Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


გასულ კვირას ბათუმში მიმდინარე

მშენებლობაზე გესაუბრეთ. ჩვენთან საუბარში აჭარელმა ხელოვნებათმცოდნეებმა შეშფოთება გამოხატეს ბათუმის ისტორიული ძეგლების პრივატიზაციის გამო, აღნიშნეს, რომ ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობის შენობებისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნამ, შესაძლოა, მთელი ქალაქის იერი დაამახინჯოს. დღეს გაგაცნობთ ბათუმის ხელისუფლების პოზიციას. მე აჭარის დედაქალაქის მერს, ირაკლი თავართქილაძეს, ვესაუბრე.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ”თბილისობაზე”, მიხეილ სააკაშვილმა დაასახელა სამი ქალაქი, რომელმაც მომავალ წელს მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს იერი:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ სამი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს მომავალ წელს საქართველოში - ძველი თბილისის ცენტრი...მეორე არის ბათუმი, მუზეუმებით და სახლების აღდგენით, და სიღნაღი.”

ამ სიტყვებით პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ბათუმისა და სიღნაღის მომავალი სახე ცენტრში იქმნება და რომ იმ ბათუმელ ხელოვნებათმცოდნეებს, რომლებთანაც საუბარი ერთი კვირის წინ შემოგთავაზეთ (ე.ი. იმ ხალხს, ვისაც ქალაქის დღევანდელი იერი მაინცდამაინც არ მოსწონს და შეშფოთებულია აჭარის დედაქალაქში ოცამდე შენობისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნით ), არავინ არაფერს ეკითხება.

ბათუმის მერ ირაკლი თავართქილაძესთან საუბარში გაირკვა, რომ ამ პროცესში, ფაქტობრივად, ქალაქის ხელმძღვანელობაც ვერ ერევა. ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის საკითხი გიორგი გაბაშვილის უწყებამ უნდა გადაწყვიტოს:

[ირაკლი თავართქილაძის ხმა] ”ჩვენ ფინანსთა სამინისტროს გადავცემთ ხოლმე იმ შენობა-ნაგებობების ნუსხას, რომელთა პრივატიზება და გასხვისება მიზანშეწონილად მიგვაჩნია. ხშირად აჟიტირებული თემაა...მაგრამ მინდა გავიხსენო ერთი მაგალითი: ”ინტურისტიც” ძეგლად ითვლებოდა, სახელმწიფოს მისი სასტუმროდ შენახვა არ შეეძლო, ამიტომ 3 წლის წინ მოხდა მისი გასხვისება - დღეს ერთ-ერთი ნორმალური სასტუმროა.”

ბათუმის მერის თქმით, შენობა, რომელსაც ძეგლის სტატუსი მოეხსნა, ”პირობითადაა გასხვისებული”. პირობის თანახმად, შენობის ახალ მფლობელს შეეძლო თავისი გემოვნების მიხედვით გადაეკეთებინა შენობა... მთავარი იყო, ”ინტურისტს” ისევ სასტუმროს ფუნქია ჰქონოდა:


[ირაკლი თავართქილაძის ხმა] ”ინტურისტის” გასხვისების მთავარი პირობა ის იყო, რომ პროფილი შეენარჩუნებინა, პროფილი კი იყო ”საზოგადოებრივი მოხმარების დაწესებულება”.

ძველი შენობების გაყიდვა, ამ შენობებისთვის - და, აქედან გამომდინარე, მთელი ქალაქისთვის - იერის შეცვლა, როგორც გამოირკვა, არამარტო კანონის აღსრულებას უკავშირდება... არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა ითვლება საქართველოში ისტორიულ ძეგლად. უფრო მეტიც, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, მნიშვნელოვანია თურმე კულტურის ჩინოვნიკების გემოვნებაც....

[ირაკლი თავართქილაძის ხმა] ”ინტურისტის ფასადზე იმდენად არ ვიცი... მაგრამ ეს არ იყო ისტორიული შენობა, ეს იყო პოსტსაბჭოური შენობა...იგივე პიროვნებაა, ვინც მავზოლეუმი ააშენა... ჩემთვის ის არც გაუდია და არც არავინ.”[სტილი დაცულია]

ქალაქის მერთან არ გვიკამათია. შჩუსევი მართლაც არ არის გაუდი... რაკი მავზოლეუმი დააპროექტა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ იგი ცუდი არქიტექტორი იყო?... ამაზე კამათს ბათუმის მერის კაბინეტში აზრი ნამდვილად არ ჰქონდა - მით უმეტეს, რომ ბათუმელი ხელოვნებათმცოდნეები, რომელთაც მანამდე ვესაუბრეთ, ამტკიცებენ, ”ინტურისტს” შჩუსევისა აღარაფერი დარჩაო. მაგრამ რა ბედი ელის ბათუმის იმ ისტორიულ ძეგლებს, რომელთაც სტატუსი უნდა მოუხსნან - მაგალითად, სასტუმრო ”ლონდონს”, ძველი ბანკის შენობას გამსახურდიას ქუჩაზე?

