Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ საღარაძის ვარსკვლავი თბილისში


23 ნოემბერი, ”ვარდების რევოლუციის” წლისთავი,

განსაკუთრებით მდიდარია კულტურული ღონისძიებებით. თუმცა ნოემბრის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენა გიორგობამდე ერთი კვირით ადრე გაიმართა - რუსთაველის თეატრის წინ გურამ საღარაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ”ვარსკვლავის” გახსნის ცერემონიალს წინ უძღოდა გურამ საღარაძის შემოქმედებითი საღამო, რომლის ორგანიზატორი საქველმოქმედო ფონდი ”იავნანა” იყო. დღეს მინდა იმ საღამოს რამდენიმე ფრაგმენტი შემოგთავაზოთ და გურამ საღარაძის შემოქმედებითი ბიოგრაფია შეგახსენოთ.


[გურამ საღარაძის ხმა. ”კავკასიური ცარცის წრე”]

გურამ საღარაძის შემოქმედებითი საღამო დაიწყო ცნობილი შეძახილით რობერტ სტურუას სპექტაკლიდან ”კავკასიური ცარცის წრე”... უფრო სწორად, დაიწყო საღამოს წამყვანის, გურამ საღარაძის ქალიშვილის, მარინა საღარაძის მოწოდებით, დავეხმაროთ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს (საქართველოს ინტერნატებში დღესდღეობით 6000-მდე ბავშვი ირიცხება)... - ასე ჩაიფიქრა პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდმა ”იავნანამ” ეს ღონისძიება. სანამ რუსთაველის თეატრთან გურამ საღარაძის ვარსკვლავი გაიხსნებოდა, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიის ლაურეატმა, საქართველოს სახალხო არტისტმა გურამ საღარაძემ ჯერ ”კავკასიურის” რამდენიმე სცენა ითამაშა, მერე კი რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე, გალაკტიონი, ლადო ასათიანი წაიკითხა... ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი საქველმოქმედო საღამო იყო - არტისტი ლექსებს კითხულობდა, ტელემაყურებელი კი ”ესემესებს” გზავნიდა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დასახმარებლად. მაგრამ საღარაძის საღამო მაინც გამოირჩეოდა აქამდე საქართველოში ჩატარებული სხვა საქველმოქმედო კონცერტებისგან... ასეთ ღონისძიებებზე მსახიობები, უბრალოდ, მღერიან, ცეკვავენ და ლექსებს კითხულობენ, მაგრამ საქველმოქმედო კონცერტების ინტონაცია, როგორც წესი, არ გამოხატავს კონცერტის მიზანს... თუკი, მაგალითად, საზოგადოება მზრუნველობას მოკლებული ბავშვების ბედითაა შეწუხებული, რამდენად გამოხატავს მის განწყობილებას მხიარული პოპ-მუსიკა ან ფონოგრამაზე შესრულებული სიმღერები? - გურამ საღარაძის ეს საღამო აუცილებლად დაგაფიქრებდათ ამაზე... დაგაფიქრებდათ, რადგან ყველაფერი, რაც მსახიობმა იმ საღამოს წაიკითხა, კათარზისის მსგავსი ეფექტის შექმნას ემსახურებოდა.

[გურამ საღარაძის ხმა]

