Accessibility links

logo-print

შეუძლია თუ არა საქართველოს წინ აღუდგეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას


მას შემდეგ, რაც რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ,

ამოწურულად ჩაითვალა ყველა ის სადავო საკითხი, რომელიც ამ ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებში არსებობდა. ახლა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაერთიანებას ხელს უშლის მხოლოდ საქართველოსთან არსებული პრობლემები. ოფიციალური თბილისი მოსკოვისგან მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტების ლეგალიზებას მოითხოვს. მე შევეცადე გამერკვია, შეძლებს თუ არა საქართველო, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის მხარდაჭერის სანაცვლოდ, სავაჭრო ურთიერთობებში არსებული პრობლემების გადაწყვეტას.

19 ნოემბერს ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის განვითარების მინისტრმა გერმან გრეფმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება საქართველოსთან სადავო საკითხების გადაწყვეტა. ეს განცხადება გერმან გრეფმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთან ერთად ხელი მოაწერა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაერთიანების მხარდამჭერ ოქმს.

[მეთიუ ბრაიზას ხმა] ”ჩვენი აზრით, დადგა დრო, როკის გვირაბზე ერთობლივი მეთვალყურეობა დაწესდეს. დღესდღეობით როკის გვირაბი არ არის კანონიერი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რადგან საქართველოს ხელისუფლებას ამ პუნქტის გაკონტროლების არავითარი საშუალება არ მოეპოვება. გულახდილად რომ გითხრათ, ძალიან გვაღელვებს, თუ რა გადაადგილდება ამ გვირაბის გავლით. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება გვირაბში, მაგრამ ვიცით, რის ტრანსპორტირებას ეწევიან რეგიონში, ზოგადად: იარაღის, რადიოაქტიური მასალის. ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთში ხდება ამერიკული დოლარის გაყალბება. ამ ყველაფრის შეჩერება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებშია. ”

ეს განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, მეთიუ ბრაიზამ, 2006 წლის პირველ აგვისტოს გააკეთა რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ჰანოიში აშშ-ისა და რუსეთის შეთანხმების შემდეგ პრობლემა, რომელზეც მეთიუ ბრაიზა ბრძანებდა ”ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებშიაო”, კვლავ გადაუჭრელი რჩება. თუმცა საქართველოს სახელმწიფო მოხელეები ოპტიმიზმს არ კარგავენ. მოვუსმინოთ ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ვახტანგ ლეჟავას:

[ვახტანგ ლეჟავას ხმა] ”საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები - ეს ჩვენი პარტნიორებისთვისაც ცნობილია - და ეს ჩვენ გვაყენებს უნიკალურ პოზიციაში. საქართველო შეეცდება, რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს ამ უნიკალური სიტუაციიდან. სიტუაცია იყო სხვაგვარი, როდესაც რუსეთს, საქართველოს გარდა, ჰქონდა უფრო დიდი თუ უფრო მცირე პრობლემები.”(სტილი დაცულია)

ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი კი სიტუაციის უნიკალურობაზე საუბრობს:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] “სწორედაც რუსეთმა უნდა მოახდინოს ლეგალიზაცია როკის და ფსოუს გამშვები პუნქტებისა, რაც იმას გულისხმობს, რომ პუნქტების ერთობლივი კონტროლი უნდა უზრუნველყოს ქართველ მესაზღვრეებთან და მებაჟეებთან ერთად. ეს არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების შანსი. ასეთი შანსი საქართველოს თუ კიდევ მიეცემა, ძნელი წარმოსადგენია.”(სტილი დაცულია)

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ 2004 წელს ხელი მოეწერა ოქმს, რომლის მიხედვითაც საქართველო მხარს უჭერდა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიღებას, თუ ეს უკანასკნელი შეასრულებდა რამდენიმე პირობას. მათ შორის ყველაზე მთავარი როკის გვირაბთან და მდინარე ფსოუზე არსებული უკონტროლო სასაზღვრო გამშვები პუნქტების ლეგალიზებაა.

როგორც ცნობილია, რუსეთს არაფერი გაუკეთებია ამ პუნქტებზე ქართველი მესაზღვრეებისა თუ მებაჟეების დასაშვებად. უფრო მეტიც, მიმდინარე წლის ზაფხულში მოსკოვმა ჩაკეტა რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრის ერთადერთი ლეგალური სასაზღვრო გამშვები პუნქტიც - ლარსთან. ამის შემდეგ საქართველომ რუსეთის გაწევრიანებისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციიდან უკან გამოითხოვა.
XS
SM
MD
LG