Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირა გაზეთმა “24 საათმა” დაიწყო ვრცელი წერილი, ”საერთო ნიადაგის ძიებაში”, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებსა და კონსტიტუციის შესაძლო შეცვლას მიეძღვნა.

ერთი ციტატა: ”95 წლის კონსტიტუციაში უკვე იმდენი ცვლილება შევიდა, რომ მისი ლეგიტიმურობის უმანკოება შეუქცევადად დაკარგულია. ადრე თუ გვიან, უნდა მოხდეს იმის აღიარება, რომ, კონსტიტუციის მიერ განცდილი პოლიტიკური ტრავმების შედეგად, დადგა სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა. მართალია, ძირითადი კანონის სიცოცხლის შენარჩუნების აპარატურით მისი ვეგეტატიურ მდგომარეობაში არსებობის გახანგრძლივება კიდევ დიდხანს შეიძლება, მაგრამ მისი ავტორიტეტი რეანიმაციას უკვე აღარ ექვემდებარება. ახალ პოლიტიკურ სისტემას ახალი კონსტიტუცია სჭირდება.”

”პროვოკაციული სახელმწიფო იმიჯს იცვლის” - ასე აფასებდა გაზეთი “ახალი 7 დღე” საქართველოს პრეზიდენტის სიტყვას სტრასბურგში, ევროპარლამენტარების წინაშე. პრეზიდენტის გამოსვლაში აშკარად იგრძნობოდა რუსეთთან ურთიერთობაში აქამდე მტკიცედ შენარჩუნებული სიხისტის შერბილება. დროში ეს სირბილე დაემთხვა გაეროს უკანასკნელი რეზოლუციის მოთხოვნებს. როგორც ცნობილია, ამ რეზოლუციით ცალსახად უარყოფითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების კურსი აფხაზეთში, კერძოდ, კოდორის ხეობაში. თუ ეს არის რუსეთის თუნდაც პირობითი გამარჯვება, მაშინ სტრასბურგში სააკაშვილის გამოსვლა და რუსული რევერანსი უნდა ჩაითვალოს საქართველოს ერთგვარ უკანდახევად, - წერს ”ახალი 7 დღე”.

ბუნებრივია, გასულ კვირაში ქართული გაზეთები ეხმიანებოდნენ სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქში გამართულ ორ რეფერენდუმსა და ორ საპრეზიდენტო არჩევნებს. ”რეზონანსში” ასეთ მსჯელობას წაიკითხავდით: ”სანაკოევს აქვს ბევრი არგუმენტი, თუ რატომ შეიცვალა პოლიტიკური ორიენტაცია. ახალი ცოცხი მოსახლეობისთვის უფრო საინტერესოა. სანაკოევმა ბევრი დაპირება გასცა, ისევე როგორც კოკოითიმ. თუმცა კოკოითის დაპირებების ხალხს უკვე აღარ სჯერა. ამიტომაც თქვა, როცა ჩრდილოეთ ოსეთთან გავერთიანდებით, მერე რუსეთის შემადგენლობაში შევალთო. სანაკოევს კი შანსი ჯერ არ მისცემია, მოსახლეობისთვის ყოფითი ხასიათის პრობლემების გადაჭრა შეეთავაზებინა. ახლა იწყება მისი დაპირებების შესრულების დრო. ხალხისთვის, ბარიკადის ორივე მხარეს, მთავარია ეკონომიკური პრობლემების მოგვარება. ვინც ამას გააკეთებს, ხალხიც მას დაუჭერს მხარს. კოკოითი ამის გამკეთებელი პრაქტიკულად არ არის.”

გადავხედოთ შაბათის, 18 ნოემბრის, გაზეთებსაც. ისევე როგორც გასულ შაბათს, მთავარი თემა თითქმის ყველა გაზეთში ირაკლი ოქრუაშვილის გადადგომაა ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან. ამ დღეს გამოსული გაზეთების დიდი ნაწილი დაკავებულია სამომავლო საკადრო გადაწყვეტილებათა ვერსიების ჭვრეტით. ”ალია” მიჩნევს, რომ ოქრუაშვილზე ნადირობა იწყება: ”ახლა ის ყველას სამიზნეა, პირველ რიგში, ყოფილი დაპატიმრებული თუ გაქცეული ჩინოვნიკების, - შავი სამყაროსი, - რომლებიც საზღვარგარეთიდანაც კი იმუქრებოდნენ. ფიზიკურ საფრთხეებთან რთად არსებობს მორალური საფრთხეებიც იმავე სააკაშვილის ხელისუფლებისგან. ახლა საკმარისია თავდაცვის უწყებაში კონტროლის პალატა შეუშვან, რომ ხელისუფლება შეძლებს სერიოზული კომპრომატების გამოცხობას. საფრთხეა რუსეთიც. ის ოქრუაშვილისგან კიტოვანის გამოძერწვას შეეცდება,” - შეგახსენებთ, ეს გაზეთ ”ალიას” ვარაუდები გახლავთ.

“ახალი თაობა” კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ნიკა გილაურს იმოწმებს და წერს, რომ, რუსეთის მხრიდან ენერგოდივერსიის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენის საშიშროება არ ემუქრება. არ არის გამორიცხული, რუსეთმა ენერგოდივერსიას მიმართოს “გაზპრომთან” ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ბოლო დღეებში, ალტერნატიული წყაროდან გაზის იმპორტის დაწყებამდე. გილაურის თქმით, ალტერნატიულ საშუალებებს ქვეყანა საჭიროებისამებრ და ოპერატიულად გამოიყენებს. ნებისმიერი შემთხვევისათვის გვაქვს ალტერნატიული წყაროები, აზერბაიჯანისა და ირანის სახით,” - წერია გაზეთ ”ახალ თაობაში”.
XS
SM
MD
LG