Accessibility links

logo-print

პრესის მიმოხილვა


დღევანდელი პრესა, პოლიტიკური სიახლეების გარდა, მკითხველს გუშინ თბილისში გამართული ფეხბურთის მატჩის ანალიზსაც სთავაზობს.

მაგრამ ფეხბურთამდე მე თქვენს ყურადღებას პოლიტიკას მივაპყრობ. გაზეთ “რეზონანსის” მიერ შემოთავაზებული პროგნოზის მიხედვით: “პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ახალ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებზე ფიქრობენ. შესაძლოა, ახალ წლამდე პრეზიდენტმა პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები წარადგინოს. “რეზონანსის” წყაროს ცნობით, შს სამინისტროს გაყოფა იგეგმება. ჩვენი ინფორმაციით, მას უშიშროების სამინისტრო ისევ გამოეყოფა. საკანონმდებლო ორგანოს კულუარებში ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილს უშიშროების მინისტრად გადაიყვანენ. შს მინისტრი, შესაძლოა, ახლახან დაწინაურებული დავით კეზერაშვილი გახდეს”, - ასეთ ვარაუდს გამოთქვამს
“რეზონანსის” მიმომხილველი.

“ახალი თაობა” ყოფილი კონსერვატორის გეგმებით ინტერესდება და სტატიაში, სათაურით“დავითაშვილი ძიძიგურს გაეყარა”, წერს: “გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კობა დავითაშვილი ახალი პარტიის შექმნას აპირებს, ის არ უარყოფს და აცხადებს, რომ ჯერჯერობით კონსულტაციებს აწარმოებს. ცალად დარჩენილი დავითაშვილი არ გამორიცხავს, რომ ახალი წლის შემდეგ პარტია ოფიციალურად წარუდგინოს საზოგადოებას. ყოფილი დეპუტატი პარტიის სახელწოდებაზე ბევრს ფიქრობს და აღნიშნავს, რომ რამდენიმე ვარიანტი იხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია”, - წერს “ახალი თაობა” კობა დავითაშვილის პოლიტიკურ გეგმებზე. ამავე გაზეთში ქვეყნდება ინტერვიუ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძესთან, რომელმაც ანა დოლიძე შეცვალა. ჩხეიძე აცხადებს, რომ მის მომავალ საქმიანობაში უმთავრესი ორგანიზაციის პრიორიტეტების დაცვა იქნება. პრიორიტეტებად ის ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას, იურიდიული განათლების ხელშეწყობას, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ სახელმწიფო ორგანოებსა და სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას ასახელებს.

ღვინის კომპანია “ბადაგონისთან” დაკავშირებულ სკანდალზე წერს “ალია” და მიაჩნია, რომ “ბადაგონიზე” თავდასხმა სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს შეიძლება ძვირად დაუჯდეს: “სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა მთავრობაში თავისი კარიერა იმავე გზით დაიწყო, როგორც მისმა წინამორბედმა. გახსოვთ, ალბათ, მიხო სვიმონიშვილმაც ერთხელ ჩამოიარა ღვინის ქარხნები და დაღვარა ღვინო, რომელსაც ფალსიფიცირებულად მიიჩნევდა. მაშინ მას არავინ უჩივლა. მაგრამ ჩივიან იტალიელი ინვესტორები, რომლებმაც სულ ახლახან ქართული ღვინის წარმოებაში მილიონები ჩადეს. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ღვინის დაღვრა შეიძლება მალე კრიმინალის სახით შემოუტრიალდეს ცისკარიშვილს და აი, რატომ: კანონით სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, არავის შეუძლია რომელიმე წარმოებაში კონტროლი განახორციელოს სასამართლოს ორდერის გარეშე. ასეთი ორდერი “ბადაგონის” შემთხვევაში არსად ჩანს”, - წერს “ალია” და სხვა არგუმენტებითაც ცდილობს საკუთარი ვერსიის გამყარებას.

დასასრულ, ფეხბურთზე: “ნავსი გატყდა – კარგ თამაშს გამარჯვება მოჰყვა”. “24 საათის” სპორტული მიმომხილველების აზრით, გუშინდელი თამაში ნათელი მაგალითია იმისა, რომ კლაუს ტოპლიოლერი სწორ გზას ადგას და სულ მალე საქართველოს სრულყოფილი გუნდი ეყოლება. “ფაქტობრივად, ტოპლიოლერმა ურუგვაელებს მეორე შემადგენლობა დაუპირისპირა. მით უფრო სასიამოვნოა ეს გამარჯვება. გუშინდელმა თამაშმა დაგვანახვა, რომ პოტენციალი არსებობს. იგივე სირაძე ისე თამაშობდა, რომ იგი აშკარად იმსახურებს მინიმუმ კიდევ ერთ შანსს, რათა, ბოლოს და ბოლოს, ნაკრებში დაიმკვიდროს ადგილი”, - წერს “24 საათი” და დანანებით მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ 15 ნოემბრის მატჩს სულ რაღაც 10 ათასამდე გულშემატკივარი ესწრებოდა.
XS
SM
MD
LG