Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის მიმოხილვა


გასული კვირა მართლაც გამორჩეული იყო

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შიდა და საგარეო პოლიტიკური მოვლენების სიმრავლით. პირობითად მნიშვნელოვანების რეიტინგს თუ მივანიჭებთ, ალბათ, საქართველოს მთავრობაში მიმდინარე ცვლილებებს მნიშვნელობით დღევანდელი ახალი ამბავი – რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერა გადაწონის. ეს შეთანხმება რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ძალიან რეალურს ხდის.
ოქრუაშვილი-კეზერაშვილი-ჩოგოვაძე-სვიმონიშვილი-ცისკარიშვილი-ბობოხიძე – წინა კვირაში დატრიალებული სამთავრობო კარუსელიდან ამ კვირის დასასრულს ორმა მინისტრმა – ოქრუაშვილმა და ჩოგოვაძემ ჩამოსვლა ამჯობინეს. კვირის ბოლოს მედიისა და შესაბამისად, საზოგადოების უმთავრესი ყურადღება კვლავ მთავრობისკენ აღმოჩნდა მიპყრობილი. ყველაზე მეტად აქტუალური გახდა ის, თუ ვინ როგორ შეაფასებდა ირაკლი ოქრუაშვილის ნაბიჯს, რომელმაც დანიშვნიდან ერთ კვირაში უარი თქვა ეკონომიკის მინისტრობაზე. აქტუალურობა შეემატა მთავრობაში განხეთქილების თემას, იმას, თუ რა გზას დაადგება მომავალში ოქრუაშვილი და ა.შ. ამ თემაზე თქვენს ყურადღებას ამჯერად აღარ შევაჩერებ და გასული კვირის არანაკლებ, თუ მეტად არა – მნიშვნელოვან მოვლენებს მივაპყრობ.

დღეს შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლებმა – რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა გერმან გრეფმა და შეერთებული შტატების წარმომადგენელმა სავაჭრო მოლაპარაკებებში სიუზან შვაბმა ჰანოიში ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე ორმხრივი, ათწლიანი მოლაპარაკებების შედეგი გახლავთ. ამ ხელმოწერას მიმდინარე კვირაში მოსკოვში ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა უძღოდა წინ. ამრიგად, რუსეთმა შეძლო წარმატებით დაესრულებინა ერთ-ერთი ურთულესი ორმხრივი მოლაპარაკება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შეღწევის მიზნით. რუსეთის პრეზიდენტიმა მედიას განუცხადა, რომ ორმხრივი შეთანხმების მიღწევა პირადად ჯორჯ ბუშისა და მისი ადმინისტრაციის დამსახურებაა, რადგან მათ ამის პოლიტიკური ნება გამოავლინეს.

საქართველოს კი შეერთებული შტატები განუმარტავს – “ჩვენ შევძელით რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე ორმხრივ მოლაპარაკებებში საკუთარი ინტერესების დაცვა, ჯერი საქართველოზეა”. ასე გამოხატა შტატების პოზიცია სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ 17 ნოემბერს თბილისში გამართულ ბრიფინგზე:

[ბრაიზას ხმა]
“არ ვიტყოდი, რომ შეერთებულმა შტატება შეცვალა პოზიცია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მიმართ. ჩვენი პოზიცია დღესაც მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი შევიდეს ამ ორგანიზაციაში, მხოლოდ ჩვენთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია მნიშვნელოვანია მრავალი მიზეზის გამო. ერთ-ერთი უმთავრესი გახლავთ ის, რომ მას აქვს საერთაშორისო სავაჭრო უთანხმოებების გადაჭრის ბერკეტები. მაგალითად, ისეთ შემთხვევებში, როცა ერთი ქვეყნის მიერ მეორის მიმართ დაწესებულ ეკონომიკურ ემბარგოს უაკანასკნელი უსამართლოდ მიიჩნევს. შეერთებული შტატები წლების მანძილზე აწარმოებს და დაასრულა ორმხრივი მოლაპარაკებები რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე. ჩვენ ვისურვებდით საქართველომაც შეძლოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების გაგრძელება და დასრულება ისე, რომ შედეგად გათვალისწინებული იყოს საქართველოს ინტერესები”.

ასე ჩამოაყალიბა შეერთებული შტატების პოზიცია სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ. მისი ვიზიტის მიზანი მხოლოდ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაზე განცხადების გაკეთება არ გახლდათ, თუმცა, ამაზე ცოტა მოგვიანებით.

2004 წლის 28 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა ოქმს, რომელში ასახული პირობების დაცვის შემთხვევაშიც საქართველო მხარს დაუჭერდა რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. რუსეთმა არა თუ 2004 წლის ორმხრივი შეთანხმებები დაარღვია, საქართველოს მიმართ ეკონომიკური სანქციებიც შემოიღო. 2004 წელს საქართველოს მიერ წაყენებულ პირობებს შორის ერთ-ერთი საქართველოში კონტროლს არდაქვემდებარებული კონტრაბანდის ნაკადების შეჩერება გახლდათ. კერძოდ, საქმე ეხებოდა საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთი ოსეთის მონაკვეთებზე გავლით საქონლის მოძრაობას. რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2004 წლის ოქმით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებათა დარღვევის გამო, 2006 წლის 8 ივლისიდან საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა გადაეხედა საკუთარი პოზიციები. სწორედ 2006 წლის 8 ივლისს რუსეთმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე ორ ქვეყანას შორის ერთადერთ ლეგიტიმურ საბაჟო გამშვებ პუნქტ – “ყაზბეგი-ზემო ლარსზე” ფიზიკურ პირთა, სატვირთო საშუალებათა და საქონლის მოძრაობა აკრძალა და ამასთან, დღემდე განაგრძობს არაკანონიერი გამშვები პუნქტების “როკი-ქვემო ზარამაგისა” და “განთიადი-ადლერის” სრული დატვირთვით გამოყენებას. სხვათაშორის, გასულ ზაფხულში რუსეთის ეს მოქმედება საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა დაგმო. სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში მაშინ როკის გამშვებ პუნქტზე საერთაშორისო მონიტორინგის დაწესების აუცილებლობაზეც ლაპარაკობდა.

14 ნოემბერს ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველო დაჟინებით მოითხოვს რუსეთისგან 2004 წლის ოქმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ნოღაიდელმა დააზუსტა, რომ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებსა და რუსეთს შორის არსებული არაკანონიერი სასაზღვრო გამშვები პუნქების გავლით საქონლის მოძრაობა ან უნდა შეწყდეს, ან უნდა მოხდეს მათი ლეგალიზება:

[ნაწყვეტი ნოღაიდელთან ინტერვიუდან]
“- ან ამ გამშვები პუნქტების გავლით ვაჭრობა უნდა შეწყდეს, ან უნდა მოხდეს ამის ლეგალიზება და ჩვენი მებაჟეები და მესაზღვრეები უნდა დადგნენ იქ.

- ნიშნავს, თუ არა ეს ამ პუნქტებზე ერთგვარი საერთაშორისო წარმომადგენლობის ყოფნასაც, თუ მხოლოდ საქართველოს წარმომადგენლების ყოფნას გულისხმობთ?

- შესაძლებელია, დროებით საერთაშორისო წარმომადგენლებიც იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ იქ საქართველოს წარმომადგენლები უნდა დარჩნენ.

- იხილავთ, თუ არა ამ საკითხს რომელიმე გარე ძალასთან, მაგალითად, ევროკავშირთან?

- ყველასთვის, ყველასთვის ცნობილია ჩვენი პოზიციის შესახებ 2004 წლიდან მოყოლებული. ამის შესახებ კიდევ ერთხელ ჩავაყენე საქმის კურსში როგორც ჩვენი ამერიკელი, ისე ევროპელი კოლეგები.

- შემოგთავაზეს, თუ არა რაიმე სახის მხარდაჭერა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?

- ჩვენ ეს საკითხი არაერთხელ განვიხილეთ და მიმაჩნია, რომ ჩვენი პარტნიორებისგან სრული გაგება და მხარდაჭერა გვაქვს.”

ეს გახლდათ ნაწყვეტი ზურაბ ნოღაიდელთან ინტერვიუდან, რომელიც “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტმა ჩაწერა 14 ნოემბერს. 14 ნოემბერი, სამშაბათი მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის: ამ დღეს ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმას მოეწერა ხელი. ქართულ დელეგაციას ბელგიაში გელა ბეჟუაშვილი ხელმძღვანელობდა. ევროკავშირი საქართველოს პირდება დახმარებას ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების დაძლევაში, თუმცა, კიდევ ერთხელ შეახსენებს სამხრეთი კავკასიის სამივე ქვეყანას, რომ სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმების ამუშავება არ არის ევროკავშირის წევრობისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომ ის სადღეისო პოლიტიკაა და რომ რეგიონის განვითარების უმთავრეს წინაპირობას იქ კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს. ცნობისათვის, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ტექსტი ჯერ კიდევ არ არის საჯარო და მისი დეტალები სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის.

14 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში იმყოფებოდა. ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას ევროპელ პოლიტიკოსებს შეახსენა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება კვლავაც საქართველოს გრძელვადიან მიზნად რჩება. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირს საქართველოს მიმართ პოლიტიკის გააქტიურებისკენ:

111441
[სააკაშვილის ხმა]
“ყველა მოლაპარაკებაზე (იმავე კონფლიქტების საკითხზე), ყველგან უნდა იყოს ევროკავშირის წარმომადგენელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო მხარს უჭერს ევროკავშირის ჩართვას ამ პროცესებში. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ენერგეტიკისა, თუ კონფლიქტების საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებებს, ვინაიდან ენერგეტიკა, კონფლიქტები, ისევე, როგორც უფრო ფართო ეკონომიკური თანამშრომლობა ევროპული საკითხებია”.

ეფექტურად გამოიყენა გასულ კვირაში თავისი ვიზიტი სანკტ-პეტერბურგში საქართველოს პარლამენტის სპიკერმა. თანამეგობრობის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ძირითადი აქცენტი ნინო ბურჯანაძემ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კონტექსტში თანამეგობრობის უუნარობასა და უსარგებლობაზე გააკეთა.

ახლა ისევ აშშ სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტის მიზნებს მივუბრუნდები, რომელთა შორის უმთავრესი თბილისსა და სოხუმს შორის პირდაპირი დიალოგის განახლების ხელშეწყობაც გახლდათ. ამ დიალოგის შეწყვეტის ერთ-ერთი შედეგი არის ის, რომ ყოვნდება გალის რაიონში საერთაშორისო პოლიციური ძალების შეყვანა. ეს ინიციატივა გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფისგან მოდის და მიზანი კონფლიქტის ზონაში დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების ხელშეყობა გახლავთ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG