Accessibility links

logo-print

ლაშა ბუღაძის ახალი რომანი


დავით პაიჭაძე, თბილისი მომავალი კვირიდან წიგნის მაღაზიებში გამოჩნდება ლაშა ბუღაძის ახალი რომანი ”ოქროს ხანა”, რომელიც დასტამბა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ.

ლაშა ბუღაძემ პირველი რომანი, ”ბოლო ზარი” 2004 წელს გამოაქვეყნა. მისი მთავარი პერსონაჟები თბილისელი მეთერთმეტე კლასელები იყვნენ. თუ ”ბოლო ზარი” სასაცილო და ნაღვლიან წიგნად აღიქვეს, ”ოქროს ხანა” ერთდროულად სასაცილო და დაუნდობელ რომანად შეიძლება მივიჩნიოთ, ფიქრობს ყოველკვირეული ”ბიბლიოთეკის” ავტორი, დავით პაიჭაძე. ის ახლა ლაშა ბუღაძის ბოლო რომანის შესახებ გესაუბრებათ.

ლაშა ბუღაძე პიესებისა და მოთხრობების ავტორია. რომანი კი ჯერ მხოლოდ ორი დაწერა. ამიტომაც გასაგებია ცდუნება, ერთი მეორეს შეადარო და ისე ილაპარაკო. ”ბოლო ზარი” ალბომს უფრო ჰგავს, რომელშიც სურათები განლაგებულია არა სიუჟეტის მკაცრად ლინეარული ან სხვაგვარი განვითარებისათვის, არამედ კომიკური ეფექტის მისაღწევად. ლაშა ბუღაძე ”ოქროს ხანის” ეპიზოდებსაც ასეთი ფუნქციით ტვირთავს, ოღონდ ამასთან მეტ ყურადღებას უთმობს მხატვრულ მოქმედებაში მოვლენათა თანმიმდევრობას.

პრობლემა - უფრო კონცენტრირებულია სიუჟეტი თუ უფრო თავისუფალი ქრონიკალური - შესაძლოა, არც მოგეჩვენოთ მნიშვნელოვნად. ”ოქროს ხანაში” ლაშა ბუღაძე მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს მოქმედებათა წრფივ თანმიმდევრობას, რადგან მკითხველად ახალგაზრდები ეგულება; ისინი კი არ არიან ჩვეული ექსპერიმენტებს მხატვრული დროისა და სივრცის დასტრუქტურებისას. ხოლო ის ახალგაზრდები, ლაშა ბუღაძეს პერსონაჟებად რომ უქცევია, საერთოდ არაფერს კითხულობენ.

ახალგაზრდა მკითხველზე გათვლა თითქოს მაქსიმალურად რეალისტურ და მარტივ ნაწერს გულისხმობს. ერთი შეხედვით, ასეთია ”ოქროს ხანაც”. აი, რას მეუბნება მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი, რომელმაც ლაშა ბუღაძის რომანი წიგნად დასტამბვამდე წაიკითხა:

[კორძაია-სამადაშვილის ხმა] ”მივხვდი, რომ ეს ბიჭი არასოდეს არაფერს იგონებს. მოგონება არ სჭირდება. უბრალოდ, უნდა დააკვირდეს, რა ხდება გარშემო. ერთადერთი, ვერაფრით ვხვდები, სად აწყდება ხოლმე ადამიანებს, რომლებიც მისი გმირებივით იქცევიან. აქ არც ერთი გმირი, არც ერთი ამბავი და ეპიზოდი ფანტაზიის ნაყოფი არ არის. ვერავინ იტყვის, ლაშას ფანტაზიის რა გაქანება ჰქონიაო. გროტესკსაც კი ვერ ვუწოდებ - რა შუაშია? უბრალოდ, ასეა”.

