Accessibility links

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე ირაკლი ოქრუაშვილი გიორგი არველაძემ ჩაანაცვლა


ბოლო 10 დღის მანძილზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მეორე საკადრო ცვლილება განხორციელდა: აღნიშნული სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტს ირაკლი

ოქრუაშვილის შემდეგ გიორგი არველაძე იბარებს. აქამდე ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. რაც შეეხება ყოფილ თავდაცვისა და ყოფილ ეკონომიკის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, ის საქართველოდან სასწავლებლად მიემგზავრება იმ მიზნით, რომ მოკლე ხანში ისევ ქართულ არმიაში დაბრუნდეს. ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა პირველი კომენტარი ორშაბათს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ჟურნალისტებს ის, გიორგი არველაძესთან ერთად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა წარუდგინა.

”ნახეთ რა მოღიმარი და კმაყოფილია ოქრუაშვილი, ” - სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ამ მინიშნებით დაუთმო მიკროფონი პრეზიდენტმა სააკაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილს, თუმცა მანამდე ორიოდე სიტყვა იმასთან დაკავშირებითაც თქვა, რატომ მოუწია ოქრუაშვილს ჯერ თავდაცვის, შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრის პოსტის დატოვება. ”ირაკლი მეუბნებოდა, რომ სურდა საზღვარგარეთ წასვლა სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში განათლების ასამაღლებლად და ამ მიზეზით თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვება. მე ვთხოვე, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროში წასვლაზე დათანხმებულიყო. ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა დაბრუნებოდა თავის პირვანდელ აზრს და მე ამას პატივს ვცემ.” - ასეთი იყო პრეზიდენტის განმარტება.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ირაკლის აქვს უკვე ბევრი შეთავაზება და თვითონაც მოგახსენებთ, სად უნდა მოახდინოს სამეცნიერო კვლევები და შესწავლა ამ საკითხების უფრო ღრმად.”(სტილი დაცულია)

მანამდე, სანამ ჟურნალისტებს თავად ოქრუაშვილი განუმარტავდა საკუთარ გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილმა დაგმო ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობიდან ეკონომიკის სამინისტროში გადაყვანასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პოლიტიკურ წრეებში აგორებული მითქმა-მოთქმა ხელისუფლებაში დაპირისპირებებისა და კრიზისის თემაზე. პრეზიდენტის ნათქვამის გაგრძელება თავად ოქრუაშვილმა სცადა, როცა საკუთარი გადაწყვეტილების ასახსნელად თითი საქართველოს გერბისკენ გაიშვირა, სიტყვებით:

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] ” ძალა ერთობაშია და, ალბათ, ამ სიტყვების სისრულეში მოყვანის გარეშე შეუძლებელია იმ ოცნების ასრულება, რომელიც თითოეულ ქართველს აქვს- ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მე მივდივარ, მაგრამ ძალიან მალე დავბრუნდები იქ, სადაც დარჩა ჩემი გული. დავბრუნდები იმისთვის, რომ ერთად დავასრულოთ ის საქმე, რომელიც დაუსრულებელი დაგვრჩა და არა ისე, როგორც გიგი უგულავას წარმოუდგენია - ჩემს გარეშე.”

ყოფილი მინისტრის ეს სიტყვები პრეზიდენტს აღარ მოუსმენია. მან მანამდე დატოვა დარბაზი, სანამ ოქრუაშვილი განცხადებას გააკეთებდა. ირაკლი ოქრუაშვილს კი არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყანაში მიემგზავრება სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში განათლების ასამაღლებლად - თქვა მხოლოდ ის, რომ მალე ისევ საქართველოს არმიაში დაბრუნდება და ამ შემთხვევაში სტატუსი მისთვის მთავარი არ იქნება.

თავდაცვის მინისტრობიდან ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე ირაკლი ოქრუაშვილმა მხოლოდ ერთი კვირა დაყო და გადადგომის შესახებ განცხადება გასული კვირის მიწურულს, პარასკევს, დაწერა. ორშაბათამდე გაურკვეველი იყო, ვინ შეცვლიდა მას ეკონომიკის მინისტრის პოსტზე და, როგორც უკვე ვთქვით, არჩევანი გიორგი არველაძეზე შეჩერდა. ” ეკონომიკის მინისტრის პოსტი იმდენად მნიშვნელოვანია, მზად ვარ ამისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეველიოო,” - თქვა პრეზიდენტმა. ამ გადაწყვეტილებაში პოლიტიკურმა ოპოზიციამ არველაძის გავლენის შესუსტების მიზანი დაინახა.

[გიორგი არველაძის ხმა] ”მე მესმის, რამდენად მნიშვნელოვან დავალებაზე მივდივარ, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკა და მე გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველომ გაუძლოს ნებისმიერ გამოწვევას. ”

ეს იყო გიორგი არველაძის განცხადება. კულუარული ცნობებით, მთავრობაში შემდგომი საკადრო ცვლილებები გამორიცხული არ არის.
XS
SM
MD
LG