Accessibility links

logo-print

ვიეტნამში ვიზიტით მყოფი ჯორჯ ბუში ერაყის ომზე საუბრობს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს ვიეტნამში ჩავიდა - ქვეყანაში, სადაც ამერიკა 30 წლის წინ სისხლიან ომში დამარცხდა.


ნიშანდობლივია, რომ ამერიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ვიეტნამში წარმოთქმულ სიტყვაში თავის ქვეყანას მოუწოდა, არ გამოიყვანოს ჯარები ერაყიდან. ბუშის დღევანდელი გამოსვლის ფონი ერაყთან დაკავშირებით კვლავ არასახარბიელო ინფორმაციის გავრცელებაა - ახლახან კიდევ ორ ამერიკელ ჯარისკაცს გამოუტანეს განაჩენი ერაყის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის გამო.

გასული საუკუნის 60-იან და ადრეულ 70-იან წლებში შეერთებული შტატები ვიეტნამში კომუნისტურ ძალებს ებრძოდა. ეს ომი ამერიკის გამარჯვებით არ დასრულებულა - ბოლოს შეერთებულ შტატებს ვიეტნამიდან ჯარის გაყვანა მოუწია.

დღეს კი შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტი ამბობს, რომ ჯარის გაყვანა შეცდომა იყო, რომელიც ამერიკამ აღარ უნდა გაიმეოროს:

[ბუშის ხმა] ”წარმატებას მივაღწევთ, თუ ერაყს არ დავტოვებთ. პრემიერ-მინისტრ ალ მალიქის მთავრობა კარგად ამუშავდება, ოღონდ კოალიცია იქიდან დროზე ადრე არ უნდა გამოვიდეს.”

ვიეტნამის ომის დასრულების შემდეგ, ჯორჯ ბუში ამერიკის მეორე პრეზიდენტია, რომელიც ვიეტნამს ეწვია. პირველი ბილ კლინტონი იყო.

შეერთებულ შტატებში ბუში მზარდი ზეწოლის ქვეშ არის. პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალები ერაყიდან ამერიკის ჯარის ეტაპობრივი გამოყვანის მოთხოვნით გამოდიან. ამის მიუხედავად, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე დასასწრებად ჰანოიში ასულმა ბუშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკამ მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინოს:

[ბუშის ხმა] ”უბრალოდ, იმედის და თავისუფლების იდეოლოგიას სიძულვილის იდეოლოგიის დასამარცხებლად დიდი დრო სჭირდება. დღევანდელ სამყაროში ხალხს მოვლენების მყისიერი განვითარების ხილვა სურს. არადა, ერაყში კვლავაც ბევრია გასაკეთებელი.”

პრეზიდენტის განცხადებების პარალელურად, ამერიკელებს პარასკევს ერაყის ომთან დაკავშირებით არცთუ სახარბიელო ამბების გაგება მოუხდათ.

ერაყში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის გამო ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სასამართლო პროცესებზე განაჩენი გამოუტანეს ორ ამერიკელ ჯარისკაცს.

ერთ-ერთი მსჯავრდებული ჯეიმს ბარკერია. მას 90 წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ერაყელი გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობის და გოგონას მთელი ოჯახის დახოცვის გამო. ბარკერმა თავი დამნაშავედ ცნო და იმ მიზნით, რომ სიკვდილით დასჯას გადარჩენილიყო, მკვლელობაში მონაწილე სხვა ჯარისკაცების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას დასთანხმდა.

კიდევ ერთი სამხედრო, რომელსაც ერაყში ჩადენილი ქმედებების გამო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, ტაილერ ჯეკსონია. 52 წლის ერაყელი მამაკაცის გატაცებასა და მკვლელობაში მონაწილეობის გამო მას 21 თვით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.

პარალელურად, ერაყიდან კვლავ ძალადობის შემთხვევების შესახებ მოდის ინფორმაცია. სამხრეთის ქალაქ ნასირიაში დღეს კუვეიტური ფორმის თანამშრომელთა ავტოკოლონა გააჩერეს და დაახლოებით 14 ადამიანი გაიტაცეს - მათ შორის 4 ამერიკის მოქალაქეა. ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ არიან გამტაცებლები.
XS
SM
MD
LG