გროტესკი, რომელიც დემონსტრაციულად არღვევს სარწმუნობის, სიმართლის მსგავსების პრინციპებს, შესაძლოა, მართლაც არ იყოს ”ოქროს ხანაში”. ლაშა ბუღაძე უფრო გამოიწვევს მკითხველს ვითომ რეალისტური აღწერებით და ტოვებს არჩევანის ამარა: გროტესკად აღიქვას, ვთქვათ, საქართველოს 70-ს მიტანებული, გალოთებული პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ კაბინეტში ურტყამს პარლამენტის წევრს, პრეზიდენტის ცოლთან რომ შეუცოდავს თუ რეალობაში დასაშვებ ეპიზოდად მიიჩნიოს ასეთი რამ. ფანტასტიკურ სახეებს ხშირად მოიხმობენ სოციალურ მანკიერებათა მხილებისას. ლაშა ბუღაძეს კი უცნაურად და ალოგიკურად, შესაძლოა, არ ჩაუთვალოთ იმავე პრეზიდენტის საახალწლო აღსარება პირდაპირ ეთერში ან პერსონაჟის განზრახვა, კაიფში გაპარულთა ძმათა სასაფლაო გააშენოს. სატირისათვის ავტორი მიმართავს არა ფანტასტიკისა და სინამდვილის კონფლიქტს, არამედ სინამდვილის დეფორმირებას, მის მიყვანას აბსურდის ზღვრამდე. შედეგად პერსონაჟთა იერიც და ქცევაც, ერთი შეხედვით, სრულიად ორდინალურია, მაგრამ განუხრელ ირონიულ დამოკიდებულებას იწვევს.

რა მოტივები აქვს ლაშა ბუღაძეს ასეთი წერისათვის? ანა კორძაია-სამადაშვილს ასეთი პასუხი აქვს:

[კორძაია-სამადაშვილის ხმა] ”როდესაც ”ოქროს ხანა” წავიკითხე, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ერთგვარად შურისძიების აქტია. ლაშა ბუღაძეს ბევრი რამ ეჯავრება - არა! ვიპოვე სიტყვა! - არ შეუძლია და ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ვინმეს გაუკეთო, ალბათ ისაა, რომ აბუჩად აიგდო. იმათ კი თავი მაინც ადამიანებად მიაჩნიათ. ყოველი მათგანი ლაშამ დაიჭირა და აქცია არსებებად, ვერანაირ სიმპათიას რომ ვერ გამოიწვევენ: კაცები, რომელთაც გული უჩუყდებათ იმააზე, რომ ვიღაცა მათიანივით დგას. ”ოქროს ხანა” ცოტა უფრო სევდიანია, ვიდრე ”ბოლო ზარი”. ის თავიდან ბოლომდე სასაცილოა. წარმოიდგინეთ, მოდის გოგო და იმის გამო, რომ ქუჩაში დაფურთხებულებს ხედავს, სატრფო ახსენდება და გული უჩუყდება. აქ ცოტა სხვა კუთხით მიდის თხრობა, თუმცა, კვლავ და კვლავ ვფიქრობ, ბუღაძემ მთავარ იარაღად დაიტოვა ის, რომ ძალიან სასაცილოა”.

რა თქმა უნდა, შეიძლება მხატვრული ტექსტი განიხილო პირადი შურისძიების აქტად და ამ დროს დაეყრდნო მწერლის პიროვნულ თავისებურებათა ან მისი ბიოგრაფიის თუ საარსებო გარემოს კარგ ცოდნას. ეს არის სრულიად ლეგიტიმური წანამძღვარი ანალიზისათვის. მაგრამ ლაშა ბუღაძე, მგონი, არ წერს ვიწრო წრეზე გამიზნულ ტექსტებს და პერსონაჟთა პროტოტიპების ამოცნობა ან რეალობასთან სიტუაციური ანალოგიების დაძებნა არ უნდა იყოს მის რომანებთან მკითხველის ემოციური მიმართების მთავარი წყარო. ლაშა ბუღაძის რომანები სასაცილოდ უფრო იმ ადამიანებს ესახებათ, ვინც თავადაც იცის, რა არის შემოქმედება და გამოგონილი სინამდვილის კონსტრუირება შეუძლია. თუ ”ოქროს ხანას” რეალობის ამსახველ ისეთ რომანად მივიჩნევთ, სადაც გამონაგონი მინიმალურია, მაშინ, უნდა ითქვას, რომ ის ძალიან მწარე რეალობას ასახავს. ლაშა ბუღაძეს, რა თქმა უნდა, ბევრი უკლია საიმისოდ, რომ პროზაში შავი იუმორის სკოლას მიაკუთვნო, მაგრამ შავი იუმორის ელემენტები მასთან ნამდვილად არის. იგნორირება რეალობისა, რომელიც მისი ლიტერატურის ძირითადი მასალაა, ლაშა ბუღაძეს არ შეუძლია და პასუხად ერთგვარი ხალისითაც აგებებს ლამის მიზანთროპიულ კომიზმს. და ეს არის გულწრფელი ადამიანური რეაქცია ყოფიერებაზე. ”ოქროს ხანა” დახუნძლულია ტიპაჟებითა და პერსონაჟებით, რომელთაც აკლიათ ფსიქოლოგიური მრავალგანზომილება. ხასიათების ნაცვლად ლაშა ბუღაძე ძერწავს კომედიურ ნიღბებს. ისინი, საკუთარი სულიერი განვითარების შედეგად, თან ქმნიან და თან ეტყვევინებიან სასტიკ და უაზრო რეალობას. მაგრამ ჩემი თანამოსაუბრე, ანა კორძაია-სამადაშვილი არ იზიარებს თვალსაზრისს იმ სიმძიმეზე, რომელიც ლაშა ბუღაძესთან შავი იუმორის ელემენტებს ახლავს:

