Accessibility links

logo-print

საქართველოში ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელთა მისია იმყოფება


20 ნოემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მისია, რომელმაც უნდა მოამზადოს ანგარიში საქართველოსა

და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესებისა და რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მიზეზების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, მონიტორინგის კომიტეტის წევრები, დეპორტირებული მოქალაქეების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტს შეხვდებიან.

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის წევრ ქვეყნებში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი მიდგომის პრინციპებს. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელთა მისია ამჯერად თბილისში საბჭოს ორი წევრის - საქართველო-რუსეთის - დაძაბულ ურთიერთობაში გასარკვევად ჩამოვიდა. თუმცა, ბუნებრივია, ეს არ არის სტრასბურგელ პარლამენტართა სტუმრობის ერთადერთი მიზეზი:

[ელენე თევდორაძის ხმა] „ჩამოდის იმიტომ, რომ შეისწავლოს დეპორტირებული ქართველების საკითხი. ეს ერთი. მეორე: იანვარში უნდა მომზადდეს საკითხი - რა გაკეთდა ერთი წლის განმავლობაში.“(სტილი დაცულია)

იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა საქართველოში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელთა მისიის წევრებს 20 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უამბეს. თუმცა შეხვედრაზე, რომელიც ევროსაბჭოს საინფორმაციო ბიუროში გაიმართა, მედიასაშუალებათა წარმომადგენლები არ დაასწრეს, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ნოდია კი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

[გია ნოდიას ხმა] „საუბარი იქნება დემოკრატიის მდგომარეობაზე საქართველოში. ყოველ შემთხვევაში, მე ამაზე ვაპირებ ლაპარაკს. არის პრობლემები და არის მიღწევები.“

შედარებით სიტყვაუხვი აღმოჩნდა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე, რომელსაც იმედი აქვს, რომ ხმას მიაწვდენს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა საზედამხედველო - იმავე მონიტორინგის - კომიტეტს. კერძოდ, ახალგაზრდა იურისტებს საგანგაშოდ მიაჩნიათ სასამართლო სისტემასა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. და კიდევ:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „აქვე საუბარი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის ქონების რესტიტუციის საკითხი და ასევე მნიშვნელოვანია საუბარი უკანონო სპეცოპერაციების გამოძიების შესახებ. დადებითად მიგვაჩნია ის, რომ ასეთი ტიპის ოპერაციები აღარ ტარდება, მაგრამ აუცილებელია იმ საკითხების გამოძიება და ბოლომდე მიყვანა, რაც გაზაფხულზე მოხდა.“(სტილი დაცულია)

მესამე სექტორის გარდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელთა მისია 21 ნოემბერს საპარლამენტო ოპოზიციასაც შეხვდება. ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, კერძო საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებული პრობლემების პარალელურად, პარლამენტში ოპოზიციის დისკრიმინაციულ მდგომარეობაზეც აპირებს ლაპარაკს:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] „გვექნება ლაპარაკი ოპოზიციის იგნორირებასთან, უმცირესობის ვერ შექმნასთან დაკავშირებით, რომ ხელოვნურად ხდება უმცირესობის შექმნის დაბლოკვა, რომ როგორი არასწორია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესახებ ორგანული კანონი და ასე შემდეგ.“(სტილი დაცულია)

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელთა მისია საქართველოში ორი დღე დარჩება. გამგზავრებამდე ოთხი წევრისაგან შემდგარი დელეგაცია, ხელისუფლებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების გარდა, ასევე შეხვდება საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის საკითხების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს ნიკა გვარამიას. მომხსენებელთა მისია საქართველოდან 23 ნოემბერს გამთენიისას გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG