Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვთა უფლებების დარღვევის საფრთხე საქართველოში


თუკი ყოფილი საბჭოთა ქვეყნები ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ინერციით, კვლავაც 1 ივნისს აღნიშნავენ, 1989 წლიდან მოყოლებული, მთელ მსოფლიოში ბავშვთა დღედ

20 ნოემბერი მიიჩნევა. 17 წლის წინათ, სწორედ 20 ნოემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ბავშვთა უფლებების კონვენცია მიიღო და ამით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბავშვებზე მზრუნველობის ახალი საპასუხისმგებლო ხანა დაიწყო. საერთაშორისო კონვენციის პრინციპებს ამჟამად მსოფლიოს 129 ქვეყანა აღიარებს. მათ შორის არის საქართველო, რომელმაც ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის რატიფიცირება 1994 წელს მოახდინა. რამდენად ასრულებს ქვეყანა დაკისრებულ ვალდებულებებს, როგორ აღიქმება მის მიერ კონვენციასთან შეუსაბამო ნაბიჯების გადადგმა და რა ემუქრება დაუცველ ბავშვებს?

ქვეყნები, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციას აღიარებენ, თანხმდებიან, რომ კაცობრიობის პროგრესი პრაქტიკულად წარმოუდგენელია ბავშვების დაცვის, მათ ჯანმრთელობაზე, განათლებასა და თანასწორობაზე საგანგებო ზრუნვის გარეშე. გაეროს ბავშვთა ფონდის - იუნისეფის - მონაცემებით, 1994 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველო ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციას შეუერთდა, ქვეყანაში მართლაც ბევრი რამ გაკეთდა - იქნება ეს ჯანდაცვის პროგრამების განხორციელება, ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების პროცესი თუ სხვა რამ. მაგრამ ფაქტია, რომ სერიოზული პრობლემები კვლავაც რჩება.

იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში ჯოვანა ბარბერისი ამბობს, რომ საქართველოში კონვენციის მოთხოვნათა შესასრულებლად ერთიანი სტრატეგია არ არსებობს და რომ, სამწუხაროდ, ქვეყანა კონვენციასთან შეუსაბამო ნაბიჯების გადადგმასაც აპირებს. საუბარია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც დამნაშავის მინიმალური ასაკი, 14-ის ნაცვლად, 12 წლით უნდა განისაზღვროს. ჯოვანა ბარბარისი ამბობს, რომ ამით ბავშვთა უფლებები აშკარად შეილახება:

(ჯოვანა ბარბერისის ხმა) ”ჩვენ საკმაოდ მკაცრი წერილით მივმართეთ პარლამენტს. შევეცადეთ განგვემარტა საფრთხე, რომელიც ამ საკონმდებლო ცვლილებამ შეიძლება შეუქმნას ბავშვთა უფლებებს საქართველოში. ამგვარი ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან (ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან), რომ ერთიანი ძალისხმევით შევაჩეროთ ეს პროცესი. პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ არასრულწლოვანთა დანაშაულის ადმინისტრაციის პროგრამაზე. რა თქმა უნდა, ეს საკითხი ერთ დღეში არ გადაწყდება, მაგრამ ბევრი რამ იცვლება.”

წერილი, რომელიც ჯოვანა ბარბერისმა ახსენა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემაც მიიღო. ელენე თევდორაძეს არ გაჰკვირვებია, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის მაკონტროლებელმა საერთაშორისო ორგანიზაციამ პროტესტი გამოთქვა. თევდორაძე თავადაც უკმაყოფილოა:

(ელენე თევდორაძის ხმა) ”ერთმნიშვნელოვნად მე ვეწინააღმდეგები, აი, ამ მუხლის მიღებას და ვეცდები, რომ დავარწმუნო ჩემი კოლეგები ჩემს პოზიციაზე. აუცილებელია, გავითვალისწინოთ ის, რასაც ჩვენ მივუერთდით.” (სტილი დაცულია)

საპროტესტო ტალღის ფონზე, საკანონმდებლო ცვლილების პროექტის განხილვა დროებით შეჩერებულია. ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ქეთი კობალაძე დარწმუნებულია, რომ ვიდრე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებას შეიტანდნენ და ბავშვებს კრიმინალებად გამოაცხადებდნენ, უფროსებმა პასუხი უნდა გასცენ ერთ უმნიშვნელოვანეს შეკითხვას:

(ქეთი კობალაძის ხმა) ”აი, რატომ, რატომ სჩადის 12 წლის და უფრო პატარაც, სამწუხაროდ, ბავშვი დანაშაულს. ვინ აიძულებს მას? ეს პირდაპირ არის მშობლის ბრალი. ესე იგი, ძალიან მცირე ასაკში რომ ასწავლიან მათხოვრობას, ანუ ”ფული მომიტანეს” ასწავლიან, მერე უკვე, ბუნებრივად მიდის კრიმინალზე ეს ბავშვი.” (სტილი დაცულია)

სარეაბილიტაციო ცენტრში აღრიცხვაზე იმყოფება მშობლების მზრუნველობას მოკლებული 175 ბავშვი. ქეთი კობალაძე ამბობს, რომ, თუკი ინიცირებული ცვლილებები დაკანონდა, მათი უმრავლესობა გისოსებს მიღმა მოხვდება:

(ქეთი კობალაძის ხმა) ”აქ ნამდვილად, ესე იგი, არ ვიცი როგორ ვთქვა... 90 პროცენტი არის ესეთი, რომლებიც, უბრალოდ, აი, მხოლოდ იმიტომ, რომ 14 წლის არ გამხდარან, არ იყვნენ კანონთან კონფლიქტში ოფიციალურად, ასე ვთქვათ. სამწუხაროდ, ყველაფერზე წამსვლელები არია, ესე იგი, დაწყებული, აქ, ფუნთუშის მოპარვიდან, ჩათვლით - ყაჩაღობა, სხეულის განზრახ დაზიანება...” (სტილი დაცულია)

თუკი სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრებ 13 წლის იანას მოვუსმენთ, ადვილად მივხვდებით, რომ ეგრეთ წოდებულ ”ქუჩის ბავშვებს”, 12-13 წლის მოზარდებს, ციხემდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებთ:

(13 წლის იანას ხმა) ”ნუ, გვშიოდა და ვტაცებდით ხოლმე ხალხს საჭმელებს... ხო, ჩანთებსაც, საჭმელებსაც... (იცინის).” (სტილი დაცულია)

დიახ, დანაშაულის ჩადენას ბავშვები, როგორც წესი, შიმშილით ამართლებენ. მაგრამ რაც არ უნდა იყოს მათი დანაშაულის მაპროვოცირებელი მიზეზი, ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი უფროსების ბრალია და რომ პასუხიც სწორედ მათ უნდა მოეკითხოთ. უფროსებმა არასოდეს არ უნდა დაივიწყონ, რომ ბავშვი დამნაშავე არ არის, ის - მსხვერპლია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG