Accessibility links

logo-print

ეკონომიკის მინისტრის პოსტი ვაკანტურია - მმართველ ძალაში ირაკლი ოქრუაშვილის გადაწყვეტილებას ნაჩქარევს უწოდებენ


თავდაცვის მინისტრობის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ირაკლი ოქრუაშვილმა მხოლოდ ერთი კვირა დაყო.







პარასკევს გავრცელდა ცნობა მინისტრის პოსტიდან მისი გადადგომის შესახებ. ცნობა დადასტურდა და სახელისუფლებო გუნდშიც ირაკლი ოქრუაშვილის გადაწყვეტილება ნაჩქარევად შეაფასეს. ეკონომიკის მინისტრის პოსტი კვლავ ვაკანტურია. კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა ახალი მინისტრი 2 კვირის მანძილზე უნდა დანიშნოს. რატომ დატოვა ეკონომიკის მინისტრის პოსტი ოქრუაშვილმა? - ამის ახსნას საზოგადოება თავად ყოფილი მინისტრისგან ელის.

კანცელარიაში განმარტავენ, რომ იქ ჯერ არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია ეკონომიკის ახალი მინისტრის წარდგენის თაობაზე. ეკონომიკური განვითარების სამინისტროშიც არაფერს ამბობენ ოქრუაშვილის მოულოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. სამინისტროდან გავრცელებული ცნობით, ეკონომიკის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი სამინისტროში, 2-3 კაცის გარდა, არავის დალაპარაკებია, ახალ სამსახურში მას თითქმის ვერ ხედავდნენ, ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში ის არც მთავრობის სხდომაზე გამოცხადებულა.

ეკონომიკის მინისტრად წარდგენისას პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო მას წყენა არ დაუმალავს. ”ჩემი სული და გული თავდაცვის სამინისტროსა და ქართულ არმიაში დარჩა” - ასეთი იყო ახალი თანამშრომლების წინაშე ახალი მინისტრის მიერ გაკეთებული ერთ-ერთი პირველი განცხადება. მართალია, პრეზიდენტმა განმარტა, რომ თავდაცვა საქართველოს ახლა ყველაზე მეტად ეკონომიკის სფეროში სჭირდება და რომ ოქრუაშვილს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მძიმეწონიან პოლიტიკურ ფიგურას, ეკონომიკური თავდაცვის ფრონტზე უშვებს, აშკარაა, რომ ოქრუაშვილმა თავდაცვის სამინისტროდან ეკონომიკის სამინისტროში მისი გადანაცვლება პოლიტიკურ დარტყმად მიიღო.

”მისი წასვლა ჩვენი გუნდისთვის დიდი დანაკლისია, გუნდისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ერთად მოვიდა ” - აცხადებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ირაკლი ოქრუაშვილის გადადგომა ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან ნაჩქარევ ნაბიჯად შეაფასა თბილისის მერმა გიგი უგულავამ:

[გიგი უგულავას ხმა] ” გულწრფელად გეტყვით, რომ ეს იყო იმპულსური ნაბიჯი. ვწუხვარ, რადგან წინ ბევრი გამარჯვება გვესახებოდა, საქართველო ამ გამარჯვებას მაინც მიაღწევს, ამჯერად უკვე ირაკლის გარეშე. ”

” ჩვენ ერთად - ჩვენს გუნდს - ბევრი გამარჯვება გველოდა წინ, ” - აღნიშნა თბილისის მერმა. ირაკლი ოქრუაშვილის გადაწყვეტილებამ ოპოზიცია სწორედ სახელისუფლებო გუნდში არსებულ პრობლემებზე აალაპარაკა:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ”წესრიგი და სიმშვიდე არ არის სააკაშვილის გუნდში. ეს არის სხვადასხვა დაჯგუფებების დროებითი ერთობა. ოქრუაშვილი განსხვავდებოდა ”თავისუფლების ინსტიტუტის” სახელისუფლებო ჯგუფისგან, მათ არ ჰქონდათ თბილი ურთიერთობა და, როგორც ჩანს, ამ გადანაწილების დროს ოქრუაშვილის პოზიციები სუსტდებოდა. ”

ეს იყო ”რესპუბლიკური პარტიის” წევრის დავით ბერძენიშვილის კომენტარი. ოქრუაშვილის სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით მას რაიმეს თქმა უჭირს. მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ოპოზიციაში ყოფნა რთულია და, თუ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ ოპოზიციაში გადაინაცვლებს, იქ მას გაუჭირდება ადგილის დამკვიდრება.

რატომ გადადგა ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან და რას აპირებს მომავალში? ამ შეკითხვაზე საზოგადოება პასუხს თავად ირაკლი ოქრუაშვილისგან ელის.

საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. თანამდებობას ტოვებს ”გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის” პრეზიდენტი ირაკლი ჩოგოვაძე და აცხადებს, რომ მთავრობაში მალე ახალ ამპლუაში გამოჩნდება. ერთი კვირის წინ სწორედ ჩოგოვაძე შეცვალა ირაკლი ოქრუაშვილმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე.
XS
SM
MD
LG