Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


გასული კვირის უცხოეთის პრესის მიმოხილვაში თქვენს ყურადღებას რამდენიმე თემაზე შევაჩერებთ,

მათ შორის არის ვიეტნამში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ვიზიტი. ამ ვიზიტს, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტთან დაკავშირებით მიმდინარეობს, პრესის ფართო გამოხმაურება მოჰყვა:
ვიეტნამი ხომ ის ქვეყანაა, რომელშიც ამერიკა 30 წლის წინ სისხლისმღვრელ ომში დამარცხდა; ბუში კი აშშ-ის სულ მეორე პრეზიდენტი, რომელიც ომის შემდეგ ვიეტნამს ესტუმრა.

აი, რას წერს ამ ვიზიტთან დაკავშირებით იტალიის ყოველდღიური გაზეთი “რეპუბლიკა”:

“თუ დედამიწაზე არსებობს რაიმე სიმბოლური ადგილი, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი არ ისურვებდა ჩასვლას არჩევნებში ცალსახა მარცხის შემდეგ და ერყში ომის ფონზე, რათა თავიდან აეცილებინა მტკივნეული შედარებები, ეს - ვიეტნამია. მაგრამ, ასეა თუ ისე, აზია-წყნარი ოკეანის სამიტი მაინც წლების წინაა დაგეგმილი და ასე მოხდა, რომ ჯორჯ ბუში პარასკევს დილით ჩავიდა მაინცდამაინც იმ ქვეყანაში, რომელიც ამერიკელებს მეოცე საუკუნის უდიდეს მარცხს ახსენებს”, - წერს ვიეტნამში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით გაზეთი “რეპუბლიკა”.

ვიეტნამში მიმდინარე აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს სტატიას უძღვნის გაზეთი “ფაინენშალ ტაიმსიც”. ის წერს:

“ჰანოიში მიმდინარე სამიტის მონაწილეები ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის, გარკვეულწილ, მადლობლებიც კი უნდა იყვნენ: მან სამიტის მონაწილეებს ერთი სერიოზული თემა მაინც გაუჩინა განსახილველად. რომ არა ჩრდილოეთ კორეელი ლიდერის მუქარა “მსოფლიოს ავაფეთქებო”, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი 21 ქვეყნის ლიდერებს გაუჭირდებოდათ თავიანთი ვიზიტის აუცილებლობის დასაბუთება. ორგანიზაციის არსებობის 17-წლიანი ისტორიის მანძილზე, მიღწევები იმდენად მოკრძალებულია, რომ ორგანიზაციის სტაჟიანი მხარდამჭერებიც კი სვამენ შეკითხვას, საერთოდ რა მიზანს ემსახურება ეს ორგანიზაცია. მას ბევრი არაფერი აქვს გაკეთებული რეგიონული ინტეგრაციის ხელშესაწყობად”.

ახლა სხვა თემაზე, რომლითაც საქართველოს ვუახლოვდებით. გასულ კვირაში პოლონეთმა, როგორც ცნობილია, ვეტო დაადო რუსეთთან ევროკავშირის პარტნიორობის შესახებ ახალი შეთანხმების დადებას და ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ რუსეთს გარკვეული მოთხოვნები წაუყენა: მათ შორის არის რუსეთში ზოგი პოლონური პროდუქტის იმპორტზე ემბარგოს გაუქმება. აი, რას წერს პოლონეთის ვეტოსთან დაკავშირებით ვარშავაში გამომავალი გაზეთი “ჟეჩპოსპოლიტა”:

“მთავარი პრობლემაა რუსეთის პოზიცია - ამ ქვეყანას სურს ევროკავშირს უკარნახოს თავისი ეკონომიკური პირობები, და ევროკავშირის პოზიცია, რომელიც ამ ნაკარნახევ პირობებს ემორჩილება, რათა არ გააღიზიანოს მთავარი ენერგომომმარაგებელი. ამიტომ ბრიუსელმა მხოლოდ იმის თქმა შეძლო, რომ სოლიდარობას უცხადებს პოლონეთს, რომელიც იბრძვის მის პროდუქტებზე მოსკოვის მიერ შემოღებული ემბარგოს გასაუქმებლად. გაუმართლებელია ზოგიერთის შეფასება, თითქოს, ევროკავშირის ხელშეკრულების წინააღმდეგ ვეტოს გამოყენებით, პოლონეთს თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაეყენებინოს. ზოგი დასავლური გამოცემა, რომლებიც კარგა ხანია აკრიტიკებენ თავიანთი მთავრობების ტოლერანტულ დამოკიდებულებას სულ უფრო ნაკლებად დემოკრატიული რუსეთისადმი, პოლონეთს აქებს. ეს კარგი სიგნალია. იქნებ ევროკავშირმა ბოლოსდაბოლოს გააცნობიეროს, რომ რუსეთთან ხელშეკრულებები უნდა დაიდოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით. იქნებ გააცნობიერონ, რომ ზოგჯერ შეთანხმების გარეშე ყოფნა ჯობია ცუდ შეთანხმებას, ხელმოწერილს თუნდაც ვლადიმირ პუტინის მიერ”, -
ვკითხულობთ ვარშავაში გამომავალ “ჟეჩპოსპოლიტაში”.

აღსანიშნავია, რომ უცხოეთის პერსაში გასული კვირის მანძილზე ბევრს წერდნენ საქართველოზე - 12 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონში ჩატარებულ “საპრეზიდენტო” არჩევნებთან დაკავშირებით. თუმცა სტატიები, უმეტესწილად, ფაქტების მოყვანით შემოიფარგლება - ვის და რას უყარეს კენჭი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, რა იყო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგი და ა.შ. რახან მსმენელისთვის ყველა ეს ფაქტი კარგად არის ცნობილი, მათზე არ შევჩერდებით და შემოგთავაზებთ ციტატებს მხოლოდ ერთი ანალიტიკური წერილიდან, რომელსაც შვეიცარიის წამყვანი გერმანულენოვანი გაზეთი “ნოიე ციურხერ ცაიტუნგი” აქვეყნებს. სტატიაში სათაურით “რუსეთის ორმაგი თამაში კავკასიაში” ვკითხულობთ:

“იმპერიული ამბიციები რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკას უკვე საუკუნეების მანძილზე მართავს და კავკასიაა იმის მაგალითი, რომ გავლენისათვის ბრძოლა იმპერიის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ დღემდე გრძელდება. ჩეჩნეთი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, საერთოდ საქართველო - მოსკოვის ომსა და პოლიტიკას კავკასიონის ორივე მხარეზე ასაზრდოებს ძალაუფლების დაკარგვის შიში გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან რეგიონში”.

ამის შემდეგ სტატიის ავტორი შეგავახსენებს, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონლფიქტების კონტექსტში რუსეთმა უკვე არაერთხელ გაავლო პარალელი მათსა და კოსოვოს პრობლემებს შორის და მსოფლიოს მოუწოდა, აღიაროს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა, თუ კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს. სტატიის ავტორი კი კიდევ ერთ კონფლიქტს იხსენებს:

“მოსკოვის არგუმენტაცია კოსოვოს პრეცედენტით აუცილებლად წამოჭრის ჩეჩნეთის საკითხს. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს უნდა მიანიჭონ ის, რაზეც ჩეჩნეთს დაუნდობელი ომით უარი უთხრეს? ყოველივე იმის შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში მოხდა, მითითება ჩეჩნეთში გამართულ საკონსტიტუციო რეფერენდუმზე, რომელშიც ჩეჩნები ფედერაციაში დარჩენას მიემხრნენ, არის ცინიზმი და ცხადჰყოფს რუსეთის ორპირობას კავკასიის პოლიტიკაში”.

ამ შეფასებას წაიკითხავთ სტატიაში სათაურით “რუსეთის ორმაგი თამაში კავკასიაში” რომელსაც 14 ნოემბრის ნომერში აქვეყნებს “ ნოიე ციურხერ ცაიტუნგი”.
XS
SM
MD
LG