[კორძაია-სამადაშვილის ხმა] ”გარკვეულწილად, მადლობელი უნდა ვიყოთ ლაშა ბუღაძის, რომ მან ეს რეალობა დაგვანახა სიცილით და მერე უკვე ჩემი ნებაა, ჩავუფიქრდები თუ არა. ისე მოხდა, რომ გარკვეული ხანი მომიწია ავსტრიელ მწერალ ქალებთან შეხებამ. რასაც ისინი წერენ, სრული კატასტროფაა. თუ სიმძიმეზ ვლაპარაკობთ, აი, სიმძიმე ეს არის. თან ვერასოდეს შეეწინაღმდეგები - ისინი არ იტყუებიან. მაგრამ არ იტყუებიან იმგვარად, რომ თამამად შეგიძლია გეზი აიღო მტკვრისაკენ და გადახტე იმიტომ, რომ კარგი არაფერი ხდება და აღარც მოხდება. დამთავრებული ამბავია. ლაშა ბუღაძე რასაც წერს, არც ერთ შემთხვევაში არ არის სახალისო თავისთავად, მაგრამ ის გიტოვებს არჩევანს: გინდა იცინე, გინდა მტკვარში გადახტი - შენი ნებაა.”

ვფიქრობ, ამ უკანასკნელ სურვილს ”ოქროს ხანა” არავის არ გაუჩენს. თავად განსაჯეთ; ორი მოკლე აღწერა რომანის საექსპოზიციო ნაწილიდან: მსუბუქი კრიმინალით დამძიმებული ქართველი სტუდენტი თავს აფარებს შოტლანდიის ჩრდილოეთს, სადაც ორი ქართველი ჰომოსექსუალისტის ოჯახს შეკედლებია. ამ ოჯახს ჰყავს ვაჟი, რომელიც ინ-ვიტრო ჩაისახა და გაჩნდა მეორე ჰომოსექსუალური წყვილის, ამჯერად ქართველი და გერმანელი ლესბოსელების მეშვეობით. და ეს ოთხეული ყველაზე სათნო და წესიერი ხალხია მთელ რომანში. მეორე ეპიზოდი: დოლიძის ქუჩის კრიმინალური შპანა საუნაში მიდის არა მხოლოდ დასაბანად და საყვარელი სალონიდან ჰყრის პირსახოცშემოხვეულ მეძავებთან ერთად მოკალათებულ ჩოხოსანთა პარტიის ჭარმაგ წევრებს. არაერთი ამგვარი ეპიზოდით იწვევს და იტოვებს ლაშა ბუღაძე თავისთან მკითხველს. ხოლო ემშვიდობება მას ფრაზით, რომელსაც საკუთარ ქორწილში გაწბილებული ქართველი ჰომოსექსუალისტი ამოთქვამს და რომლის ციტირება რადიოში შეუძლებელია. სამაგიეროდ, გეტყვით, რომ ”ოქროს ხანის” ლაიტმოტივი სწორედ რომანის უკანასკნელი ფრაზა გახლავთ.
XS
SM
MD
LG