Accessibility links

გერნოტ ერლერი: ”გერმანია საქმით ამტკიცებს, რომ არ არის საქართველოს ნატოში ღრმა ინტეგრაციის წინააღმდეგი”


16 ნოემბერს საქართველოში სამდღიანი ვიზიტი დაასრულა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და გერმანიის პარლამენტის წევრმა გერნოტ ერლერმა.

გავლენიანმა გერმანელმა პოლიტიკოსმა, რომლის ვიზიტის მიმართაც ოფიციოზს დიდი ყურადღება არ გამოუჩენია, საქართველოში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელებთან შეხვედრაც მოასწრო, ოპოზიციასთან საუბარიც და აფხაზეთში ჩასვლაც. ოთხშაბათ საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უარყო გავრცელებული მოსაზრება, თითქოს გერმანია არ უჭერდეს მხარს საქართველოს უფრო ღრმა ინტეგრაციას ნატოში და რუსეთ-საქართველოს კრიზისის დროს ”განზე გამდგარიყოს”. მინდა გერნოტ ერლერის - ამ მაღალი რანგის გერმანელი დიპლომატის - მიერ პრესკონფერენციაზე გამოთქმული მოსაზრებები უფრო ვრცლად გაგაცნოთ.


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გერნოტ ერლერი მეორე მაღალი რანგის გერმანელი დიპლომატია, რომელიც საქართველოს ესტუმრა. ერთი თვის წინ საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტის დოქტორ ლამერტის ვიზიტი გაიმართა. ეს ვიზიტები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობა, რომელშიც ამ უკანასკნელ ხანს ერთგვარმა პაუზამ იჩინა თავი, კვლავ აქტიურდება. ყოველ შემთხვევაში, გერმანია მზად არის საქართველოს პრობლემებზე უფრო მეტი ყურადღებით იფიქროს, როდესაც ქვეყანა 2007 წლის იანვრიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. პოზიტიური სიგნალები გერმანიის მხარემ, როგორც ჩანს, საქართველოსგანაც მიიღო: ეს არის მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილება, სიმშვიდე, რითაც თბილისი ”სამხრეთ ოსეთში” გამართულ ე.წ. რეფერენდუმს შეხვდა და რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციისაკენ გადადგმული ნაბიჯები, - აღნიშნა 15 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბუნდესტაგის დეპუტატმა გერნოტ ერლერმა. რის გაკეთებას აპირებს გერმანია იმისათვის, რომ რუსეთმაც გადადგას შემხვედრი ნაბიჯი, საქართველოსთან ურთიერთობის დეესკალაციის თვალსაზრისით? - რადიო ”თავისუფლების” ამ შეკითხვაზე გერმანელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯები გერმანიის მხრიდან უკვე იდგმება:

[გერნოტ ერლერის ხმა] ”მე საქართველოში ვიმყოფები და, ბუნებრივია, შანსი მაქვს რუსეთის პოლიტიკოსებს მივმართო და ამას გერმანიიდანაც ვაკეთებთ. მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ. მაგალითად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა წერილობითი თხოვნით მიმართა ჩვენს კანცლერს, რომ გამოიყენოს რუსეთზე მისი გავლენა. ამის შემდეგ შესაბამისი საუბარი მართლაც შედგა გერმანიაში პრეზიდენტ პუტინის უკანასკნელი ვიზიტისას 10 ოქტომბერს.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ნებისმიერ შესაძლებლობას ვიყენებთ რუს კოლეგებთან, პოლიტიკოსებთან სასაუბროდ, რათა იგივე ვაუწყოთ მათ. კერძოდ: შეარბილონ ტონი, მოახდინონ დეესკალაცია და თავი შეიკავონ ამ კონფლიქტის შემდგომი გაღვივებისგან."

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე უსაფუძვლო უწოდა მითქმა-მოთქმას, თითქოს, მოუგვარებელი კონფლიქტების გამო, გერმანია და რამდენიმე ნატოს წევრი ევროპის ქვეყანა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს უფრო ღრმა ინტეგრაციას ნატოში. გერნოტ ერლერმა სთხოვა ყველას, ვინც ასეთ აზრებს გამოთქვამს, ფაქტებით იხელმძღვანელონ:

[გერნოტ ერლერის ხმა] ”საუკეთესო პასუხი მითქმა-მოთქმაზე არის ფაქტები. 18 ივლისს საქართველომ დასავლეთის ალიანსთან დაიწყო ე.წ. ”ინტენსიური დიალოგი”. ეს დიდი წინგადაგმული ნაბიჯია, რაშიც გერმანიამ დიდი დახმარება გასწია. ჩემი ქართველი პარტნიორებისგან ხშირად მომისმენია მადლიერების სიტყვები გერმანიის მიერ გაწეული დახმარების გამო, რათა ამ ინტენსიური დალოგის შემდეგი საფეხურიც შესრულებულ იქნეს."


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გერნოტ ერლერი 15 ნოემბერს რამდენიმე საათით სოხუმშიც იმყოფებოდა და შეხვედრები ჰქონდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან. გერმანელი დიპლომატის თქმით, სოხუმი კვლავ სამშვიდობო პროცესის დარღვევად მიიჩნევს კოდორის ხეობაში ივლისის ბოლოს ჩატარებულ სპეცოპერაციას და თბილისისგან გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციის შესრულებას მოელის. რაც შეეხება ე.წ. რეფერენდუმს და საპრეზიდენტო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში, გერნოტ ერლერის თქმით, ეს ნაბიჯი გაართულებს შემდგომ მოლაპარაკებებს როგორც ორმხრივ, ასევე ოთხმხრივ ფომატში, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით ტარდება:

[გერნოტ ერლერის ხმა] ”გერმანიამ ევროპის კავშირთან ერთად უნისონში განაცხადა, რომ ეს რეფერენდუმი მართლაც უაზრო და უმნიშვნელო იყო საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისითაც და სრულიად არ გვეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში. იგივე შეიძლება ითქვას ალტერნატიულ კენჭისყრაზეც. მეორე მხრივ, უნდა ითქვას, რომ ალტერნატიული კენჭისყრა იმას ნიშნავს, რომ მომავალში უფრო რთული იქნება გამოყოფა ცალმხრივი ზომების გზით. მეორე მხრივ, სამწუხაროდ, ჩნდება ეს კითხვაც: ამით ხომ არ გართულდება სამხრეთ ოსეთის პრობლემასთან დაკავშირებით აუცილებელი შემდგომი მოლაპარაკებები? სამწუხაროდ, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ალტერნატიული კენჭისყრის შედეგი."
XS
SM
MD
LG