ახალი თაობისთვის ეს ყველაფერი, მართლაც, ძალიან ახალი იყო. თუკი ”კავკასიური ცარცის წრე” ყველა თაობის მაყურებლისთვის საყვარელი სპექტაკლია, გურამ საღარაძეს სცენაზე სხვა სპექტაკლებში ახალგაზრდები იშვიათად ხედავენ. ”მეფე ლირი”, ”როცა ასეთი სიყვარულია”, ”როლი დამწყები მსახიობისათვის”, ”სეილემის პროცესი”... ეს სპექტაკლები დღეს აღარ იდგმება, თუმცა გურამ საღარაძე 1951 წლიდან დღემდე რუსთაველის თეატრის დასის წევრად ითვლება. სხვათა შორის, თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების დღიდან, როცა მიხეილ თუმანიშვილის მოწაფეებმა (მათ შორის, გურამ საღარაძემ) მეამბოხეთა ჯგუფი, ”შვიდკაცა”, შექმნეს, იგი რუსთაველის თეატრშია. ამ ჯგუფის ამბოხი არ იყო მიმართული მამებისა და პედაგოგების წინააღმდეგ - უბრალოდ, ”შვიდკაცა” უარს ამბობდა 30-იან, 40-იან წლებში ქართულ თეატრში დამკვიდრებულ სტილზე. როგორც ”შვიდკაცას” სული და გული, მიხეილ თუმანიშვილი, წერდა, ეს მსახიობები წარმოადგენდნენ ერთგვარ ხიდს, რომლითაც რომანტიკული კითხვის პათეტიკური თეატრი გადავიდა რეჟისორული მეტაფორების თეატრში. მაგრამ ”კითხვის თეატრში” მიხეილ თუმანიშვილი, როგორც ჩანს, ეგრეთ წოდებულ ”მხატვრულ კითხვას” არ გულისხმობდა. ფაქტია, რომ ”შვიდკაცას” მინიმუმ სამმა მსახიობმა - გოგი გეგეჭკორმა, ზინა კვერენჩხილაძემ, გურამ საღარაძემ - სცენაზე პოეზიის, პროზის, პუბლიცისტიკის კითხვა ჯერ კიდევ 60-იან წლებში დაიწყეს.

[ხმა. გურამ საღარაძე]

მაგრამ გურამ საღარაძის საღამო მნიშვნელოვანი იყო არა მარტო როგორც საქველმოქმედო, არამედ როგორც კულტურული მოვლენა. მხატვრული კითხვა დღეს თეატრალური ხელოვნების პოპულარული ჟანრი გახდა, მაგრამ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეს ჟანრი ცრუპათეტიკას, სიყალბეს, გაზვიადებულად ამაღლებულ სტილს ამკვიდრებს ქართულ ხელოვნებაში. საღარაძე კი სცენაზე თითქმის ჩურჩულებდა (საღამოს დაწყებამდე, გაზეთ ”ახალი ვერსიის” კორესპონდენტთან საუბარში, საღარაძემ თავად აღნიშნა, ჩემთვის აღმაშფოთებელია ლექსს ხმამაღლა და გამოთქმით როცა კითხულობენო). ამის საშუალებას მას ჩინებული ფრაზირება, შესანიშნავი არტიკულაცია, თავისი ხავერდოვანი ხმა აძლევდა - ლექსების კითხვის დროს ინტონაციას მკაცრად იცავდა, პუბლიცისტიკა კი მსახიობმა წარმოადგინა, როგორც მაყურებელთან უშუალო მოსაუბრემ - ისე, თითქოს თავად იყო ავტორი ტექსტისა, რომელსაც კითხულობდა. მოკლედ, - ისევე როგორც საუკეთესო სპექტაკლებში, ”შვიდკაცას” მონაწილეობით, - ბუნებრიობის ეფექტი უკანასკნელ წუთამდე იყო შენარჩუნებული.... ასეთი ეფექტი ყოველთვის ქმნის პუბლიკასთან დიალოგის განცდას - როცა ჩურჩული, მსახიობის დაბალი ხმა პუბლიკას თავდაპირველად კარგად არ ესმის, დარბაზი, უბრალოდ, იძულებულია გაისუსოს და ყურადღებით იყოს - იყოს ყურადღებიანი და მგრძნობიარე.ე.ი. იფიქროს იმაზე, რასაც მსახიობი სცენიდან ეუბნება და არა, უბრალოდ, დატკბეს მისი არტისტიზმით.

დიახ, ასეთ თეატრში ეფექტი უკანასკნელ წუთებში გამოჩნდება ხოლმე. აქაც, გურამ საღარაძის შემოქმედებით საღამოზე, უკანასკნელ წუთებში აღმოჩნდა, რომ მაყურებელმა თითქმის ათი ათასი ლარი გაიღო მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის...ასე რომ, გურამ საღარაძის ”ვარსკვლავი”, რომელიც რუსთაველის თეატრის წინ რამაზ ჩხიკვაძისა და მედეა ჩახავას ვარსკვლავებს დაემატა, იმ მსახიობის დიდებას გამოხატავს, რომელიც ყველაფერს, მართლაც, ”ლაზათიანად აკეთებს”.

[გურამ საღარაძის ხმა]
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG