკავკაზიდან, ჩავიდა. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობდნენ. მინდა რუსი ჟურნალისტების თვალით დანახულ ”რეფერენდუმსა” და მათ თავგადასავლებზე გესაუბროთ.

პოპულარულ რუსულ გაზეთ ”ვრემია ნოვოსტეის” კორესპონდენტი ივან სუხოვი ცხინვალის ხშირი ტუმარია და მას, როგორც მისი კოლეგები ამბობენ, მცირერიცხოვან ქალაქში სახით იცნობენ. რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” თანახმად, რომელმაც 14 ნოემბერს ჟურნალისტის ცემის ფაქტი პირველად გაავრცელა, ივან სუხოვს სახით იცნობდნენ თავდამსხმელებიც, რომლებმაც 13 ნოემბერს ჟურნალისტს ცხინვალის ცენტრში სასტიკად სცემეს და ხელჩანთა წაართვეს. რადიო ”თავისუფლება” შეეცადა დაკავშირებოდა დაზარალებულ რუს ჟურნალისტს და გაეგო, თუ რა მოტივი ედო საფუძვლად მასზე თავდასხმას. მაგრამ სუხოვის მობილური მთელი დღის განმავლობაში გათიშული იყო, გაზეთ ”ვრემია ნოვოსტეის” რედაქციაში კი გვითხრეს, რომ ჟურნალისტი, რომელსაც ცემისგან თვალის არეში ტრავმა განუვითარდა, ვლადიკავკაზში გადის მკურნალობის კურსს.

[რედაქციის თანამშრომლის ხმა] ” რამდენადაც ვიცი, იგი ვლადიკავკაზში იმყოფება და საღამოსთვის მოსკოვისკენ აპირებს გამომგზავრებას. თავდასხმა მასზე უშუალოდ ცხინვალში მოხდა. საბედნიეროდ, ცოცხალია და ჯანმრთელად არის, შედარებით ჯანმრთელად არის. მას პრობლემა აქვს თვალზე და მოსკოვში, არსებითად, სწორედ მკურნალობით იქნება დაკავებული.”

გაზეთ ”ვრემია ნოვოსტეის” ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კი ინკოგნიტოდ გვითხრა, რომ ივან სუხოვს, შესაძლოა, ანგარიში მისი ობიექტური პუბლიკაციების გამო გაუსწორეს. დასამალი არ არის, რომ მას შემდეგ, რაც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას, ყოფილი პრემიერ-მინისტრის დიმიტრი სანაკოევის სახით, გამოუჩნდა რეალური მეტოქე, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევის მომხრეა, რუსეთის მედიაში სულ უფრო ხშირად ჩნდება მწვავე შეკითხვები იმაზე, თუ რა იქნება 12 ნოემბრის შემდეგ. ხომ არ აღმოჩნდება მოსკოვი ჩიხში, თუკი კვლავ გააგრძელებს კოსოვოს თემით მანიპულირებასა და ედუარდ კოკოითის ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერას, როცა სამხრეთ ოსეთი ორად არის გახლეჩილი? ასეთი კითხვები თავის პუბლიკაციებში ყოველდღიურ გაზეთ ”კომერსანტის” ჟურნალისტმა ოლგა ალიონოვამაც წამოჭრა, რომელიც ცხინვალიდან თბილისში14 ნოემბერს დაბრუნდა და თავისი მოსაზრება რადიო ”თავისუფლებას” გაუზიარა:

[ოლგა ალიონოვას ხმა] ”შეკითხვები ახლა უფრო მეტი გაჩნდა, ვიდრე იყო, და ეს დაკავშირებულია ამ ალტერნატიულ მთავრობასთან. მთავარი შეკითხვა რუსეთშიც, სამხრეთ ოსეთშიც და, ალბათ, საქართველოშიც ისაა, წავა თუ არა რუსეთი სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. უფრო სწორად, ბოლო დროს რუსეთში ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ კოსოვოს პრეცედენტის შექმნის შემდეგ რუსეთი ცნობდა სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთსა და დნესტრისპირეთს. მაგრამ დღეს სრულიად აშკარაა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კოსოვოს პრეცედენტი შედგა, მისი მორგება სამხრეთ ოსეთზე ძალიან ძნელი იქნება.”

ცხინვალიდან გაგზავნილ თავის ერთ-ერთ ბოლო პუბლიკაციაში ოლგა ალიონოვა წერდა, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჯობა კრემლის პოლიტტექნოლოგებს იმით, რომ ასპარეზზე გამოიყვანა დიმიტრი სანაკოევი და შექმნა ორხელისუფლებიანობის პრეცედენტი. კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ჩემმა რესპონდენტმა თავის პუბლიკაციაში წამოჭრა, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მოქმედ რუსეთის მშვიდობისდამცველებს ეხება. ”როგორ უნდა მოიქცეს რუსეთის სამშვიდობო ძალის სარდლობა, თუკი ალტერნატიული პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევი მათ ცხინვალში შესვლას სთხოვს?”- სვამს კითხვას ოლგა ალიონოვა 14 ნოემბრის გაზეთ ”კომერსანტში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში. ამ შეკითხვაზე, რომლის ავტორობის უფლება რუს ჟურნალისტს ეკუთვნის, რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობას მალე მოუხდება პასუხის გაცემა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG