Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“საგანგაშო მდგომარეობა”


“საგანგაშო მდგომარეობა” - ასე ჰქვია მოწოდებას, რომელიც დასავლეთის პრესაში ახლახან გავრცელდა და რუსეთის ფედერაციას შეეხება.

მას ხელი მოაწერეს მსოფლიოში ცნობილმა პირებმა: უფლებადამცავმა და ჩეხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა, ფრანგმა ფილოსოფოსმა და მწერალმა ანდრე გლუკსმანმა, ირანში დაბადებულმა სომხური წარმოშობის ამერიკელმა მეცნიერმა, ახლა ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის თავმჯდომარემ ვართან გრეგორიანმა, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ვილემ დე კლერკმა, ფილოსოფოსმა და დიპლომატმა მიხაელ ნოვაკმა, ნიპონ ფაუნდეიშენის თავმჯდომარემ იოჰეი სასაკავამ, ჩეხეთის პრეზიდენტის ყოფილმა კანცლერმა კარელ შვარცენბერგმა, ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა, კეიპტაუნის ყოფილმა მთავარეპისკოპოსმა დესმონდ მპილო ტუტუმ.

მოწოდების ტექსტი

რუსეთის ფერედაციაში საგანგაშო მდგომარეობის კიდევ ერთ დასტურად მიგვაჩნია თავისი აზრის დაუფარავად გამომხატველი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა. ანა პოლიტკოვსკაია სიტყვის თავისუფლებისა და ჩეჩნეთის კონფლიქტის თაობაზე სიმართლისთვის ბრძოლის კიდევ ერთი მსხვერპლია. ის მოკლეს წინა საღამოს, სანამ წავიდოდა საქართველოში, ქვეყანაში, რომლის ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, რეგიონში ახლანდელი დაძაბულობის გათვალისწინებით, სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლევა. გაოგნებულები და შეწუხებულები ვართ იმ ცნობების გამო, რომლებიც რუსეთში ქართველების საწინააღმდეგოდ მიმართულ ზომებს შეეხება. მათ შორისაა საერთაშორისო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოსკოვის პოლიციამ დაავალა სკოლებს, არალეგალური მიგრანტების ძებნის საბაბით, გადასცენ მას ქართული გვარების მატარებელი მოსწავლეების სიები, და, აგრეთვე, რომ რუსეთში ქართველების ხელში არსებული საწარმოები დაიხურა.
იმის გათვალისწინებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ღარიბი ოჯახებისთვის ფულის გზავნილებს, შეშფოთებულნი ვართ საბანკო გადარიცხვების შეჩერების გამოც.

თავს მოვალედ მივიჩნევთ, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მთავრობებს შორის დაპირისპირება ვერ გაამართლებს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ზომებს. მოველით, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა დაადასტურებს ეთნიკურ უმცირესობათა უფლებებს, თავს შეიკავებს ქართველების საწინააღმდეგო მტრული რიტორიკისა და ზომებისაგან და უზრუნველყოფს ჩვენი საერთო დემოკრატიული ფასეულობებისა და მეზობელთა შორის პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობის შენარჩუნებას.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG