Accessibility links

logo-print

ვის ებრძვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ფალსიფიკატორებს თუ ინვესტორებს? - კომპანია „ბადაგონი“ სასამართლოში ჩივის


სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ფინანსური პოლიციის თანამშრომლები ღვინის ქარხნების შემოწმებას განაგრძობენ



და საეჭვო ხარისხის პროდუქციას, სასამართლოს გვერდის ავლით, ლაბორატორიული შემოწმების საფუძველზე ანადგურებენ. მთავრობაში ამტკიცებენ, რომ ღონისძიება ქართული ღვინის ხარისხისა და პრესტიჟის ამაღლების მიზნით ხორციელდება, თუმცა ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან არც ეკონომიკის ექსპერტები და არც იურისტები, ასევე, არც ეგრეთ წოდებული „დაზარალებული კომპანიების“ წარმომადგენლები, რომელთა შორის, ყველასათვის მოულოდნელად, ქართულ-იტალიური კაპიტალით დაფუძნებული კომპანია „ბადაგონის“ პრეზიდენტი თემურ უბილავაც აღმოჩნდა. მინდა უფრო დაწვრილებით მოგითხროთ ღვინის ხარისხზე ზრუნვის ქართული თავისებურების შესახებ.

კომპანია „მეღვინეობის რაინდმა“ 2006 წლის პირველ ნახევარში სახელი შეიცვალა და „ბადაგონი“ დაირქვა, მოგვიანებით კი ღვინის ღვთაების სეხნია კომპანიამ სოფელ ხოდაშენში გახსნა ქარხანაც, რომელიც წელიწადში 3 მილიონ ბოთლ ღვინოს უშვებს. ახალ საწარმოში ღვინის ჩამოსხმის პროცესს საგანგებოდ მოწვეული ფრანგი კინოვარსკვლავი კაროლ ბუკე და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრნენ, ტელემაყურებელთა ყურადღება კი კომპანიის სარეკლამო რგოლმა მიიპყრო:

[ფრაგმენტი რეკლამიდან] „კარგი კაცი სულ უნდა მუშაობდეს, ქალები უნდა უყვარდეს და ღვინოში უნდა ერკვეოდეს.“

კარგი, ღვინის მოყვარული კაცები, ცხადია, მთავრობაშიც არიან. მაგალითად, კულტურის მინისტრს გიორგი გაბაშვილს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში თუ საზღვარგარეთ არაერთი ღონისძიება ჩაუტარებია.

[გიორგი გაბაშვილის ხმა] „რა არის კარგი ღვინო, ამაზე საუბარი ძნელია. თუ გამასინჯებთ, გეტყვით კარგია თუ არა.“

გიორგი გაბაშვილის მსგავსად, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტში, ანუ „სამტრესტშიც“
ამტკიცებენ, რომ მათაც შეუძლიათ კარგი და ცუდი ღვინის გარჩევა, თუმცა ამისათვის ლაბორატორიის დასკვნაა საჭირო. ირკვევა, რომ ვაზისა და ღვინის შესახებ კანონის თანახმად, სწორედ რომ „სამტრესტი“ ამარაგებს ლაბორატორიებს სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული ღვინის ნიმუშებით. „მულტტესტის“ - კვების პროდუქტების ლაბორატორიის - დირექტორი ნესტან მგელაძე ამბობს, რომ ორიოდე დღის წინ კომპანია „ბადაგონის“ მიერ გამოშვებული ღვინო შეამოწმეს:

[ნესტან მგელაძის ხმა] „ჩვენთან ამ კომპანიის 6 სახეობის ღვინო აღმოჩნდა. ერთში იყო ხელოვნური საღებავი აღმოჩენილი, ხოლო მეორეში უშაქრო ექსტრაქტის დათვლა არ მოხერხდა. საერთოდ, სწორედ ეს უშაქრო ექსტრაქტი განსაზღვრავს, როგორც მეღვინეები იტყვიან, ღვინის ბუკეტს. აქ არის თავმოყრილი ღვინისთვის დამახასიათებელი თვისებები.“(სტილი დაცულია)

სწორედ „მულტტესტის“ მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე შევიდნენ ფინანსური პოლიციის თანამშრომლები კომპანია „ბადაგონის“ ღვინის საცავში და რამდენიმე ათეული ლიტრი ღვინო დაღვარეს. არადა, კომპანიის წარმომადგენლებს თავად ლაბორატორიისა და „სამტრესტის“ წარმომადგენელთა ობიექტურობაში ეპარებათ ეჭვი. „ბადაგონის“ პრეზიდენტი თემურ უბილავა ამტკიცებს, რომ ცალკეული მოხელეები არა ფალსიფიკაციას, არამედ ინვესტორს ებრძვიან:

[თემურ უბილავას ხმა] „ეს იყო, ალბათ, ძალიან დიდი შეცდომა იმ მოხელეებისა, რომლებმაც სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრის წინაშე თავის გამოჩენა გადაწყვიტეს. გარდა იმისა, რომ მინისტრი შეცდომაში იქნა შეყვანილი, გადაიდგა არაადეკვატური და უკანონო ნაბიჯები. უკანონობა იყო ქარხანაში შეჭრა და ღვინის დაღვრა. გარდა ამისა, შეგნებულად გავრცელდა დეზინფორმაცია: 100 ლიტრი ღვინის განადგურება ისე წარმოაჩინეს, თითქოს 60 ტონა დაეღვაროთ ფალსიფიცირებული პროდუქციის.

ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ კომპანია „ბადაგონს“ სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი უნდა ებრძოდეს, თუმცა თავად პეტრე ცისკარიშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს:

[პეტრე ცისკარიშვილის ხმა] „პირიქით, მე ვეხმარებოდი ლამის მშენებლობაში. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ინვესტიცია განხორციელდა, ამხელა ქარხანა აშენდა, მაგრამ ეს არ არის იმის გარანტია, რომ ცისტერნაში არ იყოს ხელოვნური საღებავით შეფერილი ღვინო.“

ფალისიფიკაციასთან ბრძოლა რომ საშური საქმეა, ეს კარგად ესმით ბიზნესმენთა ფედერაციაშიც, თუმცა ლადო ხარატიშვილი, ფედერაციის ფინანსური დირექტორი, ამბობს, რომ ბრძოლა კანონის ფარგლებში უნდა წარმოებდეს:

[ლადო ხარატიშვილის ხმა] „კერძო ქონება უნდა იყოს დაცული. ამაზე ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. ორივე მხარე უნდა მივიდეს სასამართლოში და იდავოს იქ.“

მიუხედავად იმისა, რომ კერძო საკუთრება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე განადგურდა, ხელისუფლება თავის მართლებას მაინც არ აპირებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა გოცირიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის პავლე კუბლაშვილის კომენტარები:

[ლაშა გოცირიძის ხმა] „კანონის დარღვევას ფინანსური პოლიციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.“

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინვესტიცია და განსაკუთრებით ღვინის წარმოების სფეროში, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლას სამომავლოდაც.“

„ბადაგონის“ წარმომადგენლები კი კომპანიის ღირსების დაცვას სასამართლოში აპირებენ. ადვოკატი დავით ასათიანი ითხოვს როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზარალის ანაზღაურებას:

[დავით ასათიანის ხმა] „ჩვენ დავუპირისპირდებით ყველა იმ მოქმედებას, რაც განხორციელებული იქნა მაკონტროლებელი ორგანოების მიერ. აშკარად დაირღვა კანონი.“(სტილი დაცულია)

თუმცა, როგორც ჩანს, არჩეული გზიდან გადახვევას არც ხელისუფლების წარმომადგენლები აპირებენ. 17 ნოემბერს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ფინანსურმა პოლიციამ ამჯერად უკვე სენაკში, ღვინის ქარხანა „სენაკურში“, ჩაატარეს ერთობლივი რეიდი. შედეგად, სასამართლოს დადგენილების გარეშე, 17 ათასი ბოთლი ღვინო განადგურდა.
XS
SM
MD
LG