Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა სამინისტროს სიურპრიზი ავტომოყვარულებს: მსუბუქი ავტომობილების მფლობელები ქონების გადასახადით იბეგრებიან


ერთმა ცნობამ ავტომოყვარულების შეშფოთება გამოიწვია: საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მფლობელები ვალდებულნი არიან

ყოველი წლის 15 ნოემბრამდე ეგრეთ წოდებული ქონების გადასახადი გადაიხადონ - ასეთია საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის შესახებ ქართველმა ავტომოყვარულებმა 14 ნოემბრამდე არაფერი იცოდნენ. არადა, საგადასახადო დეპარტამენტის მესვეურები ამტკიცებენ, რომ მძღოლებს სპეციალური შეტყობინებები, გადასახადის დაფარვის მოთხოვნით, რამდენიმე თვით ადრე დაეგზავნათ. ინფორმაციული ვაკუუმის გარდა, მძღოლების შეშფოთება და გულისწყრომა იმანაც გამოიწვია, რომ, ვადების დარღვევის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსი ურჩ გადამხდელებს, საურავის სახით, საჯარიმო სანქციებს უწესებს.

საქართველოს გზებზე ავტომობილების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. საავტომობილო ფედერაციის მონაცემებით, წლის განმავლობაში საქართველოს ავტოპარკი საშუალოდ 50 ათასი ერთეულით მდიდრდება. შესაბამისად იზრდება მძღოლების, როგორც გადასახადების გადამხდელთა, რიცხვიც. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კობა აბულაძის თქმით, ახალი საგადასახადო კოდექსი ადგენს როგორც გადასახადის დაფარვის ვადას, ასევე მოცულობას:

[კობა აბულაძის ხმა] „15 ნოემბერი ეს არის დადგენილი ბოლო ვადა, როცა მსუბუქი ავტომობილების მფლობელებმა უნდა გადაიხადონ ქონების გადასახადი. რაც უფრო ახალია ავტომობილი, მით მეტია გადასახადი; რაც მეტია ძრავის კუბუტურა, ასევე მეტია გადასახადი. იწყება 5 ლარიდან და მთავრდება 300 ლარით.“(სტილი დაცულია)

საგადასახადო კოდექსის თანახმად, წელიწადში ხუთ ლარს გადაიხდიან ის მძღოლები, რომელთა ავტომობილის ძრავის მოცულობა 2 ათას კუბურ სანტიმეტრზე ნაკლებია, ხოლო ხნოვანება აღემატება 6 წელს; ყველაზე მეტი თანხის, 300 ლარის, გაღება მოუწევთ ერთ წლამდე ხნოვანებისა და 3 ათასი კუბური სანტიმეტრი მოცულობის ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს. თუმცა ერთია გადასახადის მოცულობა და მეორე - ინფორმაციის სიმწირე, რომელსაც მძღოლები უჩივიან.

[ბატონ ბუხუტის ხმა] „არაფერი ვიცი. ტელევიზორიდან გავიგე, რომ ყოფილა ქონების გადასახადი. პირველად მესმის ასეთი რამ.“

ბატონ ბუხუტის, 30 წლიანი გამოცდილების მძღოლს, მე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში, სალაროსთან რიგში, გამოველაპარაკე. ამბობს, რომ 14 ნოემბრამდე არც გადასახადისა და არც ვადის შესახებ არაფერი სმენოდა. ბატონ შალვასთან ერთად რიგში რამდენიმე ათეული ადამიანი დგას. გადასახადებზე მეტად მათ ჯარიმების მოცულობა აშინებთ.

[მამაკაცის ხმა] „დღეს გამოაცხადეს, რომ ვინც არ გადაიხდის, 300 ლარი ჯარიმაო. ასე თქვეს.“

[მამაკაცის ხმა] „არა, არანაირი ჯარიმა არ არის. საურავს იხდი მხოლოდ 0,07 პროცენტს დღეშიო.“

[ქალბატონის ხმა] „ზუსტად მაგ თემაზე ვლაპარაკობდით. ქალი მოვიდა და თქვა, ძალიან დიდი თანხა ჯდებაო, მანქანის ღირებულების 7 პროცენტიო. თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, მეც სხვისგან მოვისმინე.“

ერთი სიტყვით, მძღოლები დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდნენ და ამის მთავარი მიზეზი, როგორც საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე ამბობს, სახელმწიფო მოხელეთა დაუდევრობა და გულგრილობაა:

[შალვა ოგბაიძის ხმა] „სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის, ალბათ, 99 პროცენტი არ იყო საქმის კურსში, თუ რა სიურპრიზს უმზადებდნენ. როგორ არა, ჯარიმაც არის გადასახდელი და საკმაოდაც ურთულდებათ ცხოვრება ჩვენს თანამემამულეებს. სულ რაღაც ხუთი ლარიაო, ამბობენ. არ არის ასე საქმე. მთავარი ის არის, რომ ამ სულ რაღაც ხუთი ლარის გადახდისათვის ადამიანი კარგავს ერთ სამუშაო დღეს. ჩვენ, საავტომობილო ფედერაცია, კატეგორიულად ვგმობთ ასეთი ტიპის გადასახადის ასეთი ფორმით შემოღებას.“

ფინანსთა სამინისტრო არ იზიარებს ამ კრიტიკას. კობა აბულაძე, საგადასახადო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ამბობს, რომ საგადასახადო კოდექსში ცვლილება ორი წლის წინ შევიდა და, შესაბამისად, მძღოლებსაც უნდა სცოდნოდათ, რომ გადახდის ვადა 15 ნოემბერს იწურებოდა. კობა აბულაძე საურავის მოცულობასაც აზუსტებს:

[კობა აბულაძის ხმა] „ეს არის წლიური გადასახადი, რომლის გადახდაც შესაძლებელი იყო მთელი წლის განმავლობაში. ამ გადასახადის გადაუხდელობა არანაირ ჯარიმას არ იწვევს, გარდა საურავებისა. დაეკისრება მხოლოდ 0,07 პროცენტი საურავი.“(სტილი დაცულია)

თუმცა, შესაძლოა, მძღოლები ამ საურავისგანაც გათავისუფლდნენ. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ ავტომფლობელებს გადასახადის გადახდა საპატიო მიზეზით დაუგვიანდათ:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „ეს არის არასათანადო ადმინისტრირების ბრალი. შესაბამისად, ჩვენ ვერანაირად ვერ დავაკისრებთ პასუხისმგებლობას ავტომფლობელებს იმისათვის, რომ მათ ვერ შეძლეს დადგენილ ვადაში ამ გადასახადის გადახდა. არც ერთი ავტომფლობელი არ იქნება დაჯარიმებული იმის გამო, რომ 15 ნოემბრამდე არ იყო გადახდილი ეს გადასახადი.“

კუბლაშვილის თქმით, პარლამენტი და მთავრობა პოზიციებს კონსულტაციების შედეგად შეაჯერებენ, თუმცა მძოლების ერთ ნაწილს ვადის ამოწურვა და მასთან დაკავშირებული გართულება დიდად არ აღელვებს:

[მძღოლის ხმა] „დღეს-ხვალ გადავიხდით, რა პრობლემაა. მთავარია გადავიხადოთ. მერე რა, რომ დღეს ბოლო ვადაა. ხვალ გადავიხდით, ზეგ... რა, ჩამოგვახრჩობენ?“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG