Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქნება თუ არა თბილისში ბუნებრივი აირი ზამთარში და რა ფასად


საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ რუსეთის მიერ გაზის საფასურის 110 აშშ დოლარიდან 230-მდე გაზრდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და რომ გაზის პოლიტიკური ფასის გადახდას არ აპირებენ.



იგივე კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 14 ნოემბერს ევროპარლამენტში გამოსვლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე:

[სააკაშვილის ხმა] ”პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ 230 დოლარის გადახდას, რადგან ეს კომერციული ფასი არ არის. ამ მომენტში ჩვენი ზოგიერთი მეზობელი რეალურად 65 დოლარს იხდის, სხვები - 110, 130 დოლარს. ზოგიერთ ამ ქვეყანასთან შედარებით, საქართველო რუსეთთან ბევრად უფრო ახლოს მდებარეობს, მაგრამ ჩვენ 230 დოლარი დაგვიწესეს. ამ ფასში კომერციული არაფერია. მორჩა და გათავდა.”

თუ საქართველო 1000 კუბურ მეტრ გაზში 230 აშშ დოლარის გადახდას არ აპირებს, მაშინ როგორ და რა გზით მოხდება საქართველოს გაზით მომარაგება ზამთარში?

პრეზიდენტის სიტყვები იმის შესახებ, რომ საქართველო გაზს 230 დოლარად არ იყიდის, ოდნავ მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ განმარტა და აი, რა განაცხადა:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”საქართველოს სახელმწიფო არც ყიდულობდა “გაზპრომისაგან”. ამას ყიდულობენ კერძო კომპანიები და მერე იყენებენ სადისტრიბუციო პროცესში ...
...ზოგიერთი მათგანისთვის ამ ფასად ყიდვას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ საწარმოო პროცესში ვერ გამოიყენებენ.”

ამ განცხადებებს თან დაერთო ”გაზპრომის” მიერ გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ მასთან საქართველოს არც ხელისუფლებას და არც კერძო კომპანიებს მოლაპარაკებები არ დაუწყიათ გაზის მოწოდებისა და მისი ფასის შესახებ.

ბუნებრივად გაჩნდა კითხვა, ექნება თუ არა საქართველოს გაზი 2007 წლის პირველი იანვრიდან, რადგან ამჟამად მოქმედი ხელშეკრულებები ძალაში სწორედ პირველ იანვრამდეა.

[გიორგი ქოიავას ხმა] ”მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ მოცულობა განცხადებული გვაქვს 430 მილიონი კუბური მეტრი 2007 წელზე. გაზის მოწოდება, ვფიქრობ, შეუფერხებლად იქნება - არ იქნება არავითარი შეფერხება. რაც შეეხება ფასს, ის გაცილებით უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე განცხადებული 230 დოლარი. ეს ჯერ მოლაპარაკების საგანია და, ვფიქრობ, ერთი თვის ვადაში იქნება ყველაფერი ცნობილი.”

ეს არის “თბილგაზის” გენერალური დირექტორი გიორგი ქოიავა. მისივე განცხადებით, გაზის სამომხმარებლო ტარიფი, ანუ გაზის საფასური, რომლის გადახდაც თბილისის მოსახლეობას პირველი იანვრიდან მოუწევს, აუცილებლად გაიზრდება. რა მოცულობით, ამას ჯერჯერობით არავინ აკონკრეტებს. ქოიავა თბილისის მოსახლეობას ურჩევს, მონაწილეობა მიიღოს სადაზღვევო კომპანია “ჯი-პი-აის” მიერ წამოწყებულ კამპანიაში, რომელიც გულისხმობს ზამთარში თავისი კლიენტებისთვის გაზის გაზრდილი საფასურის კომპენსაციის გადაცემას, 150 ლარის ოდენობით. ქოიავა გაზის ტარიფის ზრდით გამოწვეული სოციალური პრობლემების მოგვარების სხვა საშუალებებზეც საუბრობს:

[გიორგი ქოიავას ხმა] ”დღგ-ს მოხსნით, რა თქმა უნდა, სერიოზულად შემცირდება გაზის ტარიფი.”

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ გაზის გაძვირების სოციალურ კომპენსირებაზე მუშაობს, თუმცა რა ფორმით იქნება ეს, დამატებული ღირებულების გადასახადის გაუქმებით თუ ეგრეთ წოდებული სოციალური ტარიფით, ჯერჯერობით ნათელი არ არის.
XS
SM
MD
LG