[ირაკლი თავართქილაძის ხმა] ”ეს არ არის მეათე საუკუნეში აშენებული შენობა. ჩვენ თუ არ გავასხვისეთ ეს შენობა, ჩათვალეთ, რომ 10, 15 წელიწადში მივიღებთ ნანგრევებს... ქალაქში ბევრია ასეთი შენობა, რომელსაც, თუ გაიყიდა, ძველი სახე დაუბრუნდება.”

და რომ არ დაუბრუნდეს ძველი სახე? - ვეკითხებით ბათუმის მერს...დავუშვათ, ამ შენობის ადგილას ცათამბჯენი ააშენეს? ირაკლი თავართქილაძე ამბობს, რომ კულტურის სამინისტრო ბათუმის იერს არავის დაამახინჯებინებს:

[ირაკლი თავართქილაძის ხმა] ”იგივე სასტუმრო ”ორიენტი”, რომელიც შეიძინეს თურქებმა. მათ ორი სართულის დაშენება უნდოდათ, მაგრამ კულტურის სამინისტრომ ნებართვა არ გასცა. ესაა კანონიერი გზა.”

რა თქმა უნდა, როცა ფუნქციები ჯერ კიდევ მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, როცა ისტორიულ ძეგლს ბევრი პატრონი ჰყავს, გაუგებრობაც შეიძლება მოხდეს. ირაკლი თავართქილაძე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კიდევ რამდენიმე სხვა შენობის გასხვისების ამბავს იგონებს:



[ირაკლი თავართქილაძის ხმა] ”როდესაც ჩვენ გავასხვისეთ, ეს შენობები არ იყო შეტანილი ნუსხაში. ამის შემდეგ კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა ნუსხა, რომელშიც ჩვენ მიერ გასხვისებული შენობები უკვე შესული იყო. ე.ი. მოხდა დროის აცდენა...ხშირად ასეთი რამეც ხდება ხოლმე. ეს, ალბათ, კომუნიკაციის ნაკლებობით უნდა ავხსნათ.”

ბათუმის მერი დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის ახალი კანონი მნიშვნელოვნად შეცვლის ქალაქის ხელმძღვანელობის პოლიტიკას. თუკი ბათუმის ბიუჯეტი გაიზრდება, მერიას ექნება საშუალება უფრო აქტიურად ჩაერიოს ქალაქის ახალი სახის შექმნის პროცესში:

[ირაკლი თავართქილაძის ხმა] ”ქალაქში ყველა ქონებას ყიდის აჭარის ფინანსთა სამინისტრო. აქედან 50 პროცენტი რჩება ადგილობრივ ბიუჯეტში და 25 პროცენტი გადმოდის მერიის ბიუჯეტში, მაგრამ, ახალი კანონით, 1 იანვრიდან უკვე მთლიანად ქალაქის ბიუჯეტში შემოვა ეს თანხა. ესაა თვითმმართველობის მთავარი წარმატება...”

ბათუმის მერთან ინტერვიუს ჩაწერის პროცესში რამდენჯერმე გამოვრთეთ მიკროფონი... უბრალოდ, იმიტომ რომ ხმაური შემოდიოდა: მერიის შენობა ამჟამად რემონტშია. ამან ცოტა გაგვაკვირვა კიდეც, რადგან ბათუმის მერია აჭარის დედაქალაქის იმ ოც შენობას შორისაა მოხსენიებული, რომელთაც ძეგლის სტატუსი უნდა მოუხსნან. ირაკლი თავართქილაძეს ვკითხეთ, რატომ იხარჯება თანხა იმ შენობის გარემონტებაზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, თუკი სახელმწიფო შენობის გაყიდვას აპირებს:

[ირაკლი თავართქილაძის ხმა] “ამ შენობას არ გაყიდიან... სინამდვილეში ეგ სია არ მინახავს. რემონტი მიმდინარეობს აქ. არ ვყიდით ამ შენობას!”

ჩვენი საუბრის ბოლოს ბათუმის მერს ვკითხეთ, როგორი იქნება დაახლოებით ქალაქის მოგება დარჩენილი შენობების გაყიდვის შემდეგ. ირაკლი თავართქილაძემ აი, ასე გვიპასუხა:

[ირაკლი თავართქილაძის ხმა] ”როგორ გითხრათ, რაც კარგი იყო, ყველაფერი გაიყიდა - 70 პროცენტი.” [იცინის]


  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG