Accessibility links

logo-print

ვახტანგ ბალავაძე_დიდი იუბილარი


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი "ჭიდაობის პროფესორი"- დღემდე ასე მოიხსენიებენ

1950-იანი წლების ერთ-ერთ უძლიერეს ქართველ ფალავანს ვახტანგ ბალავაძეს, რომელსაც 20 ნოემბერს 80 წელი უსრულდება. ვიდრე ჩვენი სპორტული მიმომხილველის ელგუჯა ბერიშვილის სიუჟეტს შემოგთავაზებდეთ, ვახტანგ ბალავაძის სპორტულ ტიტულებს შეგახსენებთ: იყო საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობასა და სამბოში, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, მელბურნის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი. მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის წოდებები. დაჯილდოებულია ღირესებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენებით.

ხუთი-ექვსი წლის წინანდელი ამბავია: ირანის საერთაშორისო ტურნირზე მივლინებულ საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა გუნდს რამდენიმე ვეტერანი ფალავანი გააყოლეს, მათ შორის-ვახტანგ ბალავაძე. ჩვენებს თეირანში ურიგოდ არ უჭიდავიათ, მაგრამ იქიდან მობრუნებული ქართული დელეგაციის წევრებს, გარდა შეჯიბრების ამბებისა, სხვაც ბევრი ჰქონდათ მოსაყოლი. მაგალითად ის, თუ როგორი პატივით მიიღეს ირანელებმა ჩვენი სახელოვანი ვეტერანები, განსაკუთრებით-ვახტანგ ბალავაძე. ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი ომზარ შოშიტაშვილი სერიოზულად ამტკიცებდა, რომ დარბაზში ირანის პრეზიდენტის გამოჩენას ისეთი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია, როგორიც ვახტანგ ბალავაძის წარდგენას მოჰყვაო. სხვები ხუმრობდნენ, შეცდომა მოგვივიდა, ბატონი ვახტანგი ირანში არ უნდა წაგვეყვანა, გულშემატკივრები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვაჩერებდნენ, ავტოგრაფს სთხოვდნენ, სურათს უღებდნენ და ამის გამო შეჯიბრებაზე გვაგვიანდებოდაო. მოკლედ, ვისაც ეჭვი ეპარებოდა, კიდევ ერთხელ დარწმუნდა: ვახტანგ ბალავაძე დღესაც არანაკლებ პოპულარულია, ვიდრე გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში, როცა სპორტული დიდების მწვერვალზე იდგა. ჩემპიონები სხვაც ბევრი გვყოლია, მაგრამ ბალავაძეს ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებენ და ამას თავისი მიზეზი აქვს. მსოფლიო ჩემპიონის გიორგი სხირტლაძის თქმით, ვახტანგ ბალავაძემ საჭიდაო სარბიელი დიდოსტატის რანგში დატოვა და მთელი შემდგომი ცხოვრებითა და მოღვაწეობით დაადასტურა, რომ ნამდვილი სპორტსმენი და ღირსეული მოქალაქეა. ბატონ გიორგის კარგად ახსოვს ორმოცდაათი წლის წინანდელი ამბები და ბალავაძის პირველი ნაბიჯები დიდ სპორტში, ის პერიოდი,როცა ქართველ სპორტსმენებს, საბჭოთა ნაკრებთან ერთად, საერთაშორისო შეჯიბრებებზე გასვლის საშუალება მიეცათ.

[გიორგი სხირტლაძის ხმა] "როგორც სპორტსმენი, ჩვენს პერიოდში, პირველი თაობის პერიოდში, უკეთესი საბჭოთა კავშირს არ ჰყოლია. წარმომიდგენია, დღევანდელი ჭიდაობის წესები რომ ყოფილიყო ადრე, ვახტანგი სულ მცირე, ხუთი-ექვსჯერ გახდებოდა მსოფლიო ჩემპიონი. 1952 წელს წაიყვანეს ოლიმპიადაზე, ყველაზე ძვირფასად იყო მომზადებული. მაშინ ვახტანგი ასი პროცენტი გახდებოდა ოლიმპიური ჩემპიონი".

ბალავაძე ჰელსინკში კი წაიყვანეს, მაგრამ მის ნაცვლად გუნდში კიეველი ვლადიმერ რიბალკო დააყენეს, რომელმაც მხოლოდ მეთოთხმეტე ადგილი დაიკავა. ნაკრების მწვრთნელებმა შეცდომა აღიარეს და მერე, თითქმის ათი წელიწადი, უპირატესობას ვახტანგს ანიჭებდნენ. საერთაშორისო დებიუტი წარმატებული გამოდგა: 1953 წელს, ბუქარესტის საერთაშორისო ფესტივალზე ბალავაძემ წმინდად დაამარცხა ექვსივე მეტოქე, მათ შორის-ოლიმპიური თამაშების პრიზიორები და საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია: ახალგაზრდა, ჯერ კიდევ გამოუცდელი ქართველი სპორტსმენი სწორედ ბუქარესტში აღიარეს "ჭიდაობის პროფესორად" და ამ შეფასებას თავად ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა როჟე კულონმა დაუკრა კვერი. არადა, ფინალურ შეხვედრაში ირანელ არბიტრს , თურმე, ისე უნამუსოდ უმსაჯია, თავად მსაჯთა კოლეგიას მისი მოკვეთა მოუთხოვია. ბატონი ვახტანგი იხსენებს.

[ვახტანგ ბალავაძის ხმა] "მას არ უნდოდა წამექცია ჩემი მოწინააღმდეგე და მაწვალა, მაგრამ ბოლოს მაინც წავაქციე. არ გავუშვი ხელი და მოვიდნენ და მოვიდნენ მერე მსაჯები და დამარტყეს. ბოდიში მოვუხადე, რა თქმა უნდა, მე ვერ გავიგე-მეთქი. იმდენჯერ წავაქციე. მერე მიმიყვანეს მსაჯთა კოლეგიაზე და კულონი მეკითხება-რატომ არ უშვებდი ხელსო. რამდენიმეჯერ წავაქციე და არ მომცეს მსაჯებმა, მე ვიფიქრე კიდევ არ მომცემენ-მეთქი...გაიცინეს და ამით დამთავრდა. ჭიდაობის პროფესორი მიწოდა მაშინ მსაჯთა კოლეგიამ".

გიორგი სხირტლაძის აზრით, ბალავაძე უნივერსალური მოჭიდავე იყო, თუმცა განსაკუთრებით კარგად გამოსდიოდა ფეხით ჭიდაობა.

[გიორგი სხირტლაძის ხმა] "ვახტანგი იყო შ უდარებელი დგომში. ფეხი ჰქონდა, როგორც ხელები. ფეხებით ისე მუშაობდა, როგორც ხელებით. არ შეიძლებოდა დგომში ექვს წუთში არ მოეგო, თუ არადადიდი უპირატესობით იგებდა. მაგის ილეთებს ალღო ვერ აუღო ვერავინ."

სხირტლაძის ნათქვამს ეთანხმება პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი დავით ციმაკურიძე.

[დავით ციმაკურიძის ხმა] "ჩვენები ახლა ვერ აკეთებენ ისეთ გდებებს, როგორსაც ვახტანგი აკეტებდა იმ დროს. დგომში უგებდა სუყველას. ამიტომაც ზედიზედ მიაღწია წარმატებებს."

ამ წარმატებათა ნუსხას, სამწუხაროდ, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული აკლია, მაგრამ ჭიდაობის გულშემატკივართა წარმოდგენაში, ვახტანგ ბალავაძე ყველა უმაღლესი ჯილდოს მფლობელია. აი, როგორ აფასებს მამის სპორტულ კარიერას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი თამარ ბალავაძე.

[თამარ ბალავაძის ხმა] "მე პირადად მამაჩენის ჭიდაობა არ მინახავს და იმ პერიოდის კინოარქივიც საკმაოდ მწირია იმისთვის, რომ მე ვთქვა, ის მართლაც ჭიდაობდა როგორც პროფესორი. ამიტომ უნდა დავუჯერო სხვებს. ასეთი ადამიანი კი ბევრი მხვდება. ახლა მე ვმუშაობ მე-20 საუკუნის ქართული სპორტის შესახებ დიდ ვიდეოფილმზე. ვისაც ვხვდები, ყველა იწყებს საუბარს მამაჩემის გახსენებით. ჩემი ოპერატორი ცოტა არ იყოს, გაკვირვებული იყო, რომ ჩვენი ურთიერთობა ყველასთან იწყებოდა მამაჩემზე საუბრით... ყველაზე კურიოზული ის იყო, რომ როცა ამ ფილმისთვის ვიღებდი ინტერვიუს მამაჩემთან - და ეს იყო პირველი შემთხვევა - ეს გამოდგა ყველაზე მძიმე ინტერვიუ ჩემს კარიერაში. დამჭირდა დამატებითი გადაღებები, რათა რაღაც სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია."
XS
SM
MD
LG